ერთჯერადმა თერაპიამ, შესაძლოა, დაზიანებული ბადურა განკურნოს და დაკარგული მხედველობა აღადგინოს — ახალი კვლევა

გააზიარე

მიჩიგანის შტატის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შეიმუშავეს ახალი, ერთჯერადი სამკურნალო მეთოდი, რომელსაც იშვიათი გენეტიკური დაავადების მქონე ზრდასრულებში დაზიანებული ბადურის აღდგენა და დაკარგული მხედველობის დაბრუნება შეუძლია. ცხოველებზე ჩატარებულმა წარმატებულმა ცდებმა აჩვენა, რომ ძუძუმწოვრებში ნერვული უჯრედების აღდგენა, რაც აქამდე შეუძლებლად მიიჩნეოდა, სრულიად შესაძლებელია.

მხედველობის პრობლემებს, რომელიც ადამიანებსა და ძაღლებში ბავშვობიდანვე ვლინდება, ხშირად იწვევს CaBP4 გენის მუტაცია. ეს დეფექტი ქმნის იმ ცილის დეფიციტს, რომელიც მხედველობისა და ბადურაში (რეტინაში) სიგნალის გადაცემისთვის არის აუცილებელი. მეცნიერებმა გამოსავალს მიაგნეს — მათ ცხოველების ბადურაში უსაფრთხო ვირუსის მეშვეობით გენის ჯანსაღი, მუშა ასლი შეიყვანეს.

შედეგად, ერთჯერადმა თერაპიამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მხედველობა სუსტი განათების პირობებში (სწორედ ამ დროს ვლინდება ყველაზე მეტად CaBP4 ცილის დეფიციტი). ამასთან, მკურნალობამ შეაჩერა დაზიანებული ბადურის დეგრადაცია და ხელი შეუწყო იმ ანატომიური ფენების (გარე წნულისებრი შრე და სინაფსური ლენტები) აღდგენა-გაფართოებას, რომლებიც მხედველობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან კავშირებს უზრუნველყოფს.

„ბადურის გენში არსებული მუტაცია შეიძლება შევადაროთ ნახაზში დაშვებულ შეცდომას, რომლის გამოც სისტემისთვის ინსტრუქცია გაუგებარი ხდება, ეს კი საბოლოოდ მხედველობის დაკარგვას იწვევს“, — აცხადებს კვლევის ხელმძღვანელი ბილი ბექვით-კოენი.

აღსანიშნავია, რომ თერაპიამ თვალს საშუალება მისცა, ხელახლა გაეზარდა ის შრეები, რომლებიც განვითარების პროცესში სათანადოდ ვერ ჩამოყალიბდა. მეცნიერებმა დააფიქსირეს ნერვული უჯრედების ხელახალი გადაწყობის პროცესიც, მიუხედავად იმისა, რომ თვალი და ნერვული უჯრედების კავშირები წლების განმავლობაში იყო დაზიანებული. ამასთან, თერაპიის ეფექტი ხანგრძლივი აღმოჩნდა — შედეგები საწყისი მკურნალობიდან სამი წლის შემდეგაც ნარჩუნდებოდა.

მართალია, ეს იშვიათი გენეტიკური დაავადებაა და ახალი მეთოდი ადამიანებზე ჯერ არ გამოუცდიათ, მაგრამ მეცნიერები მის ეფექტურობაში დარწმუნებულნი არიან. მათი თქმით, ეს მიგნება არამხოლოდ კონკრეტული დაავადების მკურნალობაში დაგვეხმარება, არამედ შესაძლოა საფუძვლად დაედოს დაზიანებული ნერვული ქსელების აღდგენის სხვა ინოვაციურ მეთოდებსაც.

წყარო: NYPOST

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები