გაახალგაზრდავების საიდუმლოს ადამიანები უძველესი დროიდან ეძებენ. დღეს კი მეცნიერება ამ მიზანს ისე მიუახლოვდა, როგორც არასდროს. კემბრიჯის ბაბრაჰამის ინსტიტუტის მეცნიერებმა წარმატებით შეაჩერეს ადამიანის კანის დაბერების პროცესი და უჯრედები 30 წლით გააახალგაზრდავეს.
მიღწევა, რომელიც ჟურნალ eLife-ში გამოქვეყნდა, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს სამეცნიერო წრეებში, რადგან მას დიდი პოტენციალი აქვს რეგენერაციული მედიცინისა და დაბერების საწინააღმდეგო თერაპიების განვითარებაში.
ამ კვლევის საფუძველი ტექნიკაა, რომელიც 2006 წელს ნობელის პრემიის ლაურეატმა, იაპონელმა მეცნიერმა, შინია იამანაკამ შეიმუშავა. მან აღმოაჩინა, რომ შესაძლებელია ზრდასრული, უკვე განვითარებული, უჯრედების საწყის მდგომარეობაში დაბრუნება და მათი ღეროვან უჯრედებად გარდაქმნა.
მიზნის მისაღწევად იამანაკამ გამოიყენა ოთხი სპეციფიკური მოლეკულა. მათ დღეს “იამანაკას ფაქტორებს” უწოდებენ. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ფაქტორები ერთგვარი გადამრთველებია, რომლებიც უჯრედში გენების მუშაობას ცვლიან და მას ღეროვანი უჯრედის თვისებებს ანიჭებენ.
იამანაკას მეთოდით უჯრედების გაახალგაზრდავებას 50 დღე სჭირდებოდა. ეს პროცესი მნიშვნელოვნად შეამცირა და იგივე შედეგი მხოლოდ 13 დღეში მიიღო
კემბრიჯის ბაბრაჰამის ინსტიტუტის გუნდმა, მოლეკულური ბიოლოგის ვოლფ რეიკისა და დოქტორ დილჯიტ გილის ხელმძღვანელობით. მათი მეთოდით, უჯრედებს შეუძლიათ ნაწილობრივ შეცვალონ თავიანთი ბიოლოგიური საათი და გაახალგაზრდავდნენ ისე, რომ კანის უჯრედის ფუნქცია შეინარჩუნონ. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი სამომავლო გამოყენებისთვის.
იამანაკას მეთოდისგან განსხვავებით, რომელიც უჯრედებს სრულად ღეროვან უჯრედებად გარდაქმნიდა (ანუ ისინი კარგავდნენ თავდაპირველ ფუნქციას), კემბრიჯელმა მეცნიერებმა შეძლეს უჯრედების გაახალგაზრდავება ისე, რომ მათ თავიანთი სპეციფიკური ფუნქციაც შეინარჩუნეს. ეს მიღწევა მეთოდოლოგიის სამომავლო გამოყენებას ბევრად უფრო რეალისტურს ხდის.
ჩატარებული ტესტებით გაირკვა, რომ 53 წლის დონორისგან აღებული დამუშავებული კანის უჯრედები, გაახალგაზრდავების შემდეგ, 23 წლის ადამიანის კანის უჯრედებს დაემსგავსა. ამას მეცნიერები ამოწმებდნენ სპეციალური ბიოლოგიური მარკერებისა და, რაც მთავარია, კოლაგენის გამომუშავებით, რომელიც კანის ელასტიურობასა და სიმკვრივეს უზრუნველყოფს.
აღმოჩენა დამაიმედებელია, თუმცა ექსპერტები მეცნიერებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ მსგავსი მეთოდების კლინიკაში გამოყენება ჯერ შორეული პერსპექტივაა. მათი თქმით, კვლევა ნამდვილად რევოლუციურია, მაგრამ ადამიანებზე გამოყენებამდე საჭიროა მასშტაბური კვლევების ჩატარება, რომ საბოლოოდ დადგინდეს ამ მეთოდოლოგიის გრძელვადიანი ეფექტები და უსაფრთხოება.
აღმოჩენა უკვე იწვევს განსაკუთრებულ ინტერესს კოსმეტიკურ ინდუსტრიაში. ბიოტექნოლოგიური ფირმები აქტიურად იკვლევენ, როგორ გამოიყენონ ეს ტექნოლოგია არაინვაზიური გაახალგაზრდავებისთვის.
ეს ერთადერთი მიღწევა არ არის ამ მიმართულებით. ჯერ კიდევ 2020 წელს ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ, იამანაკას ფაქტორების გამოყენებით, ხანდაზმულ თაგვებში მხედველობის აღდგენა გახდა შესაძლებელი. კალიფორნიის სალკის ინსტიტუტის კვლევამ კი დაადასტურა, რომ ნაწილობრივმა რეპროგრამირებამ თაგვების სიცოცხლის გახანგრძლივება შეძლო. ეს კვლევები უჯრედული გაახალგაზრდავების დიდ პოტენციალს აჩვენებს.
პროფესორი რეიკი და მისი გუნდი გეგმავენ დახვეწონ ეს მეთოდი და შეისწავლონ მისი გამოყენების პოტენციალი, რომელიც, შესაძლოა, კანის მოვლასაც გაცდეს. მათი მიზანია გაარკვიონ, შეიძლება თუ არა ამ ტექნოლოგიის გამოყენება დამწვრობებისა და ნეიროდეგენერაციული დაავადებების (მაგ. ალცჰაიმერის) სამკურნალოდ, ასევე ორგანოების რეგენერაციისთვის.
ამ ეტაპზე კვლევა გვთავაზობს ფუტურისტულ ხედვას, რომ მომავალში დაბერების შეჩერება უჯრედების დონეზე გახდება შესაძლებელი, რაც მედიცინაში რევოლუციური ცვლილება იქნება. თუ კვლევა წარმატებული იქნება, შესაძლოა თავად დაბერების მცნების გადააზრებაც მოგვიწიოს.
წყარო: Babraham Institute

