ჰეპატიტი B-ს მკურნალობა: ბეპიროვირსენის III ფაზის კლინიკურ კვლევაში პაციენტების დაახლოებით მეხუთედმა ფუნქციურ განკურნებას მიაღწია

გააზიარე

ქრონიკული B ჰეპატიტის მკურნალობაში მნიშვნელოვანი წინსვლა დაფიქსირდა — III ფაზის ორი ფართომასშტაბიანი კლინიკური კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ინოვაციურმა პრეპარატმა ბეპიროვირსენმა (bepirovirsen) პაციენტების დაახლოებით მეხუთედში შეძლო ე.წ. ფუნქციური განკურნების მიღწევა. ფუნქციური განკურნება გულისხმობს B ჰეპატიტის ზედაპირული ანტიგენის (HBsAg) მდგრად დაკარგვას და B ჰეპატიტის ვირუსის (HBV) დნმ-ის დაუდგენელ (undetectable) დონეზე შენარჩუნებას მკურნალობის დასრულების შემდეგ. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალში The New England Journal of Medicine და წარმოადგენს ქრონიკული B ჰეპატიტის ფუნქციური განკურნებისკენ მიმართული თერაპიული მიდგომების განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს.

ქრონიკული B ჰეპატიტი ღვიძლის ქრონიკული ვირუსული ინფექციაა, რომელიც გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება. არსებული შეფასებებით, მსოფლიოში დაახლოებით 250 მილიონი ადამიანი ცხოვრობს ქრონიკული B ჰეპატიტით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ისეთი მძიმე გართულებების განვითარების რისკს, როგორიცაა ღვიძლის ციროზი, ღვიძლის უკმარისობა და ჰეპატოცელულური კარცინომა. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად პირველი რიგის ანტივირუსული თერაპია ეფექტურად თრგუნავს ვირუსის რეპლიკაციას, იგი იშვიათად იწვევს B ჰეპატიტის ზედაპირული ანტიგენის (HBsAg) ელიმინაციას. სწორედ ამიტომ, პაციენტების უმრავლესობა იძულებულია, მკურნალობა განუსაზღვრელი ვადით, ხშირად კი მთელი სიცოცხლის განმავლობაში გააგრძელოს.

ამ მიზეზით, მკვლევართა მთავარი მიზანია ისეთი თერაპიული მიდგომების განვითარება, რომლებიც მხოლოდ ვირუსის რეპლიკაციის დათრგუნვით არ შემოიფარგლება და ფუნქციური განკურნების მიღწევის შესაძლებლობას ქმნის. ფუნქციური განკურნება განისაზღვრება, როგორც B ჰეპატიტის ზედაპირული ანტიგენის (HBsAg) მდგრადი დაკარგვა და B ჰეპატიტის ვირუსის (HBV) დნმ-ის ლაბორატორიულად დაუდგენელ დონეზე შენარჩუნება მკურნალობის დასრულების შემდეგ, რაც პაციენტს ხანგრძლივი ანტივირუსული თერაპიის შეწყვეტისა და ვირუსული კონტროლის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს.

III ფაზის საერთაშორისო, მულტიცენტრულ B-Well 1 და B-Well 2 კლინიკურ კვლევებში მონაწილეობდა 29 ქვეყანაში მცხოვრები 1 800-ზე მეტი ზრდასრული პაციენტი ქრონიკული B ჰეპატიტით, რომელთაც ღვიძლის ციროზი არ აღენიშნებოდათ და კვლევაში ჩართვამდე მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში იღებდნენ ნუკლეოზ(ტ)იდურ ანალოგებს (NA). მონაწილეები შემთხვევითი განაწილების პრინციპით (2:1) გადანაწილდნენ ორ ჯგუფში: ინტერვენციული ჯგუფი 24 კვირის განმავლობაში კვირაში ერთხელ კანქვეშ იღებდა ბეპიროვირსენის 300 მგ დოზას, ხოლო საკონტროლო ჯგუფი — პლაცებოს. ორივე ჯგუფი პარალელურად აგრძელებდა ფონურ თერაპიას ნუკლეოზ(ტ)იდური ანალოგებით, რომელიც შემდგომ კიდევ 24 კვირის განმავლობაში გაგრძელდა. კვლევები 2022-2025 წლებში მიმდინარეობდა.

