ექიმებისთვის სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე განმეორებით გასვლაზე დაწესებული შეზღუდვები უქმდება

გააზიარე

სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე განმეორებით გასვლასთან დაკავშირებით ექიმებისთვის მოქმედი საკანონმდებლო შეზღუდვების გაუქმება იგეგმება. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს მთავრობამ უკვე მიმართა.

რა იცვლება კანონმდებლობაში? „საექიმო საქმიანობის შესახებ“ მოქმედი კანონის თანახმად, გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, პირს უფლება აქვს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში გამოცდაზე განმეორებით მხოლოდ ორჯერ გავიდეს. ამასთან, სავალდებულოა გამოცდებს შორის 6-თვიანი ინტერვალის დაცვა.

პარლამენტში წარდგენილი პროექტით კი როგორც განმეორებით გასვლის რაოდენობაზე დაწესებული ლიმიტი, ისე გამოცდებს შორის სავალდებულო 6-თვიანი ინტერვალი სრულად უქმდება. ცვლილების დამტკიცების შემდეგ, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობა გამოცდების ოფიციალურად დადგენილი უახლოესი განრიგის მიხედვით მიიღონ.

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული შეზღუდვის მოხსნა არ ამცირებს პროფესიული კვალიფიკაციის შეფასების სტანდარტს და არ ქმნის არასათანადო კვალიფიკაციის მქონე პირის დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობაზე დაშვების რისკს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ საექიმო საქმიანობის სათანადო ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების დაცვის მთავარი გარანტი თავად გამოცდის წარმატებით ჩაბარების სავალდებულო მოთხოვნაა. შესაბამისად, ვიდრე პირი სათანადო ცოდნასა და პროფესიულ კომპეტენციას ტესტირებით არ დაადასტურებს, იგი დამოუკიდებელი საქმიანობის უფლებას ვერ მოიპოვებს, არსებული დროითი ბარიერი კი ხელოვნურ შეზღუდვას წარმოადგენდა.

წყარო: Interpressnews

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები