ახალი კვლევის თანახმად, მსოფლიოში მეანი ექიმების (ბებიაქალების) კატასტროფული დეფიციტია. თითქმის 1 მილიონი სპეციალისტის ნაკლებობა გლობარულად, ორსულთა ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის და დედებისა და ჩვილების სიკვდილიანობის რისკს ზრდის.
კვლევა, რომელიც ჟურნალ Women and Birth-ში გამოქვეყნდა, ხაზს უსვამს, რომ საჭირო კადრების არარსებობა სამედიცინო მომსახურების ხარისხზე პირდაპირ აისახება.
გლობალური კვლევის თანახმად, 181 ქვეყანაში უსაფრთხო და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად დამატებით 980,000 მეანია საჭირო. სპეციალისტთა ამ მასშტაბის ნაკლებობა კრიტიკულ პრობლემას წარმოადგენს, რადგან მეანების მიერ გაწეულმა სრულფასოვანმა სამედიცინო მეთვალყურეობამ შესაძლოა დედათა და ახალშობილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ორი მესამედით შეამციროს.
ექსპერტების პროგნოზით, ამ მიმართულებით გაწეული ძალისხმევა 2035 წლისთვის ყოველწლიურად 4.3 მილიონი სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას იძლევა. საჭირო კადრების დანაკლისის 90%-ზე მეტი დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე მოდის.
მაგალითად, აფრიკაში ათიდან ცხრა ქალს არ მიუწვდება ხელი სათანადო სამედიცინო მომსახურეობაზე, რადგან კონტინენტს საჭირო ადამიანური რესურსების ნახევარიც კი არ აქვს. მსგავსი პრობლემაა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთსა და ამერიკაშიც, სადაც მოთხოვნის მხოლოდ მცირე ნაწილია დაკმაყოფილებული.
მეანთა საერთაშორისო კონფედერაცია (ICM) მიუთითებს, რომ პრობლემა მხოლოდ განათლების ნაკლებობაში არ არის. მრავალ ქვეყანაში კვალიფიციური კადრების ჯანდაცვის სისტემაში სრულფასოვანი ინტეგრაცია და მათი შენარჩუნება ვერ ხერხდება.
ორგანიზაცია მთავრობებს მოუწოდებს, სასწრაფო ზომები მიიღონ მეანობის, როგორც პროფესიის, გაძლიერებისა და დაფინანსების გაზრდის მიმართულებით, უფრო მდგრადი და უსაფრთხო ჯანდაცვის სისტემების შესაქმნელად.
წყარო: The Guardian

