ენაბორძიკი არ არის მხოლოდ მეტყველების ტექნიკური სირთულე, ეს არის უხილავი ტვირთი, რომელსაც ადამიანი მუდმივად თან ატარებს. ის ცვლის თვითშეფასებას, ურთიერთობებს, პროფესიულ შესაძლებლობებს და ხშირად, თვითიდენტობაზეც კი აისახება. საზოგადოება კი, რომელიც გამართულ მეტყველებასთან აზროვნების სისწრაფესა და გონიერებას აიგივებს, ხშირად ვერ ამჩნევს, რა ძალისხმევა და შინაგანი ბრძოლა დგას, თითოეული გამოთქმული სიტყვის უკან.
დღეს, როცა ენაბორძიკობის მსოფლიო დღეა, გვმართებს ვიფიქროთ არა მხოლოდ იმაზე, როგორ ისმის საუბარი, არამედ როგორ ვუსმენთ.
ერთ დროს “ლოგონევროზად” წოდებული მდგომარეობა დღეს აღიარებულია მულტიფაქტორულ ნეიროგანვითარებით დარღვევად, რომელიც მოითხოვს ინტეგრირებულ მიდგომას, ემპათიასა და თანამედროვე თერაპიულ ჩარევას.
სწორედ ამ თემაზე გვესაუბრება თეკლა ღონღაძე, ენისა და მეტყველების თერაპევტი, „მეტყველების განვითარების და კორექციის ცენტრი – ლოგომედის“ სპეციალისტი, რომელიც უშუალოდ მუშაობს ადამიანებთან, ვისაც ამ უხილავ, მაგრამ ძალიან რეალურ სირთულესთან ყოველდღიური გამკლავება უწევს.
თქვენი გამოცდილებით, როგორ შეიცვალა დამოკიდებულება ე.წ. ლოგონევროზის ანუ ენის წაბორძიკების მიმართ საქართველოში წლების განმავლობაში? როგორ განვითარდა ხედვა საბჭოთა ეპოქის ტერმინოლოგიიდან თანამედროვე, საერთაშორისო კლასიფიკაციებით აღიარებულ მეტყველების დარღვევის განსაზღვრებამდე?
დღეს მსოფლიოს მასშტაბით, საზოგადოების ინფორმირებულობა ენაბორძიკის შესახებ მკცეთრად გაიზარდა, თუმცა, ამ პროცესის ხარისხი და ინტენსივობა ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია. განვითარებულ ქვეყნებში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, საგანმანათლებლო პროგრამა და მხარდამჭერი პლატფორმა მოქმედებს, რომლებიც ხელს უწყობენ სოციალური ჩართულობის გაზრდას, თერაპიული სერვისის გაფართოებას და ადაპტირებულ სამუშაო გარემოს შექმნას.
შედარებით განსხვავებული სურათი გვხვდება დაბალ და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, სადაც თერაპიული რესურსები, პროფესიონალები და საზოგადოების ცოდნა რამდენადმე შეზღუდულია. მართალია, ბოლო წლებში წარმატებით ვითარდება ტელეთერაპია და ონლაინ პლატფორმები, რომლებიც ზრდიან ხელმისაწვდომობას, მაგრამ საკმარისი მაინც არ არის.
ენაბორძიკი – უხილავი ტვირთია, ის თავისი არსით ცდება სამეტყველო პრობლემას, არსებითად ცვლის ადამიანის სოციალურ იდენტობას, კულტურულ მოლოდინებს, საგანმანათლებლო შესაძლებლობებსა და პროფესიულ ცხოვრებაში მონაწილეობას, სწორედ ამიტომ კულტურულად მგრძნობიარე საზოგადოება ვალდებულია ამ ტვირთის ზიდვაში ყველას დაეხმაროს, რაც წარმოუდგენელია პროცესში მთელი საზოგადოების, სასულიერო პირების, ექიმების და მასწავლებლების აქტიური მონაწილეობის გარეშე.
საქართველოში, სხვა ბევრი ქვეყნის მსგავსად, სამწუხაროდ, კვლავ მწვავე პრობლემას წარმოადგენს მებორძიკე პირისთვის საზოგადოებრივი სტიგმა. ჩვენს კულტურაში უწყვეტი და გამართული მეტყველება ასოცირდება სიბრძნესთან, თავდაჯერებულობასთან და სოციალურ მიმზიდველობასთან. შესაბამისად, როდესაც ადამიანის საუბარში სამეტყველო ხარვეზი ჩნდება – იქნება ეს ბგერის, მარცვლის, სიტყვის თუ ფრაზის გამეორება, წამღერება, პაუზა, დუმილის ბლოკი – ამას ხშირად მოუმზადებლობად, არაკომპეტენტურობად, ფსიქიკურ გაუწონასწორებულობად აფასებენ, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე კვლევები ამას უარყოფს.
ბავშვები განსაკუთრებით მოწყვლადნი არიან. ბორძიკით მოსაუბრეებს დასცინიან, გარიყავენ ხოლმე თანატოლები. მაგალითად, ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, მებორძიკე ბავშვების 80%-ზე მეტი ბულინგის მსხვერპლია. ამგვარი უარყოფითი სოციალური გამოხმაურება კი ხშირად იწვევს თვითშეფასების დაქვეითებას, სოციალურ შფოთვას, საზოგადოებრივ აქტივობისგან თავის არიდებას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას. ზრდასრულობაში, ეს სიმპტომები ხშირად გადადის ე.წ. „წინასწარ შფოთვაში“ — საუბრის სიტუაციის მოლოდინი აღძრავს შიშს, რის გამოც ადამიანები თავს არიდებენ კომუნიკაციას. ხშირად იცვლიან სიტყვებს ან საერთოდ უარს ამბობენ საჯარო გამოსვლებზე, რაც იწვევს პროფესიული შესაძლებლობების, პირადი ურთიერთობების და სოციალური ჩართულობის შემცირებას.
როცა მეტყველების დარღვევას თან დაერთვება თანმდევი ქცევები – სახის გრიმასები, მიმიკის შეცვლა, სხეულის უნებლიე ჰიპერკინეზიები, დამხმარე მანევრები, თვალის ხამხამი – საზოგადოება ამას ნერვიულობის ან არაგულწრფელობის ნიშნად აღიქვამს, რის გამოც ადამიანები თავს მიუღებლად, გაუგებრად და გარიყულად გრძნობენ.
რაც შეეხება ტერმინოლოგიას, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ენაბორძიკი ლოგონევროზის სინონიმად აღიქმებოდა, რადგან მას განიხილავდნენ როგორც მეტყველების ნევროზად – ლოგონევროზად, ნევროზის ერთ-ერთ ფორმად განიხილება იგი აკაკი გამყრელიძის ავტორობით გამოცემულ ფსიქიატრიულ ენციკლოპედიაშიც, სადაც ენაბორძიკი განხილულია როგორც ნევროზულ ენაბორძიკობად.
დღეს ლოგონევროზი აღარ გამოიყენება ენაბორძიკის სინონიმად, რამდენადაც იგი წარმოადგენს მულტიფაქტორულ დარღვევას, რომელიც ვითარდება გენეტიკური/ეპიგენეტიკური, ნეიროგანვითარებითი, სამეტყველო მოტორული/სენსომოტორული, ლინგვისტური/კოგნიტური და ემოციურ/სოციალური ფაქტორების ურთიერთქმედებით.
ენაბორძიკი თანამედროვე გაგებით კომპლექსურ ნეირო-განვითარებითი დარღვევაა, რომლის დროსაც მოტორული დაგეგმვისა და განხორციელების დეფიციტის გამო ირღვევა მეტყველების თავისუფალი დენადობა, ტემპი და რიტმი.
რა არის ენაბორძიკის მკურნალობის ძირითადად გამოყენებული თერაპიული მიდგომები თქვენს პრაქტიკაში? ყველა ენა განსხვავებულია, საჭიროა ინდივიდუალური მიდგომა ქართულად მოსაუბრე პაციენტებთან და ადაპტაცია მეტყველების კულტურულ ნორმებთან?
დღეს ენაბორძიკის მკურნალობის ოქროს სტანდარტად მიჩნეულია კომპლექსური თერაპია, რომელიც მიზნად ისახავს ყველა სამეტყველო მოტორული აქტის: სუნთქვა, ხმის წარმოქმნა, ფონაცია, რეზონაცია, არტიკულაცია, მეტყველების ტემპისა და რიტმის მოწესრიგებას.
ყოველივე მიიღწევა სუნთქვითი ვარჯიშით, დიქციური სავარჯიშოებით, ავტოტრენინგით, სამეტყველო მუსკულატურის ტონუსის კორექციით, ფიზიოთერაპიული პროცედურებით, მეტყველების ტემპისა და რიტმის რეგულაციით, კომპიუტერული კორექციით და სპეციალური აპლიკაციებით, რომლებიც შექმნილია სმარტფონებისთვის, ეს უკანასკნელი მათ შესაძლებლობას აძლევს თერაპიული ტექნიკები განახორციელონ მუდმივი ადგილსამყოფელის ცვლილების მიუხედავად.
ინდივიდუალური მიდგომა ბუნებრივია საჭიროა, რათა გათვალისწინებული იყოს ენის კულტურული ნორმები, კერძოდ ორთოეპია და პროსოდიული შტრიხები. ზოგადად ენაბორძიკი ისეთი პრობლემაა, რომლის კორექციისას, ენობრივი დიფერენციაცია, სპეციფიური არტიკულაციური დარღვევებისგან განსხვავებით, შედარებით ნაკლები დოზითაა გასათვალისწინებელი.
რა გავლენას ახდენს ადრეული ჩარევა მეტყველების თერაპიის პროგრესზე? რა ასაკიდან არის სასურველი თერაპიის დაწყება და რა განსხვავებებს ამჩნევთ იმ პაციენტებს შორის, რომლებიც მკურნალობას ადრეულ ასაკში იწყებენ, და მათ შორის, ვინც მოგვიანებით მიმართავენ სპეციალისტს?
ენაბორძიკის მკურნალობისთვის ხელსაყრელ და ნაკლებხელსაყრელ პერიოდებს გამოვყოფდი, მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია 4-4,5 წლიდან, ეს ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია, რამდენადაც მცირეა, ან საერთოდ ნულოვანია სამეტყველო ხარვეზზე ბავშვის ფიქსაცია, პრაქტიკულად არ ვლინდება მეტყველების შიში, ლოგოფობია, რაც გაცილებით ამარტივებს თერაპიულ პროცესს, მეტყველების ოპტიმალური ტემპისა და რიტმის სტაბილიზაციას.
ნაკლებხელსაყრელი პერიოდია პუბერტი – გარდატეხის ასაკი, როდესაც ორგანიზმში მიმდინარე სერიოზული ენდოკრინული ძვრების გამო, ნერვული სისტემა სრულად ვერ აკონტროლებს პროცესებს და სამეტყველო ხარვეზის აღმოფხვრა გაზრდილი ემოციურობისა და სენსიტიურობის გამო ძალიან რთულდება, ამასთან ამ პერიოდში გაცილებით მაღალია მოზარდის ფიქსაცია სამეტყველო დეფიციტზე, უმაღლესი ხარისხით ვლინდება ლოგოფობია, რაც ასევე ართულებს სასურველ შედეგის მიღწევას.
საკმაოდ ხელსაყრელი პერიოდია 20 წლის შემდგომი ასაკი, როდესაც, ასე თუ ისე, ზომიერი სიმშვიდით მიმდინარეობს დეფიციტთან თანაცხოვრება, გააზრებულია ყველაფერი და არსებობს მზაობა არ დაზოგოს თავი, ამ ასაკში თერაპია გაცილებით ეფექტიანია და ბევრად სტაბილური შედეგიც მიიღწევა.
მეტყველების წაბორძიკებას ხშირად თან ახლავს ემოციური და სოციალური სირთულეები — შფოთვა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების თავიდან არიდება, ან დაბალი თვითშეფასება. როგორ უერთებთ ამ ფსიქოლოგიური ასპექტების მართვას მეტყველების უნარის ტექნიკურ ვარჯიშებთან თქვენს თერაპიულ პროცესში?
მოზარდებსა და მოზრდილებში, სამეტყველო ხარვეზზე მაღალი ფიქსაციის გამო, ხშირად დამატებით ფსიქო და დამხმარე მედიკამენტური თერაპიის საჭიროება იკვეთება. თუმცა, საკმარისია ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების, რომ შეუძლიათ ბლოკებისგან თავის არიდება, უკვე ახერხებენ თვითკონტროლსა და თავისუფალ მეტყველებას – ყველანაირი შფოთვა ჯერ იკლებს, შემდეგ კი ქრება.
თქვენი მოსაზრებით, როგორ მოქმედებს ჟარგონული ტერმინები როგორებიცაა: “ენაბლუ”, “ბლუყუნი” და სხვა პაციენტებისა და მათი ოჯახების დამოკიდებულებაზე ამ მდგომარეობის მიმართ? ახდენს თუ არა ეს გავლენას მათ მზადყოფნაზე მიმართონ სპეციალისტს ან იმ მოლოდინებზე, რომლებიც აქვთ თერაპიის მიმართ?
განვმეორდები და ვიტყვი, რომ ენაბორძიკი – უხილავი ტვირთია, ამიტომ ნებისმიერი ამგვარი შეფასება, არა მხოლოდ ამძიმებს, არამედ მის ტარებას შეუძლებელს ხდის, ისინი იძულებულნი ხდებიან დამალონ მეტყველება და თავადაც დაიმალნონ. ენაბორძიკი მცდელობაა დამალო რომ ენა გებმის, შესაბამისად, რაც უფრო მალავ, მით მეტად გებმის და ადამიანი მოჯადოებულ წრეში იწყებს ტრიალს, რაც მის ყოფას აუტანელს ხდის.
ერთ შემთხვევაში ისინი მიმართავენ სპეციალისტებს, სხვა შემთხვევაში კი სპეციალისტთან მისვლისაც რცხვენიათ, ჩნდება უსაშველობის და უიმედობის განცდა, ყველაფრისადმი უნდობლობა, ენაბორძიკთან ბრძოლაში კი ადამიანის განწყობა პრაქტიკულად გადამწყვეტია.
გარეგნულად მეტყველების ტექნიკურ შეფერხებად ჩანს, რეალურ ცხოვრებაში კი მძიმე სოციალურ-ემოციური პრობლემაა: იზოლაცია, შფოთვა, სტიგმა და თვითშეზღუდვა.
ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა არა მხოლოდ თერაპია, არამედ ინტეგრირებული მიდგომა, კულტურულად ადაპტირებული განათლება, ადვოკატირება, ტექნოლოგიური მხარდაჭერის გაფართოება და ფართო საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.
თეკლა ღონღაძე
„მეტყველების განვითარების და კორექციის ცენტრი – ლოგომედის“ ენისა და მეტყველების თერაპევტი

