შვეიცარიულმა ფარმაცევტულმა გიგანტმა, Roche-მა განაცხადა, რომ ევროკავშირის ჯანდაცვის მარეგულირებლებისგან ალცჰაიმერის დაავადების ადრეული დიაგნოსტიკისთვის განკუთვნილი სისხლის ახალი ტესტის გაყიდვის ნებართვა მიიღო.
ტესტი სახელწოდებით Elecsys pTau217, რომელიც ამერიკულ ლაბორატორია Eli Lilly-სთან თანამშრომლობით შეიქმნა, სისხლში იმ ცილოვანი სტრუქტურების დარღვევებს ზომავს, რომლებიც ნეიროდეგენერაციულ დაავადებებს იწვევს.
კომპანიის განცხადებით, სისხლის ეს ტესტი გამოსაყენებლად ბევრად უფრო მარტივა, ვიდრე აქამდე არსებული მეთოდი, რომელიც ზურგის ტვინიდან სითხის (ლიქვორის) აღებას გულისხმობდა. ტესტმა უკვე მიიღო „CE“ მარკირება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სტანდარტებს.
Roche Diagnostics-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მეტ საუზმა აღნიშნა, რომ ამ ტესტის ბაზარზე გამოჩენა მნიშვნელოვანი ნაბიჯია დიაგნოზის გაცილებით ადრეულ ეტაპზე დასასმელად. მისი თქმით, ტესტის რუტინულ პრაქტიკაში დანერგვა ექიმებს საშუალებას მისცემს, დროულად ჩაერიონ პროცესში, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია პაციენტებისა და მათი ოჯახებისთვის.
ალცჰაიმერის დაავადება დემენციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, თუმცა, Roche-ს მონაცემებით, ამჟამად მისი დიაგნოსტირებისთვის საშუალოდ სამნახევარი წელია საჭირო. ახალი ტექნოლოგია კი ამ ვადის მნიშვნელოვნად შემცირებას ისახავს მიზნად.
ამ ტესტის გამოჩენა მედიცინაში მართლაც ნამდვილი რევოლუციაა, რადგან ის ალცჰაიმერის დიაგნოსტიკას რთული და მტკივნეული პროცედურებიდან, როგორიცაა ზურგის ტვინიდან ნიმუშის აღება, ჩვეულებრივ სისხლის ანალიზამდე ამარტივებს.
აქამდე მსგავსი სიზუსტის ტესტი მასობრივ გაყიდვაში არ არსებობდა; Elecsys pTau217-ს კი შეუძლია დაავადების ნიშნები სისხლში პირველი სიმპტომების გამოჩენამდე წლებით ადრე აღმოაჩინოს, რაც ექიმებს საშუალებას აძლევს, მკურნალობა იმ ეტაპზე დაიწყონ, როცა ტვინის დაზიანება ჯერ კიდევ მინიმალურია.
წყარო: MedicalXpress

