სიახლე მელანომის მკურნალობაში: Intismeran-ისა და Keytruda-ს კომბინაციამ რეციდივის ან სიკვდილის რისკი თითქმის გაანახევრა

გააზიარე

მელანომა კანის კიბოს ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული ფორმაა, რომელიც კანის ავთვისებიანი სიმსივნეებით გამოწვეული სიკვდილიანობის მნიშვნელოვან ნაწილზეა პასუხისმგებელი. დაავადება ვითარდება მელანოციტების – კანის პიგმენტური უჯრედების – ავთვისებიანი ტრანსფორმაციის შედეგად და ხასიათდება სწრაფი პროგრესირების და მეტასტაზირების მაღალი უნარით და რეციდივის ხანგრძლივი რისკის არსებობით. თანამედროვე ქირურგიული, იმუნოთერაპიული და სამიზნე მკურნალობის მეთოდების განვითარების მიუხედავად, მელანომის რეციდივი კვლავ რჩება კლინიკურ გამოწვევად, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომელთაც დაავადების პროგრესირების მაღალი რისკი აქვთ.

ნიუ-იორკის NYU Langone Perlmutter Cancer Center-ის მეცნიერებმა უახლესი კვლევების შედეგები წარმოადგინეს, რომელთა თანახმად, პერსონალიზებული mRNA ვაქცინის (Intismeran/mRNA-4157/V940) და პემბროლიზუმაბის (Keytruda) კომბინირებული გამოყენება მელანომის რეციდივისა და ლეტალობის რისკს 49%-ით ამცირებს. აღნიშნული შედეგები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ მელანომის რეციდივების უმრავლესობა მკურნალობის დასრულებიდან პირველ ორ-სამ წელიწადში ვითარდება, თუმცა დაავადების განმეორება შესაძლებელია ათწლეულის შემდგომ პერიოდშიც.

ამერიკის კიბოს საზოგადოების (American Cancer Society) მონაცემებით, 2026 წელს აშშ-ში მოსალოდნელია დაახლოებით 112 000 მელანომის ახალი  და 8 500-მდე ლეტალური შემთხვევა. აღნიშნული სტატისტიკა ხაზს უსვამს დაავადების მნიშვნელოვან საზოგადოებრივ და კლინიკურ ტვირთს და ადასტურებს ახალი, უფრო ეფექტიანი მკურნალობის სტრატეგიების განვითარების აუცილებლობას.

NYU Langone-ის Perlmutter-ის კიბოს ცენტრის კვლევაში ჩართულნი იყვნენ 107 პაციენტი აშშ-დან და ავსტრალიიდან. კვლევის მიზანს წარმოადგენდა პერსონალიზებული mRNA ვაქცინის, Intismeran-ის, დამატებითი ეფექტიანობის შეფასება პემბროლიზუმაბით მიმდინარე სტანდარტულ იმუნოთერაპიულ კურსთან მიმართებაში. შედეგებმა აჩვენა, რომ პაციენტთა თითქმის 69% დარჩა სიმსივნისგან თავისუფალი ხუთი წლის შემდეგ, მაშინ როდესაც მხოლოდ პემბროლიზუმაბით მკურნალობის ჯგუფში ეს მაჩვენებელი 49%-ს უტოლდებოდა. მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ვაქცინის დამატებითმა გამოყენებამ რეციდივის ან ლეტალური გამოსავლის რისკი 49%-ით შეამცირა.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ კომბინირებულმა თერაპიამ 59%-ით შეამცირა დაავადების სხვა ორგანოებზე გავრცელების, ანუ შორეული მეტასტაზირების რისკი. ეს შედეგი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან მეტასტაზური მელანომა დაავადების ყველაზე მძიმე ფორმას წარმოადგენს და მნიშვნელოვნად აუარესებს პაციენტის კლინიკურ გამოსავალს. ამასთანავე, ვაქცინის გამოყენებამ 20%-ზე მეტით გააუმჯობესა გადარჩენის მაჩვენებელი ( survival rate).

Intismeran (შეიმუშავეს ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა Moderna და Merck) წარმოადგენს სრულიად ახალი თაობის პერსონალიზებულ ონკოლოგიურ ვაქცინას, რომელიც mRNA ტექნოლოგიას ეფუძნება. განსხვავებით ტრადიციული ვაქცინებისგან, რომლებიც ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისთვის გამოიყენება, აღნიშნული ვაქცინა კონკრეტული პაციენტის სიმსივნის გენეტიკური მახასიათებლების საფუძველზე იქმნება. ოპერაციის შემდეგ სპეციალისტები ატარებენ სიმსივნური ქსოვილის დეტალურ გენომურ ანალიზს და ადგენენ იმ მუტაციებს, რომლებიც კონკრეტული პაციენტის კიბოს უჯრედებისთვის არის დამახასიათებელი. ამის შემდეგ იდენტიფიცირდება ე.წ. ნეოანტიგენები – უნიკალური ცილოვანი სტრუქტურები, რომლებიც მხოლოდ სიმსივნურ უჯრედებში გვხვდება და ჯანმრთელ ქსოვილებში არ არის წარმოდგენილი.

მიღებული ინფორმაციის საფუძველზე იქმნება ინდივიდუალური mRNA ვაქცინა, რომელიც ორგანიზმს ამ ნეოანტიგენების ამოცნობას „ასწავლის“. ვაქცინის შეყვანის შემდეგ აქტიურდება იმუნური სისტემა და წარმოიქმნება სპეციფიკური T-ლიმფოციტები, რომლებიც მიზანმიმართულად ეძებენ და ანადგურებენ ნარჩენ სიმსივნურ უჯრედებს. ამგვარად, ვაქცინა ხელს უწყობს იმუნური სისტემის მიერ ისეთი სიმსივნური უჯრედების აღმოჩენასა და განადგურებას, რომლებიც სტანდარტული მკურნალობის შემდეგ შესაძლოა ორგანიზმში შეუმჩნევლად დარჩეს.

პემბროლიზუმაბი (აწარმოებს ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Merck), რომელიც უკვე ფართოდ გამოიყენება მელანომისა და სხვა ავთვისებიანი სიმსივნეების სამკურნალოდ, მოქმედებს PD-1 რეცეპტორის ინჰიბირების გზით. ნორმალურ პირობებში სიმსივნურ უჯრედებს შეუძლიათ PD-1/PD-L1 სასიგნალო სისტემის გამოყენებით იმუნური სისტემისგან „დამალვა“. პემბროლიზუმაბი ბლოკავს ამ მექანიზმს და T-ლიმფოციტებს საშუალებას აძლევს ეფექტიანად ამოიცნონ და გაანადგურონ ავთვისებიანი უჯრედები. შესაბამისად, Intismeran-ისა და პემბროლიზუმაბის კომბინაცია ქმნის სინერგიულ ეფექტს: ვაქცინა უზრუნველყოფს იმუნური სისტემისთვის კონკრეტული სამიზნეების მიწოდებას, ხოლო პემბროლიზუმაბი ამ სამიზნეების წინააღმდეგ იმუნური პასუხის ეფექტიანობას ზრდის.

მკვლევართა შეფასებით, მიღებული შედეგები მხოლოდ მელანომის მკურნალობის გაუმჯობესებას არ გულისხმობს; მონაცემები ადასტურებს, რომ პერსონალიზებულ mRNA ვაქცინებს მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვთ მაღალი მუტაციური დატვირთვის მქონე სხვა ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევაშიც. სწორედ აღნიშნული პოტენციალის შესწავლის მიზნით, მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი III ფაზის კლინიკური კვლევა, რომელშიც დაახლოებით 1 000 პაციენტი მონაწილეობს. პარალელურად, Intismeran- ფასდება ფილტვის, კოლორექტალური და სხვა სიმსივნეების რეციდივის პრევენციის მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე III ფაზის კლინიკური კვლევა დაადასტურებს ვაქცინის ეფექტიანობასა და უსაფრთხოებას, Intismeran-ი შესაძლოა იქცეს პირველ ფართოდ ხელმისაწვდომ პერსონალიზებულ mRNA კიბოს ვაქცინად, რაც ფუნდამენტურად შეცვლის მელანომისა და, პერსპექტივაში, სხვა ავთვისებიანი სიმსივნეების მართვის კლინიკურ სტანდარტებს.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები