^18F-FDG PET/CT ფილტვის კიბოს სტადირების განუყოფელი კომპონენტია და მისი გამოყენება რეკომენდებულია წამყვანი საერთაშორისო გაიდლაინებით, მათ შორის NCCN-ის (National Comprehensive Cancer Network) მიერ. კვლევა ხელს უწყობს დაავადების გავრცელების სრულფასოვან შეფასებასა და მკურნალობის სწორი ტაქტიკის შერჩევას.
დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიღწევების მიუხედავად, ფილტვის კიბო მსოფლიოში ონკოლოგიური პათოლოგიებით გამოწვეული სიკვდილიანობის ერთ-ერთ წამყვან მიზეზად რჩება. არაზუსტმა სტადირებამ შესაძლოა გამოიწვიოს არასაჭირო ქირურგიული ჩარევა, სხივური თერაპიის სამიზნე მოცულობის არასწორი განსაზღვრა, სისტემური მკურნალობის დაგვიანება ან პაციენტისთვის შეუსაბამო მკურნალობის შერჩევა.
სამწუხაროდ, PET/CT-ის ჩატარება ყველა პაციენტისთვის ხელმისაწვდომი არ არის. საქართველოში PET/CT კვლევა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მხოლოდ შეზღუდული კატეგორიის პაციენტებისთვის არის ხელმისაწვდომი, დანარჩენ შემთხვევაში კი კვლევის ღირებულებას თავად პაციენტი ანაზღაურებს. შედეგად, სტადირება და მკურნალობის დაგეგმვა ხშირად PET/CT-ის გარეშე ხდება, რაც ართულებს საერთაშორისო რეკომენდაციების სრულად გათვალისწინებას კლინიკურ პრაქტიკაში.
PET/CT-ის მუშაობის პრინციპი და ძირითადი ტიპები
PET/CT კვლევა სხვადასხვა რადიოფარმპრეპარატის (რადიოტრეისერის) გამოყენებით ტარდება, რომელთაგან თითოეული კონკრეტული ბიოლოგიური პროცესის შეფასებას ემსახურება.
^18F-FDG PET/CT ყველაზე ფართოდ გამოყენებული კვლევაა. იგი ერთდროულად გვაწვდის ინფორმაციას როგორც ქსოვილების ანატომიურ აგებულებაზე, ისე მათ ფუნქციურ აქტივობაზე. CT გვიჩვენებს სტრუქტურულ ცვლილებებს, ხოლო PET ^18F-ფტოროდეოქსიგლუკოზის (FDG) საშუალებით ქსოვილების მეტაბოლურ აქტივობას აფასებს. ავთვისებიანი სიმსივნური უჯრედები გლუკოზას უფრო აქტიურად მოიხმარენ, ამიტომ PET-ს შეუძლია ისეთი მეტაბოლურად აქტიური სიმსივნური კერების გამოვლენა, რომლებიც მხოლოდ ანატომიურ კვლევაზე შესაძლოა მკაფიოდ არ ჩანდეს. ანატომიური და მეტაბოლური ინფორმაციის ერთობლივი შეფასება პირველადი სიმსივნის, რეგიონული ლიმფური კვანძებისა და შორეული მეტასტაზების ზუსტად გამოვლენის საშუალებას იძლევა.
PSMA PET/CT ძირითადად გამოიყენება პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკისთვის.
^68Ga-DOTATATE PET/CT – გამოიყენება ნეიროენდოკრინული სიმსივნეების შესაფასებლად.
^18F-FES PET/CT – ესტროგენრეცეპტორ-დადებითი სარძევე ჯირკვლის კიბოს შეფასებისთვის გამოიყენება.
^18F-FAPI PET/CT თანამედროვე კვლევებში მზარდ ინტერესს იწვევს, იგი სიმსივნის სტრომული კომპონენტის შეფასების შესაძლებლობას იძლევა.
საქართველოში კლინიკურ პრაქტიკაში რუტინულად ხელმისაწვდომია მხოლოდ ^18F-FDG PET/CT, რომელიც ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მართვის ძირითად მეთოდს წარმოადგენს. ამასთან, ცალკეულ სამედიცინო ცენტრებში ტარდება PSMA PET/CT პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკისთვის, ხოლო სხვა რადიოტრეისერების გამოყენებით ჩატარებული PET/CT კვლევები ამჟამად საქართველოში რუტინულ კლინიკურ პრაქტიკაში დანერგილი არ არის.
ზუსტი სტადირება – წარმატებული მკურნალობის პირველი ნაბიჯი
ზუსტი TNM სტადირება მკურნალობის ოპტიმალური სტრატეგიის შერჩევის საფუძველს წარმოადგენს. ამ კონტექსტში, PET/CT კვლევას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მედიასტინური ლიმფური კვანძებისა და შორსწასული მეტასტაზების იდენტიფიცირებაში, ვინაიდან მიღებულმა მონაცემებმა შესაძლოა არსებითად შეცვალოს დაავადების კლინიკური სტადია და თერაპიული ტაქტიკა.
2025 წელს ჟურნალ Seminars in Nuclear Medicine-ში გამოქვეყნებულ სამეცნიერო მიმოხილვაში წარმოდგენილია PET/CT-ის როლი ფილტვის კიბოს სტადირებაში. არსებული მონაცემებით, ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს მქონე პაციენტებში ლიმფური კვანძების ჩართულობის გამოვლენისას PET/CT-ის მგრძნობელობა დაახლოებით 85%-ს, ხოლო სპეციფიკურობა 84%-ს შეადგენს.
PET/CT-ის კლინიკური მნიშვნელობა ნათლად აჩვენა Fischer-ისა და თანაავტორების რანდომიზებულმა PLUS კვლევამ, რომელშიც პოტენციურად ოპერაბელური ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს მქონე 189 პაციენტი მონაწილეობდა. PET/CT ჯგუფში თორაკოტომია 60 პაციენტს ჩაუტარდა, რომელთაგან 21 შემთხვევაში (35%) ჩარევა უშედეგო აღმოჩნდა. ტრადიციული სტადირების ჯგუფში კი თორაკოტომია 73 პაციენტს ჩაუტარდა და მათგან 38 შემთხვევაში (52%) უშედეგო იყო. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ PET/CT-ის გამოყენება ხელს უწყობს ქირურგიული მკურნალობისთვის პაციენტების სწორად შერჩევას და ამცირებს არასაჭირო ქირურგიული ჩარევების რაოდენობას.
მიუხედავად PET/CT-ის მაღალი დიაგნოსტიკური სიზუსტისა, საეჭვო მედიასტინური ლიმფური კვანძები მაინც საჭიროებს მორფოლოგიურ (ჰისტოლოგიურ/ციტოლოგიურ) დადასტურებას. ეს განპირობებულია იმით, რომ რიგ შემთხვევებში FDG-ის მომატებული დაგროვება შესაძლოა დაკავშირებული იყოს არა სიმსივნურ ინფილტრაციასთან, არამედ ანთებით ან ინფექციურ პროცესებთან.
PET/CT-ის მნიშვნელობა მკურნალობის დაგეგმვაში
PET/CT განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რადიაციულ ონკოლოგიაში, კვლევა პირველადი სიმსივნისა და დაზიანებული ლიმფური კვანძების სამიზნე მოცულობების ზუსტად განსაზღვრის საშუალებას იძლევა.
მისი მნიშვნელოვანი როლი დადასტურდა მულტიცენტრულ, რანდომიზებულ PET-Plan კვლევაში, რომელმაც აჩვენა, რომ ^18F-FDG PET/CT ხელს უწყობს სამიზნე მოცულობების ზუსტად განსაზღვრას, რაც საშუალებას იძლევა, რადიაციული დოზა უფრო ზუსტად გადანაწილდეს სიმსივნით დაზიანებულ უბნებზე და ნაკლები ზემოქმედება მოხდეს ჯანმრთელ ქსოვილებზე. PET/CT-ზე დაფუძნებულ ჯგუფში ლოკალური და რეგიონული პროგრესირების რისკი მნიშვნელოვნად დაბალი იყო სტანდარტულ მიდგომასთან შედარებით (14% და 29% ერთი წლის განმავლობაში), ხოლო მკურნალობასთან დაკავშირებული ტოქსიკურობის ზრდა არ დაფიქსირებულა. კვლევის შედეგები ადასტურებს PET/CT-ზე დაფუძნებული სამიზნე მოცულობების განსაზღვრის ეფექტურობასა და უსაფრთხოებას ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს სხივური თერაპიის დაგეგმვისას.
