ელექტროსკუტერით მოსარგებლეებში თავის ტრავმები უფრო ხშირია, ვიდრე მოტოციკლისტებსა და ველოსიპედისტებში: ახალი კვლევა

გააზიარე

ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ელექტროსკუტერით მოსარგებლეები თავისა და შინაგანი ორგანოების დაზიანების ბევრად უფრო მაღალი რისკის წინაშე დგანან, ვიდრე მოტოციკლისტები და ველოსიპედისტები. უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, სპეციალისტები ჩაფხუტის ტარების სავალდებულო წესის შემოღებას, სიჩქარის უფრო მკაცრ შეზღუდვებსა და სკუტერის დიზაინის გაუმჯობესებას ითხოვენ.

მართალია, ელექტროსკუტერები მთელ მსოფლიოში ურბანული ტრანსპორტის პოპულარულ ნაწილად იქცა, თუმცა დაზიანებებისა და რისკების შესახებ სანდო მონაცემები აქამდე შეზღუდული იყო. მკვლევრებმა National Major Trauma Registry-ის ბაზიდან 15 000-ზე მეტი პაციენტის მონაცემი შეისწავლეს, რომლებიც ინგლისისა და უელსის 18 ქალაქში 2020-2022 წლებში დაფიქსირდა. მათ შორის იყო ელექტროსკუტერით მოსარგებლე 580 პირი, 7 000-ზე მეტი მოტოციკლისტი და 7 600-მდე ველოსიპედისტი.

ანალიზმა აჩვენა, რომ ელექტროსკუტერით მოსარგებლე ზრდასრულებს, მოტოციკლისტებთან შედარებით, თავის ტრავმული დაზიანების 3.5-ჯერ, შინაგანი ორგანოების დაზიანების 1.5-ჯერ და არტერიების ან ვენების დაზიანების 3.2-ჯერ უფრო მაღალი რისკი აქვთ. ველოსიპედისტებთან შედარებით კი ეს მაჩვენებლები შესაბამისად 1.7-ჯერ, 1.4-ჯერ და 1.7-ჯერ მეტია. ამის საპირისპიროდ, სკუტერით მოსარგებლეებში მოტეხილობების რისკი 20%-ით ნაკლებია მოტოციკლისტებთან და 10%-ით ნაკლები ველოსიპედისტებთან შედარებით.

ტრავმების სიმძიმე დიდწილად დამცავი აღჭურვილობის გამოყენებას უკავშირდება. დადგინდა, რომ ელექტროსკუტერით მოსარგებლეების მხოლოდ 5.9% იყენებდა ჩაფხუტს, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი მოტოციკლისტებში 75.7%-ს, ხოლო ველოსიპედისტებში 45%-ს შეადგენს. ამასთან, კვლევამ აჩვენა, რომ სკუტერით მოსარგებლე ქალებს მძიმე დაზიანებების მიღების 2.1-ჯერ უფრო მაღალი რისკი აქვთ, ვიდრე მამაკაცებს. სპეციალისტები ამას ნაწილობრივ იმით ხსნიან, რომ სკუტერების უმეტესობა მამაკაცის სხეულის პროპორციებზეა მორგებული, რის გამოც დიზაინი ქალებისთვის ნაკლებად მოსახერხებელი და უსაფრთხოა.

წყარო: Scientific Reports 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები