ჟურნალ Neurology-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის მონაცემები მიუთითებს, რომ ხანდაზმულ ასაკში მხოლოდ ესტროგენის შემცველი ჰორმონული თერაპიის გამოყენება დემენციის განვითარების რისკის შემცირებასთან არის დაკავშირებული.
სტენფორდის უნივერსიტეტის (Stanford Medicine) მეცნიერებმა 21 462 ქალის სამედიცინო მონაცემები გააანალიზეს. მონაწილეთა ნაწილს სიცოცხლეშივე ჩაუტარდა თავის ტვინის სკანირება და ბიომარკერების ტესტირება, ხოლო ნაწილს გარდაცვალების შემდეგ (საშუალოდ 82 წლის ასაკში) ჩაუტარდა აუტოფსია ალცჰაიმერის დაავადების ნიშნების შესასწავლად.
კვლევამ აჩვენა, რომ ქალებს, რომლებიც მხოლოდ ესტროგენით თერაპიას იღებდნენ, აუტოფსიისას 35%-ით ნაკლებად აღენიშნებოდათ ალცჰაიმერის დამახასიათებელი პათოლოგიური ცვლილებები (ბეტა-ამილოიდური ფოლაქები და ტაუ-ცილის გორგლები), ვიდრე მათ, ვისაც თერაპია არ მიუღია. გარდა ამისა, პაციენტებში სისხლსა და ზურგის ტვინის სითხეში არსებული ბიომარკერები ტვინში ამილოიდის ნაკლებ დაგროვებაზე მიუთითებდა. საერთო ჯამში, ჰორმონული თერაპიის გამოყენება კლინიკური დემენციის დიაგნოზის მიღების 39%-ით დაბალ ალბათობასთან ასოცირდებოდა.
აღსანიშნავია, რომ მეცნიერებმა შეისწავლეს მხოლოდ ესტროგენით თერაპია — მიდგომა, რომელიც თანამედროვე პრაქტიკაში ძირითადად საშვილოსნოს ამოკვეთის (ჰისტერექტომიის) შემდგომ ინიშნება ენდომეტრიუმის კიბოს რისკის თავიდან ასაცილებლად.
მიუხედავად ამ იმედისმომცემი შედეგებისა, კვლევის ავტორები სიფრთხილეს იჩენენ. როგორც კვლევის წამყვანი ავტორი ჯენიფერ ბრუნო განმარტავს, მონაცემები ადასტურებს მხოლოდ კავშირს (ასოციაციას) და არ ამტკიცებს პირდაპირ მიზეზ-შედეგობრიობას. გარდა ამისა, კვლევაში მონაწილე ქალებმა ჰორმონული თერაპია საშუალოდ 70 წლის ასაკში დაიწყეს, რაც მკვეთრად განსხვავდება თანამედროვე სამედიცინო სტანდარტისგან — დღეს თერაპია ძირითადად 40-იანი წლების ბოლოს ან 50-იანების დასაწყისში ინიშნება და 60 წლამდე წყდება. შესაბამისად, მეცნიერების დასკვნით, სანამ პაციენტებისთვის ტვინის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კლინიკური რეკომენდაციები შეიცვლება, აუცილებელია დამატებითი, თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული კვლევების ჩატარება.
წყარო: MedicalXpress

