„ექიმის მთავარი პრინციპია — არ ავნოს პაციენტს. ამისთვის კი აუცილებელია სხვისი აზრის მოსმენისა და გაზიარების უნარი.“

გააზიარე

ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის ბავშვთა ნეფროლოგს, პედიატრს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორსა და პროფესორ გურამ ჩიტაიას 80 წელი შეუსრულდა.

მისი მრავალწლიანი საქმიანობა ბავშვთა ნეფროლოგიის განვითარებას, პაციენტების მკურნალობასა და ახალგაზრდა კოლეგების მომზადებას უკავშირდება.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ბატონი გურამი განვლილ წლებზე, მასწავლებლებზე, სფეროში მომხდარ ცვლილებებსა და საექიმო პრაქტიკის მთავარ პრინციპებზე გვესაუბრა.

ბატონო გურამ, როგორ დაიწყო თქვენი გზა მედიცინის სფეროში და რამ განაპირობა ეს არჩევანი?

მედიცინა თავად არ ამირჩევია, ეს დიდი ხნის წინ, დედის რჩევით მოხდა. დედაც ექიმი გახლდათ, პედიატრია კი უკვე ჩემი არჩევანი იყო, თუმცა განსაკუთრებული მიზეზი არ მქონია. მიმუშავია როგორც მოზრდილებთან, ისე ბავშვებთან. ამჟამად მხოლოდ ჩემი ძირითადი სპეციალობით — ბავშვთა ნეფროლოგად ვმუშაობ. განვლილმა გამოცდილებამ გამიმყარა რწმენა, რომ ეს გადაწყვეტილება მართებული იყო. ბავშვებთან ურთიერთობა, ნებისმიერ ასაკში, კარგია. მოზრდილებთან რომ დამეწყო მუშაობა, ალბათ იგივე შეგრძნება მექნებოდა, რაც ახლა მაქვს, არ ვიცი.

მრავალწლიანი პრაქტიკიდან, რომელი ეტაპი იყო გარდამტეხი და საინტერესო თქვენთვის, როგორც პროფესიონალისთვის?

ჩემთვის ასეთი ეტაპი ასპირანტურის წლები გახლდათ. ჩემი დისერტაციის ხელმძღვანელი საქართველოში პირველი ბავშვთა ნეფროლოგი და ბავშვთა ნეფროლოგიის ფუძემდებელი, ქალბატონი მერი გელოვანი იყო. მასთან ვმუშაობდი და ბავშვთა ნეფროლოგადაც სწორედ ქალბატონ მერისთან ჩამოვყალიბდი.

შემდგომში ასევე ძალზე მნიშვნელოვანი პერიოდი იყო სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობა. საერთოდაც, ყოველი დღე და პაციენტებთან ურთიერთობა განსაკუთრებულია. ეს ძალიან საპასუხისმგებლო და საინტერესო პროცესია, თითოეული პაციენტი ცალკე ინდივიდია და მისი დაავადებაც შესაბამისად ინდივიდუალურად ფასდება.

ვინ იყვნენ თქვენთვის მთავარი მასწავლებლები, ვისგანაც საქმისადმი დამოკიდებულება ისწავლეთ?

ჩემი პირველი პედაგოგი გახლდათ პროფესორი ირაკლი ციციშვილი, რომელიც იმხანად პედიატრიის კათედრის გამგე იყო. ასევე, იმ პერიოდის დოცენტი, ქალბატონი ლელი ქერქაძე, რომელიც შემდგომში პროფესორი და კათედრის გამგე გახდა.

და, რა თქმა უნდა, პროფესორი მერი გელოვანი — მან კათედრის გამგის პოსტზე თავისი მასწავლებელი, ბატონი ირაკლი ციციშვილი შეცვალა. ის იყო ჩვენი მასწავლებელი მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

როგორ შეიცვალა ბავშვთა ნეფროლოგია და პაციენტებთან მუშაობის მიდგომები თქვენი პროფესიული წლების განმავლობაში?

