back to top

მონაცემთა სისტემების გაუმჯობესების მნიშვნელობა საქართველოს ჯანდაცვის სექტორისთვის

გააზიარე

რატომ არის მონაცემები მნიშვნელოვანი

როდესაც ადამიანი მძიმე სამედიცინო მდგომარეობას გადაიტანს, იქნება ეს ინსულტი, სერიოზული ტრავმა თუ კომპლექსური ოპერაცია, მისი ბრძოლა სრულფასოვანი ცხოვრებისთვის სწორედ აქედან იწყება.

რეაბილიტაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც აერთიანებს ფიზიკურ, ოკუპაციურ და მეტყველების თერაპიას. ეს მომსახურება ეხმარება პაციენტებს, დაიბრუნონ სიარულის უნარი, აღიდგინონ მეტყველება და დაუბრუნდნენ დამოუკიდებელ ცხოვრებას.

ამ სერვისებზე მოთხოვნა მთელ მსოფლიოში მკვეთრად იზრდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) რეაბილიტაციას გლობალურ პრიორიტეტად ასახელებს და ქვეყნებს მოუწოდებს, ის ჯანდაცვის საბაზისო სისტემაში სრულფასოვნად ჩართონ.

საქართველომ ამ გზაზე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია: ქვეყანაში შეიქმნა აღნიშნული სერვისების მიწოდების სამართლებრივი ბაზა, ხოლო 2022 წელს ისტორიული გადაწყვეტილება იქნა მიღებული: ზრდასრულთა რეაბილიტაცია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის (UHCP) შემადგენელი ნაწილი გახდა. ამასთან, 2023-2027 წლების ახალი ეროვნული სტრატეგია ამ ტიპის სერვისების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

თუმცა, იმისთვის, რომ ეს ამბიციური მიზნები სრულად შესრულდეს, ერთი მთავარი დაბრკოლებაა დასაძლევი: რეაბილიტაციის შესახებ მონაცემები არ არის საკმარისად ორგანიზებული.

ამჟამად, ინფორმაცია სერვისის მიმწოდებლების მიერ სხვადასხვა ფორმით გროვდება, რაც შეუძლებელს ხდის მივიღოთ მკაფიო, სრულფასოვანი სურათი. სწორედ ეს სურათია გადამწყვეტი იმისთვის, რომ მოხდეს სათანადო დაგეგმვა — განისაზღვროს, სად უნდა განვითარდეს ახალი სერვისები, რამდენი თერაპევტია კიდევ საჭირო და რომელი სამკურნალო მეთოდებია ყველაზე ეფექტური. 

როგორ შევაფასეთ სიტუაცია

სიტუაციის ყოვლისმომცველი ანალიზისთვის, ჩვენმა კვლევითმა ჯგუფმა ორნაწილიანი მიდგომა გამოიყენა. 

  • ერთი მხრივ, ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ ყველა ოფიციალური სამთავრობო კანონი, რეგულაცია და პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემას ეხებოდა, რათა დაგვენახა, თუ როგორ იყო სისტემა თეორიულად მოწყობილი. 
  • მეორე მხრივ, ჩავატარეთ 24 სიღრმისეული ინტერვიუ იმ ადამიანებთან, რომლებიც ამ სისტემას ყოველდღიურად იყენებენ. მათ შორის იყვნენ ექიმები, თერაპევტები და მენეჯერები ექვს სხვადასხვა სარეაბილიტაციო დაწესებულებიდან (ოთხი დაფინანსებული იყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და ორი იყო კერძო კლინიკა). გარდა ამისა, ჩვენ ვესაუბრეთ ორ მთავარ პოლიტიკის განმსაზღვრელ პირსაც, რათა შეგვეგროვებინა ინფორმაცია ეროვნულ დონეზე არსებული შეხედულებების შესახებ.

რა აღმოვაჩინეთ

ჩვენ აღმოვაჩინეთ სისტემა, რომელიც დროთა განმავლობაში განვითარდა, რადგან საჭიროებების ზრდასთან ერთად მას სხვადასხვა ნაწილები ემატებოდა. ამან ოთხი ძირითადი გამოწვევა წარმოშვა, რომლებიც, ამავე დროს, ზრდის შესაძლებლობასაც იძლევა.

