ემუქრება თუ არა კაცობრიობას რეპროდუქციული კრიზისი? რას ამბობენ მეცნიერები ტესტოსტერონისა და სპერმის ხარისხის კლებაზე

გააზიარე

ამ კვირაში მეცნიერთა ჯგუფმა გამოაქვეყნა საყურადღებო მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, ბოლო 50 წლის განმავლობაში მამაკაცებში ტესტოსტერონის საშუალო დონე თითქმის განახევრდა. პროფესორ ჰაგაი ლევინის ხელმძღვანელობით ჩატარებულმა კვლევამ კვლავ გაააქტიურა საუბარი გლობალურ რეპროდუქციულ კრიზისზე, რასაც ხშირად გარემოს დაბინძურებას, მიკროპლასტიკებსა და თანამედროვე ცხოვრების სტილს უკავშირებენ. ზოგიერთი მკვლევარი უფრო რადიკალურ პროგნოზსაც კი აკეთებს და მიიჩნევს, რომ არსებული ტენდენციით, სპერმის კონცენტრაციის მაჩვენებელი 2045 წლისთვის შესაძლოა ნულს გაუტოლდეს.

თუმცა, სამეცნიერო წრეებში ამ თეორიას ყველა როდი იზიარებს. ანდროლოგიის პროფესორი ალან პეისი (მანჩესტერის უნივერსიტეტი) და სხვა წამყვანი სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ გლობალური განგაშის საფუძველი არ არსებობს. მათი კვლევებით, სპერმის რაოდენობის დრამატული კლება არ დასტურდება, თუმცა აღიარებენ, რომ თვალშისაცემია მისი ხარისხის გაუარესება. გარდა ამისა, ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ცხოველებზე ჩატარებული ლაბორატორიული ტესტები, რომლებიც გარემო ტოქსინების (მაგალითად, პლასტიფიკატორების) მავნე გავლენას სამეცნიერო პოპულარულ დონეზე ადასტურებდა, ადამიანის ქსოვილებზე ყოველთვის ანალოგიურად არ მუშაობს.

ექსპერტები თანხმდებიან იმაზე, რომ მამაკაცის რეპროდუქციული სისტემა მისი საერთო ჯანმრთელობის სარკეა. შესაბამისად, ტესტოსტერონის კლების მთავარ მიზეზად ისინი არა ქიმიურ დაბინძურებას, არამედ გლობალურად ჭარბი წონისა და დიაბეტის შემთხვევების მკვეთრ ზრდას მიიჩნევენ. ორგანიზმში ჭარბი ცხიმი აფერხებს ჰორმონალურ სიგნალებს და ტესტოსტერონს ესტროგენად (ქალის ჰორმონად) გარდაქმნის, რაც პირდაპირ აისახება რეპროდუქციულ უნარზე.

ამ ფონზე, სპეციალისტები განსაკუთრებით აფრთხილებენ მამაკაცებს თვითნებური ჰორმონოთერაპიისგან. სოციალურ ქსელებში პოპულარული ტენდენციის საპირისპიროდ, ტესტოსტერონის გელებისა და ინექციების მიღებამ, შესაძლოა, უკუეფექტი გამოიწვიოს — ორგანიზმმა საკუთარი ჰორმონის გამომუშავება შეწყვიტოს, რაც სპერმის წარმოქმნას საბოლოოდ დაბლოკავს. მეცნიერების თქმით, პანიკის ნაცვლად, აქცენტი ჯანსაღი ცხოვრების წესზე, სწორ დიაგნოსტიკასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე (მაგალითად, ხელოვნურ ინტელექტსა და მიკროფლუიდიკაზე) უნდა გაკეთდეს, რაც უახლოეს წლებში უშვილობის მკურნალობის სრულიად ახალ შესაძლებლობებს შექმნის.

წყარო: The Guardian

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები