საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ახალი ბრძანების თანახმად, უმცროსი ექიმები, რომლებსაც არ გაუვლიათ რეზიდენტურა, მაგრამ აქვთ შესაბამისი სამუშაო გამოცდილება, შეძლებენ სახელმწიფო სერტიფიცირების გზით, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დაწყებას. თუმცა, ეს შეღავათი მხოლოდ გარკვეულ, ე.წ. დეფიციტურ სპეციალობებს შეეხება.
დეფიციტურ სპეციალობათა ნუსხაში მოხვდა ფსიქიატრია, რადიაციული ონკოლოგია, პათანატომია, ნეიროქირურგია, კარდიოქირურგია, ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგია, გადაუდებელი მედიცინა, ბავშვთა ინფექციური დაავადებები და ფსიქიატრია, რადიაციული ონკოლოგია, ბავშვთა გასტროენტეროლოგია, ნეფროლოგია, რევმატოლოგია, სასამართლო მედიცინა, ფიზიკური მედიცინა და ბოლოს, ყველაზე პარადოქსული პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია.
მინისტრის ბრძანების გამოცემის შემდეგ წამოიჭრა კითხვა, ეს ცვლილება სისტემური პრობლემის გამოსწორებას ისახავს მიზნად თუ მხოლოდ მის დროებით გადაწყვეტას?
ზაზა კაციტაძე, კარდიოქირურგიის ასოციაციის პრეზიდენტი, გადაწყვეტილებას „უცნაურს“ უწოდებს. მისთვის გაუგებარია, რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა პარლამენტმა, როცა ამ კანონის მიღება გადაწყვიტა და სპეციალობათა ჩამონათვალი განსაზღვრა:
“მე ვიცი რომ ძალიან ბევრი კარდიოქირურგიული კლინიკაა და კარდიოქირურგია დეფიციტური პროფესია ნამდვილად არ არის. ჩვენთან კომუნიკაცია არ ყოფილა, არავის უკითხავს, რეალურად გვაკლია თუ არა კადრები. კარგი იქნებოდა პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი ასოციაციებს წინასწარ შეგვხვედროდა. იმედია, ასეთი მიდგომა არ გაგრძელდება, უწყვეტი სამედიცინო განათლება ნებისმიერი ექიმისთვის აუცილებელია.”
რეზიდენტურის გარეშე ექიმის ლიცენზიის გაცემას არც ნეიროქირურგიის ასოციაციის პრეზიდენტი ლადო წიქარიშვილი ეთანხმება. უფრო მეტიც, ის ამბობს, რომ ნეიროქირურგებმა ღია ოპონირება გაუწიეს მთავრობის ამ გადაწყვეტილებას, თუმცა უმცირესობაში აღმოჩნდნენ.
“ეს თემა ნეიროქირურებისთვის აქტუალური არ არის. მიუხედავად იმისა , რომ იმ ჩამონათვალში ჩვენი სპეციალობაც მოხვდა, რეალური ადამიანი, ვინც მაგ “შეღავათით” ისარგებლებს, ფიზიკურად არ არსებობს. ყველა ნეიროქირურგი ან უკვე ლიცენზირებული ექიმია ან რეზიდენტურაში სწავლობს, ამ გაიოლებული გზით სარგებლობა არავის სურს, მაგრამ მიდგომას მაინც შევეწინააღმდეგეთ.”
პედიატრი, მედიცინის დოქტორი ინგა მამუჩიშვილი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება პირდაპირ აზიანებს მომავალი ექიმების მომზადების ხარისხს:
“რეზიდენტურა არ არის ფორმალობა. ის არის ეტაპი, სადაც ექიმი პრაქტიკულ ცოდნას იძენს. მას რომ თავი ავარიდოთ, კვალიფიციური სპეციალისტების აღზრდას ვეღარ შევძლებთ.”
ამ ინიციატივას ჯანდაცვის ექსპერტი ვახტანგ სურგულაძე კიდევ უფრო მძაფრად აფასებს:
“ეს იმას ჰგავს, ვიღაცამ თქვას, მე კი არ მიმკურნალია, მაგრამ ბევრჯერ მინახავს, როგორ მკურნალობენ. შედეგი შესაძლოა კატასტროფული ხარისხის ვარდნა და პაციენტთა სიკვდილიანობის ზრდა იყოს.”
ივანე აბიათარი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ხელმძღვანელი, სისტემურ პრობლემებზე მიუთითებს:
“სახელმწიფომ პრაქტიკულად აღიარა, რომ საქართველოში რეზიდენტურა არაფერს ნიშნავს. ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდები სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ უცხოეთში მიდიან, რადგან აქ სწავლის ხარისხი და მოტივაცია უკიდურესად დაბალია. გამოსავალი გაუქმება კი არა, სერიოზული რეფორმაა.”
