2026 წლის 26-27 ივნისს თბილისში, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში, GAIC 2026 ინტერვენციული კარდიოლოგიის რიგით IV საერთაშორისო კონგრესი გაიმართება. ღონისძიება საქართველოს, გერმანიის, სერბეთის, თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის წამყვან სპეციალისტებს აერთიანებს და მიზნად თანამედროვე ინტერვენციული კარდიოლოგიის ცოდნის, გამოცდილებისა და პრაქტიკული მიდგომების გაზიარებას ისახავს.
კონგრესი განსაკუთრებით გამორჩეულ იმით იქნება, რომ წელს იგი პირველად ჩატარდება ევროპის კარდილოგიურ საბჭოს აკრედტაცით ანუ დამწრე საზოგადოებას EBAC-ის მიერ გაცემული სერთიფიკატის მიღება შეეძლებათ, რაც კავკასიის რეგიონს კიდევ უფრო მეტად ამაღლებს საერთაშორისო სამედიცინო ასპარეზე. ამავდროულად კონგრესი არ იქნება მხოლოდ ლექციების ფორმატით წარმოდგენილი. პროგრამა მასტერკლასებს, კლინიკური შემთხვევების განხილვას, პრაქტიკულ ვორქშოფებს, პანელურ დისკუსიებსა და ახალგაზრდა ინტერვენციული კარდიოლოგების რეგიონულ კონკურსს მოიცავს. კონგრესის მიმდინარეობისას აქცენტი ორ მთავარ მიმართულებაზე გაკეთდება: კორონარულ ინტერვენციებზე და გულის სტრუქტურული დაავადებების მართვის თანამედროვე მეთოდებზე.
კონგრესის მნიშვნელობასა და პროგრამის ძირითად სიახლეებზე მედსკრიპტუმი საქართველოს ინტერვენციული კარდიოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტს, ბატონ ზვიად კერესელიძეს, ესაუბრა. მისი თქმით, კონგრესი უმთავრესი ფუნქცია ის არის, რომ იგი საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც საქართველოში მაღალი დონის ექსპერტების ჩამოყვანას და ადგილობრივი სპეციალისტებისთვის თანამედროვე ცოდნაზე წვდომის გაზრდას ემსახურება.
„ეს მეოთხე საერთაშორისო კონგრესი არის, რაც გულისხმობს ინტერვენციულ კარდიოლოგიაში მაღალი დონის სპიკერების ჩამოყვანას ევროპის და რეგიონის ქვეყნებიდან. ძირითადი კონტრიბუტორი წელსაც გერმანიაა, თუმცა ჩართული არიან სერბეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი,“– აღნიშნავს ბატონი ზვიადი.
მისივე განმარტებით, კონგრესი ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს: „ჩვენ ორ ნაწილად ვყოფთ ინტერვენციულ კარდიოლოგიას: კორონარული, ანუ უშუალოდ სისხლძარღვოვანი ინტერვენციები და სტრუქტურული, ანუ სარქველების ინტერვენცია პერკუტანული, ტრანსკათეტერული მიდგომებით, როგორიც არის TAVI, MitraClip და სხვა.“
პირველი დღე
კონგრესის პირველ დღეს პროგრამა ბიფურკაციული დაზიანებების მართვას, კომპლექსურ პეკუტანულ ინტერვენციას (PCI), კალციუმის მართვის თანამედროვე ტექნიკებს და ახალგაზრდა ინტერვენციული კარდიოლოგების კლინიკური შემთხვევების განხილვას დაეთმობა. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მოისმინონ ისეთი თემები, როგორიცაა თანამედროვე ბიფურკაციული PCI, ინტრავასკულარული ულტრასონოგრაფიის (IVUS) გამოყენება კალციუმის შეფასებაში, როტაციული ენდარტერერექტომია, ინტრავასკულური ლითოტრიფსია და რთული კორონარული შემთხვევების პრაქტიკული განხილვა.
მეორე დღე
მეორე დღე მთლიანად სტრუქტურული გულის დაავადებების მიმართულებას დაეთმობა, ძირითადი აქცენტით TAVI-ზე ანუ ტრანსკათეტერულ აორტული სარქვლის იმპლანტაციაზე. ბატონი ზვიადს განმარტებით, ეს არჩევანი შემთხვევითი არ არის: „TAVI-ს მიმართულებას მთლიანად იმიტომ დავუთმეთ პროგრამის ნაწილი, რომ საქართველოში უკვე ბევრი კლინიკა იწყებს ამ პროცედურის დანერგვას და მის განვითარებაში სახელმწიფოც ნაწილობრივ არის ჩართული.“
კონგრესზე წარმოდგენილი იქნება TAVI CT planning masterclass, კომპლექსური ანატომიის შემთხვევები, გართულებების პრევენცია და მართვა, ასევე Live-in-a-Box ფორმატში წარმოდგენილი სასწავლო შემთხვევები. ამ ფორმატში პროცედურა წინასწარაა ჩაწერილი, ხოლო ექსპერტი თითოეულ ეტაპს დეტალურად ახსნის, თუ რა ხდება, რატომ ხდება და როგორ უნდა იმოქმედოს ექიმმა სხვადასხვა კლინიკურ სიტუაციაში.
„ლაივ ქეისები არ გვექნება, მაგრამ Live-in-a-Box ფორმატში წარმოდგენილი იქნება პროცედურის ყველა ეტაპი, სადაც პროქტორი და ექსპერტი განმარტავს, რა და როგორ კეთდება. აქცენტი იქნება გართულებების პრევენციაზე, მართვაზე და კომპლექსური ანატომიის დროს სწორ მოქმედებაზე,“
კონოგრესის სტუმრები
კონგრესის სტუმრები ევროპის და რეგიონის წამყვანი სპეციალისტები არიან.
მათ შორის:პროფესორი გორან სტანკოვიჩი სერბეთიდან, დოქტორი თომას შმიტცი გერმანიიდან, პროფესორი ნიკოლას ფონ ბეკერატი გერმანიიდან, დოქტორი მუჰამედ საადი, დოქტორი ლევენტ კორკმაზი და დოქტორი თეომან კილიჩი თურქეთიდან, ასევე ექსპერტები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და საქართველოდან.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია პროფესორ გორან სტანკოვიჩის მონაწილეობის ფაქტი
„გორან სტანკოვიჩი ითვლება ერთ-ერთ სერიოზულ ფიგურად თანამედროვე კორონარული ინტერვენციების მიმართულებით. ის დაკავშირებულია ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოებასთან და EuroPCR-თან, რომელიც ძალიან მაღალი დონის საერთაშორისო კონგრესია.“
კონგრესში მონაწილეობას საერთო ჯამში 30-ზე მეტი სპიკერი, პანელისტი და სესიის ხელმძღვანელი მიიღებს, მათ შორის. პროგრამაში 16 ქართველი ინტერვენციული კარდიოლოგია ჩართული.
რა არის ახალი?
წლევანდელი კონგრესის ერთ-ერთი მთავარი სიახლე ახალგაზრდა ინტერვენციული კარდიოლოგების რეგიონული სესიაა. მასში მონაწილეობას ახალგაზრდა ექიმები მიიღებენ საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, რომლებიც რთულ PCI შემთხვევებს წარადგენენ. წარმოდგენილ შემთხვევებს საერთაშორისო ექსპერტები შეაფასებენ, ხოლო საუკეთესო პრეზენტაციის ავტორს სპეციალური ჯილდო გადაეცემა.
„ეს არის სტარტი იმისთვის, რათა რეგიონმა მეტი ჩართულობა განიცადოს და ახალგაზრდა ექიმები უფრო აქტიურად ჩავრთოთ. წელს ექვსი ახალგაზრდა ექიმი იქნება მონაწილე ორი საქართველოდან, ორი სომხეთიდან და ორი აზერბაიჯანიდან,“
EBAC-ის საერთშორისო აკრედიტაცია და მისი მნიშვნელობა
GAIC 2026-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა EBAC-ის — European Board for Accreditation in Cardiology-ის საერთაშორისო აკრედიტაციაა. ეს ნიშნავს, რომ კონგრესის საგანმანათლებლო ხარისხი შეფასდა ევროპული კრიტერიუმებით და მონაწილეებს მიენიჭებათ საერთაშორისო საგანმანათლებლო კრედიტები.
ზვიად კერესელიძის განმარტებით, EBAC-ის აკრედიტაცია მხოლოდ ფორმალური აღიარება არ არის: „ეს კიდევ ერთ-ორად ამაღლებს კონგრესის დონეს და ხარისხობრივ მიმართულებას. EBAC აფასებს სპიკერების დონეს, პროგრამას, ორგანიზაციულ სტრუქტურას, სპონსორობის წესებს და მთლიანად საგანმანათლებლო პროცესს.“
მისივე თქმით, EBAC-ის კრედიტებს საქართველოში მაღალი ნდობა აქვს: „ჩვენი რეგულირების სააგენტო და ჯანდაცვის სამინისტრო EBAC-ის ქულას ავტომატურად აღიარებს, როგორც უწყვეტი სამედიცინო განათლების ქულას. ეს ნიშნავს, რომ ამ აქტივობის მიმართ ნდობა საკმაოდ მაღალია.“
თუ გავითვალისწინებთ რომ EBAC-ის აკრედიტაცია კავკასიის რეგიონში მხოლოდ ერთ ან ორ ორგანიზაციას აქვს მოპოვებული ეს რეგიონისთვის და აქ დასაქმებული სპეციალისტებისთვის უაზრმაზარი მნიშვნელობის მატარებელ რამაა.
რა გამოწვევებს პასუხობს კონგრესი?
კონგრესი ეხმაურება საქართველოსთვის აქტუალურ გამოწვევებს ეხმაურება. ინტერვენციული კარდიოლოგია სწრაფად ვითარდება, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიებზე, საერთაშორისო გამოცდილებაზე და მაღალკვალიფიციურ პრაქტიკულ სწავლებაზე წვდომა კვლავ ერთ-ერთი მთავარი საჭიროებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია TAVI-ს მიმართულება, რადგან საქართველოში ამ პროცედურის დანერგვა და განვითარება აქტიურ ეტაპზეა, ხოლო ექიმებს როგორც ტექნიკური ცოდნა, ისე გართულებების პრევენციისა და მართვის საერთაშორისო გამოცდილება სჭირდებათ. GAIC 2026 ამ საჭიროებას არა თეორიული, არამედ პრაქტიკაზე ორიენტირებული ფორმატით პასუხობს. კონგრესი ქმნის სივრცეს, სადაც ქართველი ექიმები უშუალოდ ხვდებიან საერთაშორისო ექსპერტებს, განიხილავენ რეალურ შემთხვევებს, იღებენ უკუკავშირს და ეცნობიან იმ სტანდარტებს, რომლებიც დღეს ევროპულ ინტერვენციულ კარდიოლოგიაში გამოიყენება.
ღონისძიება სრულად ინგლისურ ენაზე წარიმართება სინქრონული თარგმანით. მონაწლეთათვის გათვალისწინებულია რეგისტრაცია როგორც კრედიტ-ქულებით, ისე მათ გარეშე არჩევანი. ორგანიზატორების თქმით, ადგილები შეზღუდულია, რადგან კონგრესის მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება.
ჩემი როგორც ამ სფეროთი განსაკუთრებულად დაინტერესებული ადამიანის აზრით GAIC 2026 კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველო რეგიონში ინტერვენციული კარდიოლოგიის პროფესიული განათლებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელოვან ცენტრადაა ჩამოყალიბებული. კონგრესი არა მხოლოდ ცოდნის გაზიარების, არამედ მომავალი თაობის მხარდაჭერის, ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და ქართული კარდიოლოგიის ევროპულ სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოების პლატფორმაა.