კვლევის პირველადი საბოლოო შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენდა ფუნქციური განკურნების მიღწევა 72-ე კვირაზე, რაც განისაზღვრებოდა როგორც მკურნალობის დასრულებიდან სულ მცირე 24 კვირის განმავლობაში HBsAg-ის მდგრადი დაკარგვა და HBV დნმ-ის ლაბორატორიული განსაზღვრის ზღვარს ქვემოთ შენარჩუნება. მიღებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ ბეპიროვირსენით მკურნალობის ჯგუფში მონაწილე პაციენტების დაახლოებით 20%-მა მიაღწია ფუნქციურ განკურნებას, მაშინ როდესაც პლაცებოს ჯგუფში ასეთი შემთხვევა არცერთ პაციენტში არ დაფიქსირებულა. ფუნქციური განკურნების უფრო მაღალი მაჩვენებელი აღინიშნა იმ პაციენტებში, რომელთაც მკურნალობის დაწყებისას HBsAg-ის შედარებით დაბალი დონე ჰქონდათ — გარკვეულ ქვეჯგუფებში აღნიშნულმა მაჩვენებელმა დაახლოებით 26%-ს მიაღწია.

ბეპიროვირსენი მიეკუთვნება ანტისენსურ ოლიგონუკლეოტიდებს (antisense oligonucleotides, ASO), რომლებიც ტრადიციული ანტივირუსული პრეპარატებისგან განსხვავებული მოქმედების მექანიზმით ხასიათდებიან. მაშინ, როდესაც არსებული თერაპიული საშუალებები ძირითადად ვირუსის რეპლიკაციის დათრგუნვას უზრუნველყოფს, ბეპიროვირსენი მიზანმიმართულად მოქმედებს ვირუსის მესენჯერ რნმ-ზე (mRNA) და ამცირებს ვირუსული ცილების, მათ შორის B ჰეპატიტის ზედაპირული ანტიგენის (HBsAg), სინთეზს. HBsAg-ის დონის შემცირებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს იმუნური სისტემის ფუნქციის ნაწილობრივ აღდგენას, რაც ორგანიზმს ინფიცირებული ღვიძლის უჯრედების უკეთ ამოცნობასა და ვირუსის კონტროლში ეხმარება.

ექსპერტების შეფასებით, HBsAg-ის დაკარგვა მხოლოდ ვირუსული კონტროლის მიღწევას არ უკავშირდება, არამედ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეამციროს ღვიძლის კიბოს, ღვიძლის უკმარისობისა და დაავადებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის რისკი. ამასთან, ფუნქციური განკურნება პაციენტებს ხანგრძლივი ანტივირუსული თერაპიის საჭიროებისგან ათავისუფლებს, ამცირებს ქრონიკულ ინფექციასთან დაკავშირებულ ფსიქოლოგიურ დატვირთვას და ხელს უწყობს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

მიუხედავად იმედისმომცემი შედეგებისა, მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ბეპიროვირსენი ჯერ კიდევ ვერ უზრუნველყოფს ფუნქციური განკურნების მიღწევას ყველა პაციენტში. კვლევებში მონაწილეობდა შერჩეული პაციენტთა ჯგუფი — ციროზის გარეშე და შედარებით დაბალი HBsAg-ის დონით. შესაბამისად, საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება იმის დასადგენად, რამდენად ეფექტური იქნება აღნიშნული თერაპიული მიდგომა უფრო ფართო პოპულაციაში, მათ შორის ღვიძლის უფრო მძიმე დაზიანების მქონე პაციენტებში.

ასევე აუცილებელია გრძელვადიანი დაკვირვება, რათა შეფასდეს მიღწეული პასუხის მდგრადობა წლების განმავლობაში და დადგინდეს, რამდენად უკავშირდება ფუნქციური განკურნება დაავადების მძიმე გართულებების, მათ შორის ღვიძლის ციროზისა და ჰეპატოცელულური კარცინომის, განვითარების რისკის შემცირებას. ამასთან, მკვლევრები უკვე იკვლევენ ბეპიროვირსენის კომბინაციას იმუნომოდულაციურ თერაპიებთან, მათ შორის თერაპიულ ვაქცინებთან და სხვა ინოვაციურ მიდგომებთან, რაც შესაძლოა მომავალში ფუნქციური განკურნების მაჩვენებლის გაზრდას შეუწყოს ხელი.

ბეპიროვირსენის III ფაზის კლინიკური კვლევების შედეგები ცხადჰყოფს, რომ ქრონიკული B ჰეპატიტის ფუნქციური განკურნებისკენ მიმართული თერაპიული მიდგომები შესაძლოა რეალურ კლინიკურ პრაქტიკასთან კიდევ უფრო დაახლოებული გახდეს. როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, ბეპიროვირსენი წარმოადგენს მნიშვნელოვან პირველ ნაბიჯს ფუნქციური განკურნების მიღწევის მიმართულებით, თუმცა მომავალში უფრო ეფექტური კომბინირებული თერაპიული სტრატეგიების გამოყენებამ შესაძლოა მკურნალობის შედეგები კიდევ უფრო გააუმჯობესოს და პასუხის მაჩვენებელი გაზარდოს.

წყარო: www.medicalnewstoday.com

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები