2026 წლის 5-6 ნოემბერს თბილისში, საქართველოს უნივერსიტეტმა საერთაშორისო სამუშაო შეხვედრას, „ერთიანი ჯანმრთელობის ქსელების გაძლიერება: სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოსა და ევროპის ერთიანი ჯანმრთელობის სექტორებს შორის”, უმასპინძლა. ღონისძიებამ კავკასიისა და ევროკავშირის მასშტაბით კლინიცისტები, ეპიდემიოლოგები, ვეტერინარები და გარემოს მიკრობიოლოგები გააერთიანა. შეხვედრის მიზანი იმ სექტორული იზოლაციის აღმოფვრა იყო, რომელიც ჯანდაცვას, ცხოველთა ჯანმრთელობას, სურსათის უვნებლობასა და გარემოს დაცვას ერთმანეთისგან მიჯნავს.
მთავარ მოწვეულ სტუმართა შორის გახლდათ დოქტორი არიენ ვან დე გისენი – ევროპის ერთიანი ჯანმრთელობის ასოციაციის (EOHA) პრეზიდენტი და RIVM (ნიდერლანდების საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და გარემოს ეროვნული ინსტიტუტის ზოონოზებისა და გარემოს მიკრობიოლოგიის ცენტრი)-ის ხელმძღვანელი. 40-წლიანმა კარიერამ დოქტორი გისენი იმ მთავარ ფიგურად აქცია, რომელმაც სხვადასხვა დისციპლინის თანამშრომლობა პრაქტიკულ, ეროვნულ და საერთაშორისო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებად გარდაქმნა.
ინტერვიუში დოქტორი გისენი განმარტავს, რა პრაქტიკული ნაბიჯებია საჭირო იმისათვის, რომ „ერთიანი ჯანმრთელობის“ კონცეფცია ქმედით ადმინისტრაციულ რეალობად იქცეს. ევროპის გამოცდილებაზე დაყრდნობით, ასოციაციის ხელმძღვანელი საუბრობს, რა სარგებელს იღებს სისტემა მაშინ, როდესაც სხვადასხვა დარგი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობას წყვეტს და ერთმანეთის წინაშე ანგარიშვალდებული ხდება.
თქვენ ზოონოზების, გარემოს მიკრობიოლოგიისა და ინტერდისციპლინური კვლევების მიჯნაზე მუშაობთ. თავდაპირველად რატომ დაინტერესდით “ერთიანი ჯანმრთელობით” და როგორ განვითარდა წლების განმავლობაში თქვენი ხედვა ამ სფეროში?
ჩემი კარიერა უკვე თითქმის ორმოც წელს ითვლის და ძირითადად ბაქტერიულ ზოონოზებს უკავშირდება. უნდა ითქვას, რომ „ერთიანი ჯანმრთელობის“ ფარგლებში საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ვეტერინარიის უწყებების თანამშრომლობა თავიდანვე იყო ჩემი კვლევების ნაწილი. მაგალითად, სალმონელასა და კამპილობაქტერიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში მუდმივად ვთანამშრომლობდით მეფრინველეობის სექტორთან.
ცხადია, დღეს მძიმე გამოწვევებს ვაწყდებით. კარგად ვიცით, რომ კავშირი საზოგადოებრივ, გარემოსა და ცხოველთა ჯანმრთელობას შორის რეალურია, თუმცა ამავდროულად – მყიფე. გადამწყვეტია იმის გააზრება, რომ ეს ბალანსი შეიძლება დაარღვიოს გლობალურმა ცვლილებებმა: ეკოლოგიურმა ძვრებმა, კლიმატის ცვლილებამ, ბიომრავალფეროვნების კარგვამ, დაბინძურებამ, სურსათის წარმოების სისტემების ტრანსფორმაციამ და მიწის ფართომასშტაბიანმა ათვისებამ. სწორედ ეს ყოვლისმომცველი ზეწოლა აზიანებს იმ ბუნებრივ ბმებს, რომელიც ადამიანს, ცხოველსა და გარემოს ერთმანეთთან აკავშირებს.
აღნიშნული გარემოებები მოითხოვს, რომ გამოწვევებზე რეაგირება იყოს მულტიდისციპლინური და სექტორთაშორისი. თუ ადრე „ერთიანი ჯანმრთელობა“ ვეტერინარიასა და საზოგადოებრივ ჯანდაცვას შორის მხოლოდ ორმხრივ თანამშრომლობას გულისხმობდა, დღეს ის ერთიან, ყოვლისმომცველ სისტემად იქცა. ამ პროცესში გარემოსდაცვითი ექსპერტიზა უკვე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან მთელი სისტემის საფუძველი სწორედ ბუნებრივი გარემოს მდგომარეობაა. ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს სოციალური თანასწორობის დაცვა, რათა ნებისმიერი გადაწყვეტილება ყველა სექტორის ინტერესებს ითვალისწინებდეს.
„ერთიანი ჯანმრთელობის“ კონცეფციამ დიდი ევოლუცია განიცადა. სამეცნიერო წრეების მიერ მისი აღიარების კვალდაკვალ, ის პოლიტიკურ დონეზეც ინერგება, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მიუხედავად ამისა, კონცეფციის სახელმწიფო დონეზე გადატანა სირთულეებთანაა დაკავშირებული, ვინაიდან სამინისტროები (საზოგადოებრივი ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა) ტრადიციულად დამოუკიდებლად, სექტორულად მუშაობენ და სინქრონულ თანამშრომლობას მიჩვეულები არ არიან. სამეცნიერო გაერთიანებებისგან განსხვავებით, სახელმწიფო უწყებებისთვის ეს ახალი გამოწვევაა. დღეს მინისტრებისა და პოლიტიკოსების მთავარი ვალდებულება სწორედ ამ ერთიანი, სექტორთაშორისი აზროვნების ყოველდღიურ მმართველობაში დანერგვაა.
ეს მზარდი ტენდენცია ევროპის მასშტაბითაც თვალნათლივ ჩანს. განსაკუთრებით აღსანიშნავია კოპენჰაგენის კონფერენცია, სადაც პოლიტიკურმა წრეებმა კოლეგებისთვის კონკრეტული სექტორთაშორისი რეკომენდაციები მოამზადეს. მიმდინარე წლის დასაწყისში კი პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ლიონში „ერთიანი ჯანმრთელობის“ გლობალურ სამიტს უმასპინძლა. შეხვედრამ მულტიდისპილინური მიდგომის გლობალური იმპლემენტაციის მიზნით, სახელმწიფოთა მეთაურები და წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციები გააერთიანა. დღეს „ერთიანი ჯანმრთელობა“ წარმოადგენს მთავარ, აუცილებელ სტრატეგიას ინსტიტუციური ფრაგმენტაციის მოსპობისა და გლობალური კრიზისების დასაძლევად.
თქვენი ძალისხმევით ნიდერლანდებში ზოონოზური ინფექციების ადრეული გაფრთხილების სისტემებიც განვითარდა. რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს საგანგაშო სიგნალი, რომ ჯანდაცვის ორგანოებმა კონკრეტული ზომები მიიღონ?
ამ მიზნის მისაღწევად კონკრეტული კრიტერიუმები არსებობს. ახალი ზოონოზური ინფექციის გამოჩენისას ის თითქმის არასდროს რჩება მხოლოდ ერთ ადგილზე: პრობლემა ერთდროულად ეხება როგორც ცხოველთა სამყაროს, ისე ადამიანთა პოპულაციას. ხშირ შემთხვევაში, პათოგენები ცირკულირებს იმ ცხოველებში, რომლებიც აქტიური ვეტერინარული ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებიან. შესაბამისად, ამ მონაცემების ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის დროულად გაზიარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
აღნიშნული პროცესი ინსტიტუციურ თანამშრომლობას მოითხოვს. ნიდერლანდებში დავნერგეთ ეროვნული ზოონოზების მოდელი, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ვეტერინარიის სპეციალისტები ყოველთვიურად ხვდებიან ერთმანეთს და აფასებენ შესაძლო საფრთხეების ადრეულ ნიშნებს. უმეტეს შემთხვევაში გადაუდებელი ზომების მიღება არ არის აუცილებელი, რადგან ფრინველის გრიპისა თუ სხვა ინფექციების საწინააღმდეგო რუტინული პროტოკოლები პრობლემას წარმატებით უმკლავდება. თუმცა დროდადრო ჩნდება ახალი პათოგენები, რომელიც დადგენილი კანონმდებლობის ჩარჩოებს სცდება და განსაკუთრებულ კოორდინაციას მოითხოვს.
აღნიშნული საჭიროება მკაფიოდ გამოიკვეთა 2000-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ქვეყანაში Q ცხელების მასშტაბური აფეთქება მოხდა. პირუტყვში Coxiella burnetii-ს გამოჩენის პარალელურად, ზოგადი პროფილის ექიმები პაციენტებში პნევმონიის აუხსნელ შემთხვევებზე ალაპარაკდნენ, თუმცა კლინიკურ და ვეტერინარულ სექტორებს შორის კავშირი მაშინვე ვერ დამყარდა. ამ ცალკეული სიგნალების ერთმანეთთან დაკავშირებას ძალიან დიდი დრო დასჭირდა. როგორც კი მიზეზ-შედეგობრივი ბმა გამოიკვეთა, ერთობლივი ქმედებებიც დავიწყეთ; დღეს კი ჩვენი მთავარი მიზანია, მსგავსი შეფერხებები მუდმივი ინსტიტუციური პლატფორმების შექმნით გამოვრიცხოთ, სადაც საყურადღებო სიგნალები დაუყოვნებლივ მჟღავნდება.
ბოლო პერიოდში გენომური ეპიდზედამხედველობის მნიშვნელობა მკვეთრად გაიზარდა. რას გულისხმობს ეს მიდგომა პრაქტიკაში და როგორ შეგვიძლია, სექვენირების შედეგად მიღებული მონაცემები საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის რეალურ, ქმედით ინსტრუმენტებად ვაქციოთ?
ეპიდზედამხედველობა სრულად მოლეკულურ გენომიკაზე გადადის. თუ ადრე სეროტიპირებისა და ფაგოტიპირების მსგავს ტრადიციულ ფენოტიპურ მეთოდებს ვიყენებდით, დღეს პათოგენების დასახასიათებლად სრული გენომური სექვენირება (WGS) და მიზნობრივი გენომური ტიპირება გამოიყენება. ძირითადი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ სექვენირების მონაცემები საერთაშორისო და უწყებათაშორის მონაცემთა ბაზებში წარმატებით ინტეგრირდება. მოწინავე გამოთვლითი მეთოდების გამოყენებით, კლინიკური, ვეტერინარული, სასურსათო და გარემოდან მიღებული იზოლატების პარალელური და ოპერატიული შედარება რეალურ დროში შეგვიძლია.
აღნიშნული მიდგომა მეცნიერებს საშუალებას აძლევს, გამოავლინონ ინფექციის გადაცემის ის ფარული ჯაჭვები, რომელიც ტრადიციული მეთოდებით შეუმჩნეველი დარჩებოდა. მაგალითად, გრიპის ეპიდზედამხედველობისას ნიდერლანდების მონაცემთა ბაზები აკვირდება ფრინველებში, ღორებსა და ადამიანებში აღმოჩენილ შტამებს. ცნობილია, რომ ზოგიერთი ცხოველი, განსაკუთრებით ღორი, შესაძლოა ვირუსების „შემრევ ჭურჭლად“ იქცეს, რაც ზრდის ახალი, შერეული (reassortant) ვირუსების წარმოქმნის საფრთხეს. გენომური მონაცემების რეალურ დროში შედარება საშუალებას გვაძლევს, ადრეულ ეტაპზევე დავაფიქსიროთ პოტენციური ზოონოზური რისკები და ადეკვატურად ვუპასუხოთ მათ. შედეგად, სექვენირების ერთიანი ბაზები ეპიდზედამხედველობას პასიური რეტროსპექტული ანალიზიდან რისკების რეალურ დროში შემცირების მექანიზმად აყალიბებს.
საინტერესოა ანტიმიკრობული რეზისტენტობის (AMR) განხილვაც „ერთიანი ჯანმრთელობის“ პერსპექტივიდან. ხშირად რეზისტენტულ ინფექციებს მხოლოდ ადამიანთა პრობლემად განვიხილავთ და სრულიად გვავიწყდება გარემოში არსებული რეზერვუარები.
ანტიმიკრობული რეზისტენტობა (AMR) ალბათ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ რატომ არის „ერთიანი ჯანმრთელობის“ პრინციპი უალტერნატივო. ხშირად რეზისტენტული გენები ანტიბიოტიკების ზემოქმედებით ფერმებში მცხოვრებ ცხოველებში ჩდნება, შემდეგ კი კვებითი ჯაჭვით, პირდაპირი კონტაქტით ან თუნდაც ჩამდინარე წყლებით ადამიანების საარსებო გარემოში აღწევს.
ამ კრიტიკულმა ვითარებამ ნიდერლანდებში, 2000-იანი წლების დასაწყისშივე, აიძულა ვეტერინარები და ჯანდაცვის ექსპერტები, ერთობლივად სტრატეგიული ნაბიჯები გადაედგათ. ჩვენ დავნერგეთ სავალდებულო, დარგთაშორისი პოლიტიკა ანტიმიკრობული პრეპარატების შესაზღუდად. კერძოდ, ადამიანების მძიმე ინფექციების სამკურნალოდ სასიცოცხლოდ აუცილებელი ანტიბიოტიკების ვეტერინარული მიზნით გამოყენება მკაცრად შეიზღუდა ან სრულად აიკრძალა.
როდესაც ანტიმიკრობული პრეპარატების ზუსტად იგივე კლასები უკონტროლოდ გამოიყენება როგორც ვეტერინარიაში, ისე მედიცინაში, რეზისტენტობის პროცესი ძლიერდება და კლინიცისტებს ეფექტური სამკურნალო საშუალებები აღარ რჩებათ. „ერთიანი ჯანმრთელობის“ მიდგომა სწორედ იმისთვის არსებობს, რომ შეიქმნას ნათელი, სექტორთაშორისი შეთანხმებები: ზუსტად განისაზღვროს, რომელი პრეპარატია დასაშვები სოფლის მეურნეობაში და რომელი უნდა დავტოვოთ გამონაკლისის გარეშე მხოლოდ ადამიანთა სამკურნალოდ.
როგორ შეაფასებდით დღეს სურსათის უვნებლობის კუთხით არსებულ ვითარებას? რა მექანიზმებითაა შესაძლებელი არსებული პოლიტიკის ტრანსფორმაცია რეაქტიული მიდგომიდან პრევენციულ სტრატეგიაზე?
მიმდინარე გლობალური ტრანსფორმაციები, კერძოდ, სასურსათო მიწოდების ჯაჭვების კომპლექსურობა, სოფლის მეურნეობის ინტენსიფიკაცია, სამომხმარებლო ქცევისა და კვებითი რეჟიმის ცვლილება, მოსახლეობის დაბერება და კლიმატური ძვრები, წარმოქმნის სურსათის უვნებლობის ფუნდამენტურ გამოწვევებს, რაც მკაცრად მოითხოვს „ერთიანი ჯანმრთელობის“ კონცეფციის ინტეგრირებას.
საქართველო „ერთიანი ჯანმრთელობის“ ფარგლებში მჭიდროდ ამყარებს ინსტიტუციურ კავშირებს ევროპულ სტრუქტურებთან, რასაც ეს სამუშაო შეხვედრაც ადასტურებს. რა უნდა იყოს ამგვარი ერთობლივი ინიციატივების ძირითადი პრიორიტეტები?
საქართველომ შესანიშნავი მზაობა გამოავლინა „ერთიანი ჯანმრთელობის“ მიმართულებით ევროპულ და საერთაშორისო კონსორციუმებთან ინტეგრაციაში. როგორც EOHA-ს პრეზიდენტი ვხედავ, რა დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ ქართული მხარეები, მათ შორის საქართველოს ერთიანი ჯანმრთელობის ინსტიტუტი და აგრარული უნივერსიტეტი. OHI, SRCA და GNHI ჩვენი ასოციაციის სრულუფლებიანი წევრები არიან.
პიროვნული და ინსტიტუციური პარტნიორობა უმთავრესია. რეგიონის ექსპერტები ერთმანეთთან მჭიდრო პროფესიულ კავშირებს უნდა ამყარებდნენ, ცვლიდნენ მეთოდებს და აყალიბებდნენ ერთობლივ ინიციატივებს. აღნიშნული მიდგომის წარმატებული პრაქტიკა სესიის ფარგლებში სომეხმა კოლეგებმაც წარადგინეს.
ნაყოფიერი თანამშრომლობა სამ ფუნდამენტურ პრინციპზეა დამყარებული: მჭიდრო კომუნიკაცია, სამეცნიერო მონაცემთა გამჭვირვალობა, და დიაგნოსტიკური პროტოკოლების/ზედამხედველობის სისტემების ჰარმონიზაცია. ზუსტად ამ მიზანს ემსახურება მსგავსი სამუშაო შეხვედრების პრაქტიკული ფორმატიც.