კითხვები, რომელთაც პასუხი არ გააჩნია
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კარდიოლოგი გიორგი ჭოლაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება ერთი შეხედვით, სოციალური სამართლიანობის აღდგენას ემსახურება. თუმცა, ვაწყდებით ბევრ საეჭვო და სახიფათო ასპექტს, რაც ბადებს კითხვებს ჯანდაცვის სისტემის სამართლიანობაზე, პაციენტის უსაფრთხოებასა და პროფესიული სტანდარტების დაცვაზე და ასახელებს რამდენიმე პრობლემურ კითხვას:
- რა კრიტერიუმებით განისაზღვრება “პრაქტიკული გამოცდილება”? რამდენი წელი? რომელი კლინიკა? ვისი მონიტორინგით?
- რატომ უნდა გაიცეს სერტიფიკატი ადამიანებზე, რომლებმაც კლინიკური სწავლება არ გაიარეს? ეს არღვევს საერთაშორისო სტანდარტს, რომლის მიხედვით რეზიდენტურა აუცილებელი კლინიკური ტრენინგია.
- ვინ არიან ის 800 ადამიანი, ვისაც ეს შეღავათი ეხება?
- არსებობს თუ არა ღია სია? დაიცვა თუ არა სამინისტრომ გამჭვირვალობა და თანასწორობა შერჩევის პროცესში?
- რატომ მხოლოდ ეს დეფიციტური სპეციალობები? ვინ შეადგინა ნუსხა? სპეციალისტთა ნაწილს ეჭვი აქვს, რომ სია კლინიკურ საჭიროებას კი არა, კონკრეტულ ჯგუფების გავლენას ასახავს.
- როგორ იცავს სისტემა პაციენტის უსაფრთხოებას? გამოცდილება ≠ კვალიფიკაცია. ცოდნისა და უნარების ობიექტური შეფასება აუცილებელია.
- და ბოლოს, მოსალოდნელი რისკები კორუფციის ზრდა კრიტერიუმების არარსებობა ქმნის სივრცეს ინდივიდუალური გარიგებებისთვის.
- პროფესიული დისკრიმინაცია იმ ექიმების მიმართ, ვინც დღემდე მძიმე პირობებში სწავლობს და მუშაობს.
- პაციენტთა უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დგება, რადგან კლინიკური ტრენინგის გარეშე სერტიფიცირებული ექიმების პრაქტიკა შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს.
- გამოსავალი თუ დეფიციტის დროებითი გადაფარვა?
დასმული კითხვები გვაფიქრებინებს, რომ ახალი მიდგომა რეალურად არ ასწორებს სისტემურ პრობლემას. გამოცდის დაშვება რეზიდენტურის გარეშე არ ნიშნავს კვალიფიკაციის გარანტიას. ეს შეიძლება სიმპტომის მკურნალობად ჩაითვალოს და არა მიზეზის.
ჯანდაცვის სისტემას და პროფესნიონალი კადრების აღზრდას სჭირდება სიღრმისეული რეფორმა, რომელიც ივანე აბიათარის განცხადებით, რამდენიმე ეტაპად უნდს განხორციელდეს: “ რეზიდენტურის გაუქმება პრობლემას ვერ გადაწყვეტს: რეზიდენტურა უნდა გახდეს უფასო და ანაზღაურებადი, როგორც ეს მთელს მსოფლიოშია. ესაა ჩვეულებრივი სამსახური და ახალგაზრდა ექიმების მძიმე შრომა უნდა დაფასდეს. რეზიდენტურის გამოცდაზე უნდა ამოწმებდნენ ცოდნას. რეზიდენტურის საგანმანათლებლო ხარისხის უნდა გაიზარდოს და შემოიღონ გამჭვირვალე და სამართლიანი სერტიფიცირების წესები. ექიმთა უწყვეტი განათლების წახალისება უნდა ხდებოდეს, და არა გვერდის ავლა”.
Medscriptum-ის პოზიციაა, რომ როდესაც საქმე ეხება ექიმის ლიცენზიას, სისწრაფეზე მნიშვნელოვანია ხარისხი. ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ექიმის სერტიფიცირებას შეეხება, უნდა ეფუძნებოდეს მკაფიო კრიტერიუმებს, სამართლიანობას, პროფესიულ სტანდარტებს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პაციენტის უსაფრთხოებას. ჩვენ მზად ვართ გავაშუქოთ ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია, ისევე როგორც ყველა პროფესიული ასოციაციისა და სამედიცინო საზოგადოების აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. შევეცდებით, გავაგრძელოთ დისკუსია, რადგან ვთვლით, რომ ეს თემა მხოლოდ პროფესიული ინტერესის საგანი არ არის, ეს ექიმის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის საკითხიცაა.

