თანამედროვე სამყაროში ჭარბწონიანობის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი მაღალკალორიული და გემრიელი საკვების ადვილად ხელმისაწვდომობაა. ხშირად ადამიანები საკვებს არა შიმშილის გრძნობის, არამედ სიამოვნების მიღების მიზნით მიირთმევენ. ამ პროცესს ჰედონისტური კვება ეწოდება და სწორედ ის წარმოადგენს სიმსუქნის განვითარების უმთავრეს ფაქტორს.
ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევა, რომელიც ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მკვლევარებმა ჩაატარეს, ამ პრობლემის გადაჭრის ახალ გზას გვთავაზობს.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ტვინის ერთ-ერთი ნაწილი, ლატერალური სეპტუმი (LS), კვების რეგულაციის ქსელში “მუხრუჭის” ფუნქციას ასრულებს. მისი გააქტიურება თრგუნავს სიამოვნებისთვის ჭამის სურვილს, რაც სიმსუქნის პრევენციისა და მკურნალობისთვის ახალ პოტენციურ სამიზნეს წარმოადგენს.
თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ მაღალცხიმიანი საკვების ხანგრძლივი მიღება იწვევს სიმსუქნეს და, ამავდროულად, მნიშვნელოვნად აქვეითებს ლატერალურ სეპტუმში არსებული ნეირონების ფუნქციას. მეცნიერებმა შენიშნეს ორი მნიშვნელოვანი გენის აქტივობის შემცირება:
- Hcn1, რომელიც ნეირონების აგზნებადობას არეგულირებს.
- Gad2, რომელიც პასუხისმგებელია ნეიროტრანსმიტერ GABA-ს სინთეზზე
როდესაც ცხიმიანი საკვების გავლენით ეს გენები “სუსტდება”, ტვინის სამუხრუჭე სისტემა მწყობრიდან გამოდის და ორგანიზმი კარგავს უნარს, შეაჩეროს ჭარბი კვება.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა შეძლეს ამ გენების ფუნქციის აღდგენა. შედეგები შთამბეჭდავი აღმოჩნდა:
- Hcn1 გენის აღდგენამ ეფექტურად ჩაახშო ზედმეტი ჭამისკენ მიდრეკილება თაგვებში.
- Gad2 გენის სტიმულირებამ გააძლიერა დამაბრკოლებელი სიგნალები ტვინში, რამაც თავიდან ააცილა ცხოველებს გადამეტებული კვება და სიმსუქნე.
ეს აღმოჩენა მეცნიერებს საშუალებას აძლევს, სამომავლოდ შეიმუშაონ უფრო ზუსტი სამედიცინო მეთოდები, რომლებიც დაეხმარება ადამიანებს კვებითი დამოკიდებულებისა და სიმსუქნის დაძლევაში.
წყარო: Nature