ცვლილებები უზარმაზარია. თუნდაც დიაგნოსტიკის თვალსაზრისით – ავიღოთ თირკმლის ბიოფსია, ან ისეთი დაავადებების მართვა, რომელთაც ქრონიკული მიმდინარეობა ახასიათებთ. დღეს უკვე შესაძლებელია ამ ქრონიკული პაციენტების მკურნალობა ჩანაცვლებითი თერაპიით.

გარდა ამისა, თანდაყოლილი ანომალიების დიაგნოსტიკა დღეს უკვე მუცლადყოფნის პერიოდშივე ხდება, რაც საშუალებას გვაძლევს, დროულად ჩავერიოთ და გამოვასწოროთ მდგომარეობა. ეს ყველაფერი ის სიახლეებია, რაც ადრე საერთოდ არ არსებობდა.

რა თქმა უნდა, შეიცვალა მიდგომებიც — დღეს არსებობს გაიდლაინები, ანუ გზამკვლევები, თუ როგორ უნდა მივუდგეთ თითოეულ პაციენტს. ამასთან, არიან კოლეგები, რომლებთანაც ყოველთვის შეგვიძლია მსჯელობა.

არის თუ არა რომელიმე პაციენტი ან შემთხვევა, რომელიც განსაკუთრებით დაგამახსოვრდათ?

წლების წინ სამეგრელოდან ჩამოიყვანეს გოგონა, რომელსაც რამდენიმეთვიანი ავადმყოფობის ისტორია ჰქონდა. თირკმლის უკმარისობა ძალზე სწრაფად განვითარდა. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ მას თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაუტარდა — დონორი დედა გახლდათ, რომელიც, სამწუხაროდ, შემდგომში გარდაიცვალა.

და აი, დაახლოებით ერთი თვის წინ, ეს უამაზესი გოგონა თავის არაჩვეულებრივ საქმროსთან ერთად მოვიდა კლინიკაში და მე და ჩემი კოლეგა ქორწილში დაგვპატიჟა. უზომოდ გამიხარდა, როდესაც ასეთი ლამაზი და ბედნიერი ვიხილე.

რა არის თქვენი მთავარი პროფესიული პრინციპი თუ ღირებულება?

ექიმის მთავარი პრინციპი მაინც ის არის, რომ პაციენტს არ ავნოს — არც არასწორი დიაგნოზით და არც არასწორი მკურნალობით. ამის უზრუნველსაყოფად კი აუცილებელია გაზიარებისა და სხვისი აზრის მოსმენის უნარი.

სწორედ ამ სულისკვეთებით ვზრდით მომავალ ნეფროლოგებსა და ექიმებს, რომლებიც ჩვენთან, ბავშვთა ნეფროლოგიის რეზიდენტურის პროგრამაში სწავლობენ, რომლის ხელმძღვანელიც მე გახლავართ. მიმაჩნია, რომ ასეთი მიდგომა ყოველთვის მართებულია – განსაკუთრებული ამაში არაფერია.

ეს ჩვევა ქალბატონი მერისგან ჩამომიყალიბდა — ის ყოველთვის გვეთათბირებოდა და თითოეული პაციენტის დიაგნოზი დიდი მსჯელობის საგანი იყო. ეს ტრადიცია დღემდე მოჰყვება ჩვენს ნეფროლოგთა ჯგუფს. როგორც ვახსენე, ჩვენი ჯგუფის ძირითადი პედაგოგი სწორედ ქალბატონი მერი გელოვანი იყო, ამიტომაც დავამკვიდრეთ ასეთი ტრადიცია — გვაქვს ერთი განსაკუთრებული დღე, როდესაც ერთმანეთს ვხვდებით, ვიკრიბებით და ქალბატონ მერის ვიგონებთ.

რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდა კოლეგებს, რომლებიც ახლა იწყებენ ამ რთულ და საპასუხისმგებლო გზას?

პირველ რიგში, კარგად უნდა დაფიქრდნენ, რომელი სპეციალობა სურთ რომ აირჩიონ. ხოლო არჩევანის გაკეთების შემდეგ, ამ სპეციალობის სრულფასოვნად დასაუფლებლად, მზად უნდა იყვნენ უზარმაზარი შრომისთვის.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები