ევროკავშირის ახალი რეგულაციებით, წევრ ქვეყნებს პირველად დაეკისრათ ვალდებულება, სასმელ წყალში „სამუდამო ქიმიკატების“ (PFAS) დონე მკაცრად გააკონტროლონ. „სასმელი წყლის დირექტივა“, რომელიც ქვეყნებს 2023 წლამდე უნდა დაენერგათ, გასულ კვირას ოფიციალურად შევიდა ძალაში.
რა არის PFAS და რატომ არის ის საშიში?
PFAS (Per – and Polyfluoroalkyl Substances) 10,000-ზე მეტ სინთეზურ ნაერთს აერთიანებს, რომლებიც ფართოდ გამოიყენება კოსმეტიკაში, საკვების შეფუთვაში, სამედიცინო მოწყობილობებსა და 22 სხვადასხვა ინდუსტრიაში. ეს ნივთიერებები პრაქტიკულად არ იშლება და გარემოსთან ერთად (ჰაერი, წყალი, ნიადაგი) ცოცხალ ორგანიზმებსა და ადამიანის სხეულში გროვდება.
საერთაშორისო პროექტმა (The Forever Pollution Project) ევროპის მასშტაბით 23,000-ზე მეტი დაბინძურებული ლოკაცია აღრიცხა, რომელთაგან 2,300 ე.წ. მაღალი რისკის „ცხელ წერტილად“ არის კლასიფიცირებული. ამ ზონებში ტოქსიკური ნივთიერებების კონცენტრაცია მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის კრიტიკულ ზღვარს აჭარბებს.


OpenStreetMap
მრავალრიცხოვანი კვლევა PFAS-ის ექსპოზიციასა და შემდეგ პათოლოგიებს შორის კავშირზე მიუთითებს:
თირკმლისა და სათესლე ჯირკვლის კიბო;
ქოლესტერინის მაღალი დონე და იმუნური სისტემის დაზიანება;
რეპროდუქციული პრობლემები და ნაყოფის მცირე წონა;
გესტაციური დიაბეტი და ღვიძლის პრობლემები ორსულობისას.
დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორი, ფიონუალა მაკოლიფი განმარტავს, რომ აღნიშნულმა ნაერთებმა შესაძლოა ნაყოფის პლაცენტური ტრანსპორტის (კვების) პროცესი დაარღვიონ.
მომავალში მკაცრი მონიტორინგი და დაბინძურების წყაროების კონტროლი საგრძნობლად შეამცირებს ტოქსიკურ ზემოქმედებას ორსულებსა და ბავშვებზე. ეს კი ქრონიკული დაავადებების პრევენციასთან ერთად, ხელს შეუწყობს სამედიცინო სექტორში უფრო უსაფრთხო, ალტერნატიული პროდუქტების დანერგვასაც.
რეგულაციები
ახალი რეგულაციით, PFAS-ის 20 ძირითადი ნაერთის ჯამური კონცენტრაცია 100 ნგ/ლ-ით, ხოლო სრული PFAS-ის შემცველობა 500 ნგ/ლ-ით შეიზღუდა. ნორმის დარღვევის შემთხვევაში, წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან, დაუყოვნებლივ მიიღონ შესაბამისი ზომები: ჭაბურღილების კონსერვაცია, სპეციალიზებული ფილტრაციის სისტემების დამონტაჟება ან, საჭიროებისამებრ, წყლის მოხმარების აკრძალვასთან ერთად საზოგადოების დროული ინფორმირება.
მიუხედავად იმისა, რომ იტალია, დანია და შვედეთი დადგენილზე ბევრად ფართო სპექტრის მონიტორინგს ახორციელებენ, ექსპერტთა ნაწილი ახალ რეგულაციებს მაინც არასაკმარისად მიიჩნევს. კრიტიკოსთა მტკიცებით, სასმელი წყლისთვის დაწესებული ლიმიტები 100-ჯერ აღემატება ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანოს (EFSA) მიერ 2020 წელს რეკომენდებულ ნორმებს.
ტოქსიკოლოგი ჰილმა სამუელსონი აღნიშნავს, რომ ეს სტანდარტები უფრო მეტად პრაქტიკულ და ეკონომიკურ შესაძლებლობებს ეფუძნება, ვიდრე მკაცრ მეცნიერულ მტკიცებულებებს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ წყლის სრული დეკონტამინაცია (“გასუფთავება”) კოლოსალურ ენერგეტიკულ და ფინანსურ რესურსებს მოითხოვს.
მიუხედავად იმისა, რომ წყლის ხარისხის კონტროლი გადამწყვეტია, გარემოსდაცვითი ორგანიზაციები ქიმიკატების გამოყენების აკრძალვას უშუალოდ წარმოების პროცესში ითხოვენ. გერმანია, ნიდერლანდები, დანია, ნორვეგია და შვედეთი 2030 წლისთვის 10,000-მდე სახეობის PFAS-ის შეზღუდვის ინიციატივით გამოდიან. ეს ევროპის ქიმიური სააგენტოს (ECHA) ისტორიაში ყველაზე მასშტაბური რეგულაციური პროექტია.
წყარო: European Commission

