ახალი კვლევა, რომელიც 2026 წლის აპრილში ბარსელონას უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ გამოქვეუნდა, გვთავაზობს პერსპექტიულ მიდგომას ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ღვიძლის დაავადების, მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული სტეატოზური ღვიძლის დაავადების მკურნალობაში. აღნიშნული მდგომარეობა მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აწუხებს და ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა დროთა განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები, მათ შორის ღვიძლის მძიმე დაზიანება და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაღალი რისკი.
კვლევის მთავარი სიახლე იმაში მდგომარეობს, რომ მეცნიერებმა უკვე არსებული ორი პრეპარატის – პემაფიბრატისა და ტელმისარტანის კომბინირებული გამოყენება შეისწავლეს. ექსპერიმენტულ მოდელებში აღმოჩნდა, რომ ამ მედიკამენტების ერთობლიობა მნიშვნელოვნად ამცირებს ღვიძლში ცხიმის დაგროვებას. უფრო საინტერესო კი ის არის, რომ მათი დაბალი დოზებით კომბინირებული გამოყენება ისეთივე ეფექტური აღმოჩნდა, როგორც თითოეული პრეპარატის მაღალი დოზით მიღება ცალ-ცალკე. ეს ფაქტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან შეიძლება შემცირდეს გვერდითი ეფექტების რისკი და მკურნალობა გახდეს უფრო უსაფრთხო.
გარდა ღვიძლის ფუნქციის გაუმჯობესებისა, კვლევამ აჩვენა, რომ აღნიშნული თერაპია დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზეც. ვინაიდან ეს დაავადება ხშირად ასოცირდება კარდიოვასკულურ რისკებთან, ასეთი ორმაგი ეფექტი მკურნალობის ახალ სტრატეგიულ მიმართულებას ქმნის. ამავე დროს, მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ მიუხედავად დამაიმედებელი შედეგებისა, კვლევა ჯერ კიდევ პრეკლინიკურ ეტაპზეა და აუცილებელია ადამიანებზე ჩატარებული დამატებითი კვლევები, რათა დადასტურდეს მისი ეფექტურობა და უსაფრთხოება კლინიკურ პრაქტიკაში.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ კვლევა ეფუძნება უკვე არსებული მედიკამენტების ე.წ. „რეპოზიცირებას“, რაც გულისხმობს მათ გამოყენებას ახალი სამკურნალო მიზნებისთვის. ეს მიდგომა მნიშვნელოვნად აჩქარებს ახალი თერაპიის დანერგვის პროცესს, რადგან ასეთი პრეპარატების უსაფრთხოების პროფილი უკვე ნაწილობრივ შესწავლილია. შედეგად, ეს აღმოჩენა შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ღვიძლის დაავადებების მკურნალობის გაუმჯობესების მიმართულებით და მომავალში რეალური კლინიკური მნიშვნელობაც შეიძინოს.