პირველ რიგში, ინფორმაციის ფრაგმენტაცია დავინახეთ. აღმოჩნდა, რომ სერვისის მიმწოდებლები დროს ხარჯავენ მსგავსი ინფორმაციის განსხვავებულ, ერთმანეთთან დაუკავშირებელ სისტემაში შეტანაზე, რათა სხვადასხვა უწყების მოთხოვნები დააკმაყოფილონ. აღნიშნული წარმოქმნის მძიმე ადმინისტრაციულ ტვირთს და მიუთითებს, რომ ყველა ღირებული მონაცემი ერთ სივრცეში არ ინახება.

მეორე, მონაცემების დიდი ნაწილი სისტემისთვის „წაუკითხავია“. აღმოჩნდა, რომ ყველაზე კრიტიკული ინფორმაციის ნაწილი, მაგალითად, პაციენტის მონაცემები, ხშირად არასტრუქტურირებული ფორმატით (PDF ფაილი) ინახება. PDF-ის წაკითხვა ადამიანს შეუძლია, მაგრამ კომპიუტერი მის შიგნით არსებული მონაცემების ანალიზს ვერ ახერხებს.

მესამე, ჯანმრთელობის შედეგების შესადარებლად აუცილებელია, რომ ყველა „ერთ ენაზე ლაპარაკობდეს“. ჯანდაცვაში ეს ნიშნავს სტანდარტიზებული „კოდების“ გამოყენებას დიაგნოზის, მკურნალობის ან პაციენტის მდგომარეობის აღსაწერად.მიუხედავად იმისა, რომ დიაგნოზისთვის სტანდარტული კოდი (ICD-10) გამოიყენება, რეაბილიტაციაში არ გვაქვს ერთიანი სისტემა ინტერვენციებისა და, რაც მთავარია, პაციენტის ფუნქციური მდგომარეობის აღსაწერად/კოდირებისთვის. სახელმწიფო კლინიკები ვალდებულნი არიან გამოიყენონ FIM (ფუნქციური დამოუკიდებლობის საზომი), მაგრამ სხვა კლინიკები იყენებენ განსხვავებულ ინსტრუმენტებს ან საერთოდ არაფერს. შედეგად რთულდება მკურნალობის შედეგების შედარება და ყველაზე ეფექტური მეთოდების დადგენა.

და ბოლოს, მსგავსი გამოწვევა არსებობს ჯანდაცვის სისტემაში კადრების შესახებ მონაცემებთან დაკავშირებითაც. ინფორმაცია ექიმების, ექთნებისა და თერაპევტების შესახებ ასევე გროვდება სხვადასხვა სისტემაში. ეს ფრაგმენტაცია ართულებს მარტივ, რეალურ დროში პასუხის მიღებას ისეთ კითხვაზე, როგორიცაა: „რამდენი თერაპევტი მუშაობს ამჟამად ქვეყანაში?“

მონაცემების მოქმედებაში მოყვანა

საქართველომ უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი რეაბილიტაციის ეროვნულ პრიორიტეტად გამოცხადებით. შემდეგი ნაბიჯი არის იმის უზრუნველყოფა, რომ რეაბილიტაციის შესახებ მონაცემები იყოს სტანდარტიზებული, ციფრული და ურთიერთდაკავშირებული.

ამ ხარვეზების აღმოფხვრა საჭიროებს სტანდარტიზებულ მონაცემთა შეგროვების ჩარჩოს, რომელიც აქცენტს გააკეთებს პროგრამულ და ფუნქციურ ნაწილზე, პაციენტზე ორიენტირებულ ანალიტიკაზე და არსებული ელექტრონული სისტემების ყოვლისმომცველ გამოყენებაზე.

მონაცემების შეგროვებისა და გაზიარების მეთოდების გაუმჯობესებით, საქართველოს შეეძლება უკეთესი გადაწყვეტილებების მიღება იმასთან დაკავშირებით, თუ სად ჩადოს ინვესტიცია, რომელი პროგრამები გააფართოოს და როგორ დაეხმაროს მოქალაქეებს, უფრო სწრაფად გამოჯანმრთელდნენ და უფრო დამოუკიდებელი ცხოვრებით იცხოვრონ.

ავტორები: ნინო კოტრიკაძე, აკაკი ზოიძე, გიორგი გოცაძე

წყარო: ScienceDirect

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები