ენდომეტრიოზი და ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები რეპროდუქციული ჯანმრთელობის კონტექსტში ხშირად ერთად განიხილება – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე უნაყოფობას, ორსულობის თვითნებურ შეწყვეტას ან დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებს ეხება. თუმცა, არსებული მტკიცებულებები არ ადასტურებს, რომ ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია ენდომეტრიოზს იწვევს, ან პირიქით, თავად ენდომეტრიოზია ფარისებრი ჯირკვლის დაავადების გამომწვევი მიზეზი.
ბოლოდროინდელი ნარატიული მიმოხილვის თანახმად, ეს ურთიერთკავშირი უმჯობესია განვიხილოთ როგორც ფენოტიპზე დამოკიდებული რეპროდუქციული იმუნურ-ენდოკრინული ურთიერთქმედება. საქმე იმაშია, რომ ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური პათოლოგიები, ჰორმონალური სტატუსი, იმუნური დისრეგულაცია, გენეტიკა, გარემო ფაქტორების ზემოქმედება ზოგიერთ პაციენტში შესაძლოა ერთმანეთს ემთხვეოდეს, თუმცა ეს ფაქტორები ერთ მარტივ მიზეზ-შედეგობრივ ჯაჭვს არ ქმნის.
ფარისებრი ჯირკვლის ურთიერთდაკავშირებული, თუმცა განსხვავებული მაჩვენებლები
“ფარისებრი ჯირკვლის დაავადება” რამდენიმე მკაფიოდ გამიჯნულ ბიოლოგიურ მდგომარეობას აერთიანებს, რომელთა ერთ კატეგორიაში მოქცევა დაუშვებელია. ესენია:
მანიფესტური ჰიპოთირეოზი – ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) მომატებული დონე თავისუფალი თიროქსინის (FT4) დაბალ მაჩვენებელთან ერთად.
სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი – მომატებული TSH ნორმალური FT4-ის ფონზე.
ჰიპერთირეოზი – დათრგუნული TSH მომატებულ FT4-თან და/ან თავისუფალ ტრიიოდთირონინთან (FT3) ერთად.
ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური რეაქცია – თირეოიდული პეროქსიდაზას ანტისხეულები (TPOAb) და/ან თირეოგლობულინის ანტისხეულები (TgAb), რომლებიც ხშირად ჰაშიმოტოს თირეოიდიტთან ასოცირდება.
TSH რეცეპტორის ანტისხეულები (TRAb) – გრეივსის დაავადების მთავარი მახასიათებელი.
მიუხედავად იმისა, რომ ეს მდგომარეობები ერთმანეთს ხშირად ემთხვევა, ისინი იდენტურები არ არიან. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ფარისებრი ჯირკვლის აუტოანტისხეულები, მაგრამ ამავდროულად ეუთირეოიდულ მდგომარეობაში (ფარისებური ჯირკვლის ფუნქცია ნორმალურია) რჩებოდეს, ან აღენიშნებოდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევები აუტოიმუნური პროცესის გამოვლენის გარეშე.
ეს განსხვავება ენდომეტრიოზის კვლევაში გადამწყვეტია. ყველაზე ხშირად გამოვლენილი ეპიდემიოლოგიური სიგნალი ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნურ პროცესებს უკავშირდება (კერძოდ, TPO-სა და Tg-ის მიმართ ანტისხეულების დადებით მაჩვენებლებს) და არა მხოლოდ TSH-ის, FT4-ის ან FT3-ის იზოლირებულ ცვლილებებს. მიუხედავად ამისა, მონაცემები სხვადასხვა საკვლევ პოპულაციაში არაერთგვაროვანია და არ ადასტურებს, რომ ფარისებრი ჯირკვლის ანტისხეულები ენდომეტრიოზული კერების წარმოქმნას იწვევს.
რატომ არის ბიოლოგიური კავშირი სარწმუნო
ენდომეტრიოზი ესტროგენდამოკიდებული და ანთებითი დაავადებაა, სადაც საშვილოსნოს შიდა გარსის (ენდომეტრიუმის) მსგავსი ქსოვილი მის გარეთ იზრდება. ამ პროცესს ხშირად ხელს უწყობს რეტროგრადული მენსტრუაცია (მენსტრუალური სისხლის ფალოპის მილების გავლით მენჯის ღრუში უკუმიმართული დენა), თუმცა ენდომეტრიოზული კერის განვითარებას ორგანიზმში არსებული დამატებითი ხელშემწყობი ფაქტორებიც სჭირდება, როგორიცაა იმუნიტეტის დაქვეითება, ქრონიკული ანთება და ჰორმონალური დისბალანსი.
ფარისებრი ჯირკვალი და რეპროდუქციული სისტემა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები აწესრიგებს მეტაბოლიზმს, გონადოტროპინების სეკრეციას, სასქესო ჰორმონების მუშაობასა და ენდომეტრიუმის რეცეპტორთა მგრძნობელობას.
ექსპერიმენტულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ექტოპიური ენდომეტრიოზის კერებში მატულობს თირეოტროპული ჰორმონის რეცეპტორისა და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის რეცეპტორ „ალფა 2-ის“ ექსპრესია, რასაც თან ახლავს ჰორმონების ლოკალურ ცვლაში ჩართული ფერმენტების ცვლილება. ლაბორატორიულ პირობებში TSH-მა, T4-მა და T3-მა ენდომეტრიოზული უჯრედების გამრავლება და ჟანგბადის რეაქტიული ფორმების გამომუშავება გაააქტიურეს.
მიუხედავად ამისა, ეს დაკვირვებები ჯერ კიდევ პირველად ეტაპზეა. ზუსტად არ არის ცნობილი, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია იწვევს თუ არა ენდომეტრიოზს, თუ ეს ცვლილებები უშუალოდ ანთებითი პროცესის შედეგად განვითარებული ორგანიზმის საპასუხო რეაქციაა.
იმუნური გადაფარვა
იმუნური დისრეგულაცია ენდომეტრიოზსა და ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნურ პროცესებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ლოგიკური დამაკავშირებელი რგოლია.
ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადების დროს იმუნური პასუხი უშუალოდ ამ ორგანოსკენაა მიმართული, ხოლო ენდომეტრიოზს თან ახლავს იმუნური უჯრედების აქტივობის ცვლილება, ანთებითი ციტოკინების გამოყოფა, პათოლოგიური ქსოვილის მოშორების შეფერხება, მაკროფაგებისა და ბუნებრივი მკვლელი (NK) უჯრედების ფუნქციის მოშლა და კომპლემენტის სისტემის გააქტიურება.
ეს გადაფარვა შესაძლოა მიუთითებდეს, რომ ზოგიერთ პაციენტს ზოგადი “იმუნური მოწყვლადობა” აქვს, რაც ორივე დაავადების განვითარების რისკს ზრდის. თუმცა, ეს არ ამტკიცებს, თითქოს ფარისებრი ჯირკვლის ანტისხეულები ენდომეტრიულ ქსოვილს ესხმის თავს ან უშუალოდ უწყობს ხელს კერების ზრდას. ფარისებრი ჯირკვლის ანტიგენებსა და ენდომეტრიოზის კერებს შორის პირდაპირი ანტიგენური ჯვარედინი რეაქტიულობა დადგენილი არ არის. შესაბამისად, ანტისხეულები (TPOAb და TgAb) უნდა განვიხილოთ როგორც ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნურობის – ან ზოგადი იმუნური მოწყვლადობის – მარკერები და არა როგორც ენდომეტრიოზის გამომწვევი პირდაპირი მედიატორები.
TRAb-ის (TSH რეცეპტორის საწინააღმდეგო ანტისხეულების) მაჩვენებლებთან მიმართებით განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. ადრეული კვლევები ენდომეტრიოზის დროს მათ შესაძლო მატებაზე მიუთითებდა, თუმცა მოგვიანებით ჩატარებულმა თანამედროვე კვლევებმა ეს შედეგი არ დაადასტურა. TRAb არ წარმოადგენს ენდომეტრიოზის ვალიდურ ბიომარკერს და ის მხოლოდ სტანდარტული ჩვენებების საფუძველზე, მაგალითად, გრეივსის დაავადებაზე ეჭვის ან ორსულობასთან დაკავშირებული შეფასებისას უნდა განისაზღვროს.
რა იმალება სტატისტიკის მიღმა
კოჰორტულმა და რეესტრზე დაფუძნებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ქალებს, რომლებსაც ენდომეტრიოზი აქვთ, დროთა განმავლობაში ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების განვითარების მეტი შანსი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს მონაცემები მოვლენების თანმიმდევრობას უკეთ აჩვენებს (ანუ ენდომეტრიოზი წინ უსწრებს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემას), ხელშემშლელი ფაქტორებისა და ე.წ. სამედიცინო მეთვალყურეობით გამოწვეული ცდომილების (surveillance bias) სრულად გამორიცხვა მაინც შეუძლებელია.
საქმე ისაა, რომ ენდომეტრიოზის დიაგნოზის მქონე ქალებს ხშირად უწევთ ექიმთან ვიზიტი, უშვილობის მიზეზების სიღრმისეული კვლევა, განმეორებითი რადიოლოგიური თუ ქირურგიული ჩარევები, ხანგრძლივი ჰორმონული თერაპია და მჭიდრო მონიტორინგი. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ზრდის იმის ალბათობას, რომ პაციენტს ფარისებრი ჯირკვალიც უფრო ხშირად გამოუკვლიონ და შესაბამისად, ისეთი მსუბუქი ან სუბკლინიკური დარღვევებიც ადვილად აღმოუჩინონ, რომლებიც სხვა შემთხვევაში შეუმჩნეველი დარჩებოდა.
ამჟამად არსებული მონაცემების საფუძველზე, მეცნიერები რამდენიმე სავარაუდო ახსნას განიხილავენ. შესაძლებელია, რომ ფარისებრი ჯირკვლის გარკვეულმა თავისებურებებმა გავლენა იქონიოს ენდომეტრიოზის ან უშვილობის კონკრეტულ ქვეტიპებზე, ან პირიქით – ენდომეტრიოზით გამოწვეულმა ანთებითმა პროცესებმა და მკურნალობამ შეუწყოს ხელი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების გამოვლენას. აგრეთვე, არ არის გამორიცხული, რომ ორივე მდგომარეობა საერთო იმუნური, ენდოკრინული, გენეტიკური, გარემო თუ ეპიგენეტიკური წინასწარგანწყობის ერთობლივი შედეგი იყოს, ან უბრალოდ, უფრო ხშირი სამედიცინო გამოკვლევებით აიხსნას.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, დღეს არსებული მტკიცებულებები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ რომელიმე ერთი მიზეზი ყველა პაციენტისთვის მთავარ და დომინანტ ფაქტორად მივიჩნიოთ.
რას გვიჩვენებს გენეტიკური კვლევები
იმის გასარკვევად, რეალურად იწვევს თუ არა ერთი მდგომარეობა მეორეს, მეცნიერები სპეციალურ გენეტიკურ მეთოდს – ე.წ. მენდელისეულ რანდომიზაციას იყენებენ. ეს მეთოდი გენეტიკურ ვარიანტებს იკვლევს იმის შესამოწმებლად, აქვთ თუ არა რეალური მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დაკვირვებით მიღებულ შედეგებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიდგომას შეუძლია გარკვეული შეცდომების თავიდან აცილება, ის მკაცრ პირობებს ეფუძნება და თავისი შეზღუდვებიც აქვს: მაგალითად, ის მგრძნობიარეა მონაცემთა არასწორი კლასიფიკაციის, მცირე სტატისტიკური ძალის, ერთი გენის მიერ რამდენიმე ნიშნის კონტროლისა (პლეიოტროპიის) და გენეტიკური წარმომავლობის მიმართ.
ბოლო პერიოდში ჩატარებულმა ორმხრივმა მენდელისეულმა რანდომიზაციულმა კვლევებმა საინტერესო, თუმცა საკმაოდ არაერთგვაროვანი სურათი აჩვენა:
ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, თავისუფალი თიროქსინის (FT4) გენეტიკურად პროგნოზირებული დონე უარყოფით კორელაციაში იყო ენდომეტრიოზის საერთო რისკთან, ხოლო გარკვეული თავისებურებები გამოვლინდა TSH-ისა და ჰიპო- თუ ჰიპერთირეოზის კატეგორიებისთვისაც. თუმცა, ამავე კვლევამ ვერანაირი მტკიცებულება იპოვა იმისა, რომ თავად ენდომეტრიოზი იწვევს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ცვლილებას.
მეორეს მხრივ, სხვა მსგავსმა კვლევამ, რომელსაც კლინიკის უნაყოფობის მონაცემებიც ამყარებდა, ვერც ის დაამტკიცა, რომ აუტოიმუნური ჰიპოთირეოზისადმი გენეტიკური მიდრეკილება ზრდის ენდომეტრიოზის რისკს.
თუ ამ ყველაფერს შევაჯერებთ, მიმდინარე კვლევები არ ამყარებს მოსაზრებას, თითქოს ფარისებრი ჯირკვლიდან ენდომეტრიოზამდე რაიმე მარტივი და ერთიანი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არსებობდეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მონაცემები საინტერესო ჰიპოთეზებს აჩენს კონკრეტულ ფენოტიპურ ეფექტებზე, კლინიკურ პრაქტიკაში გამოსაყენებლად და ზოგადი დასკვნების გამოსატანად ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საკმარისი არ არის.
პრაქტიკული მიდგომა და რეკომენდაციები
დღეს არსებული მტკიცებულებები არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ფარისებრი ჯირკვლის საყოველთაო კვლევა მხოლოდ ენდომეტრიოზის დიაგნოზის გამო ჩატარდეს. ენდომეტრიოზის მართვის მოქმედი გაიდლაინები ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შემოწმებას არც რუტინულ დიაგნოსტიკურ მეთოდად მიიჩნევს და არც ისეთ ჩარევად, რომელიც დაავადების მიმდინარეობას ცვლის.
ფარისებრი ჯირკვლის შეფასება მიზანშეწონილია მაშინ, როცა სახეზეა სტანდარტული კლინიკური ჩვენებები, მათ შორის:
უნაყოფობა ან დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით დაგეგმილი მკურნალობა;
ორსულობის განმეორებითი შეწყვეტა;
მენსტრუალური ციკლის დარღვევა;
ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის სიმპტომები ან ნიშნები;
ფარისებრი ჯირკვლის ანალიზების ადრინდელი გადახრები;
ფარისებრი ჯირკვლის ან აუტომუნური დაავადებების პირადი ან ოჯახური ანამნეზი
ასეთ შემთხვევებში პირველი რიგის კვლევებად ტრადიციულად TSH და FT4 მიიჩნევა. რაც შეეხება TPOAb-სა და TgAb-ის ანალიზებს, მათი ჩატარება მაშინ ხდება მიზანშეწონილი, როცა ჩნდება ეჭვი აუტოიმუნურ თირეოიდიტზე ან კლინიკურად მნიშვნელოვანია ფერტილობასთან დაკავშირებული რისკების შეფასება.
წყარო: Frontiers