ეს მონაცემები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს რეალობისთვის, ვინაიდან PET/CT კვლევაზე შეზღუდული ფინანსური ხელმისაწვდომობის გამო, მისი წინასწარი ჩატარება ყოველთვის ვერ ხერხდება. შედეგად, სხივური თერაპიის დაგეგმვა მხოლოდ ანატომიურ გამოსახულებებზე (მაგ. CT/MRI) ხდება დამოკიდებული. ეს ზღუდავს სიმსივნისა და ლიმფური კვანძების გავრცელების სრულფასოვან შეფასებას და ზრდის დასასხივებელი არეალის არასწორად განსაზღვრის რისკს.
PET/CT მკურნალობის ეფექტურობის შეფასებასა და შემდგომ მეთვალყურეობაში
მკურნალობის შემდგომ პერიოდში PET/CT გადამწყვეტ როლს ასრულებს ნარჩენი ან რეციდივული დაავადების იდენტიფიცირებაში, რაც ხელს უწყობს აქტიური სიმსივნური ქსოვილის დიფერენცირებას პოსტთერაპიული ცვლილებებისგან. გასათვალისწინებელია, რომ ანთებითი რეაქციებიც იწვევს FDG-ის გაძლიერებულ ფიქსაციას. შესაბამისად, დიაგნოსტიკური შეცდომების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია კლინიკური კონტექსტის შეფასება და კვლევის ოპტიმალურ ვადებში ჩატარება.
რატომ უნდა გახდეს PET/CT ფილტვის კიბოს მართვის ხელმისაწვდომი სტანდარტი საქართველოში?
განხილული სამედიცინო მტკიცებულებები ნათლად ადასტურებს, რომ PET/CT კვლევა ონკოლოგიური დაავადებების, განსაკუთრებით ფილტვის, თავ-კისრის, პროსტატის, ძუძუსა და ნეიროენდოკრინული სიმსივნეების მართვის უალტერნატივო ოქროს სტანდარტია. მიუხედავად ამისა, საქართველოს რეალობაში აღნიშნული მეთოდი ჯერ კიდევ არ არის ჩართული რუტინული სახელმწიფო დაფინანსების სისტემაში, რაც პაციენტებისთვის უდიდეს ფინანსურ ბარიერს ქმნის.
მაღალი ღირებულების გამო, კლინიკურ პრაქტიკაში მკურნალობის დაგეგმვა ხშირად მხოლოდ ტრადიციული, ანატომიური ვიზუალიზაციის (CT/MRI) იმედად რჩება. ეს მიდგომა ზრდის შეცდომების რისკს, იწვევს დაავადების არაზუსტ სტადირებას, არასაჭირო ინვაზიურ ოპერაციებს, სხივური თერაპიის სამიზნე არეალის ცდომილებასა და მედიკამენტური მკურნალობის დაგვიანებას.
კლინიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, PET/CT-ის რუტინული დაფინანსება ჯანდაცვის ბიუჯეტისთვის დამატებითი ხარჯი კი არ არის, არამედ რესურსების გონივრული გადანაწილებაა: ზუსტი დიაგნოსტიკა და ადრეული სტადირება პირდაპირ ამცირებს ჯანდაცვის სისტემის ირიბ და პირდაპირ დანახარჯებს, ვინაიდან თავიდან აცილებს უშედეგო ინვაზიურ ჩარევებს და ძვირადღირებული მედიკამენტური (ქიმიო/იმუნოთერაპიული) მკურნალობის შეუსაბამო დანიშვნას. შესაბამისად, PET/CT კვლევისა და ინოვაციური რადიოტრეისერების ეტაპობრივი ინტეგრაცია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებში კრიტიკულად აუცილებელი ნაბიჯია მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამედიცინო პრაქტიკის დანერგვის, მკურნალობის ხარისხისა და პაციენტთა გადარჩენადობის (Overall Survival) მაჩვენებლის გაუმჯობესებისთვის.
ავტორი: მარიამ ფხალაძე, რადიაციული ონკოლოგიის რეზიდენტი

