საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტურმა გუნდმა (SEU REACT) საერთაშორისო სამედიცინო ოლიმპიადაზე „Medicine of the Future 2026“ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.
OSCE-ის (ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა) ფორმატით ჩატარებულ ნახევარფინალში SEU-ს სტუდენტებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 102 გუნდს შორის მე-4 ადგილი დაიკავეს. სწორედ მათ მიერ მოპოვებული მაღალი ქულების დამსახურებით, საქართველო ქვეყნების საერთო რეიტინგში მსოფლიოს საუკეთესო სამეულში, შვეიცარიისა და იტალიის გვერდით მოხვდა.
ოლიმპიადისთვის მომზადების პროცესზე, კონკურსის სპეციფიკასა და მიღწეული შედეგის მნიშვნელობაზე გუნდის მენტორებსა და მონაწილეებს ვესაუბრეთ.
საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეულ შედეგსა და სიმულაციური სწავლების როლზე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს სიმულაციური ცენტრის ხელმძღვანელმა, მედიცინის დოქტორმა ქეთევან ედიბერიძემ გაამახვილა ყურადღება.
მსოფლიოს 102 გუნდს შორის, OSCE-ის ფორმატში ჩატარებულ ნახევარფინალში (წინასწარი შედეგით) მე-4 ადგილის დაკავება და ამ წარმატებით საქართველოს მესამე ადგილზე გაყვანა, შვეიცარიისა და იტალიის გვერდით უმნიშვნელოვანესი წარმატებაა. თქვენი დაკვირვებით, რა იყო თქვენი გუნდის მთავარი ძლიერი მხარე უცხოელ კონკურენტებთან შედარებით? რას ნიშნავს ეს შედეგი SEU-ს მედიცინის ფაკულტეტისთვის?

სამედიცინო ოლიმპიადაში, „Medicine of the Future 2026, მონაწილეობის მიღება იყო დიდი გამოწვევა და, ამავე დროს, შესანიშნავი შესაძლებლობა წარმოგვეჩინა ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტების მომზადების დონე. OSCE-ის ფორმატი, მართლაც მოითხოვს როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე, პრაქტიკული უნარ-ჩვევების დემონსტრირებასა და კლინიკურ აზროვნებას.
SEU-ს გუნდის, SEU REACT ძლიერი მხარე იყო SEU-ს სიმულაციურ ცენტრში გავლილი ინტენსიური მომზადების პერიოდში გაკეთებული სწორი აქცენტები თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების სინთეზზე, გუნდურ მუშაობაზე, როლების სწორად გადანაწილებასა და სტრესული სიტუაციების მართვაზე. SEU-ს ტრენერის, ოთარ მჭედლიშვილის თავდაუზოგავმა შრომამ, სტუდენტების მონდომებამ და ადმინისტრაციის მხრიდან უპირობო მხარდაჭერამ სასურველი შედეგი გამოიღო.
რაც შეეხება კითხვას, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ წარმატებას SEU-ს მედიცინის ფაკულტეტისთვის. ეს შედეგი ამტკიცებს, რომ SEU-ს მედიცინის ფაკულტეტის სიმულაციური სწავლების მეთოდოლოგია და ხარისხი, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სრულად შეესაბამება მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო სკოლების დონეს. აღნიშნული წარმატება აჩვენებს, რომ SEU-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შეუძლიათ თანაბარ პირობებში გაუწიონ კონკურენცია ევროპისა და მსოფლიოს საუკეთესო სამედიცინო უნივერსიტეტების წარმომადგენლებს და რაც მთავარია, ეს არის დიდი სტიმული, როგორც სტუდენტების, ასევე აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს სიმულაციურ სწავლებას, დაიგეგმოს სხვადასხვა პროექტები და მუდმივად ვიყოთ ჩართულები საერთაშორისო თუ ლოკალურ აქტივობებში.
უცხოელ კონკურენტებთან ასპარეზობამდე სტუდენტებმა SEU-ს სიმულაციურ ცენტრში ინტენსიური მოსამზადებელი ეტაპი გაიარეს. მომზადების პროცესის დეტალებს ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, SEU-ს ტრენერი და კლინიკური უნარ-ჩვევების მოწვეული ლექტორი ოთარ მჭედლიშვილი იხსენებს.
ბატონო ოთარ, OSCE-ის ფორმატი სტუდენტებისგან თეორიულ ცოდნასთან ერთად სწრაფ კლინიკურ აზროვნებასა და პრაქტიკულ უნარებს მოითხოვს. როგორ ემზადებოდა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს გუნდი ოლიმპიადისთვის და რაზე გააკეთეთ მომზადების პროცესში მთავარი აქცენტი?

ჩემი დაკვირვებით, ჩვენი გუნდის მთავარი უპირატესობა იყო ოლიმპიადამდე სტუდენტების სისტემური და პრაქტიკაზე ორიენტირებული მომზადება. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს კლინიკური უნარების ბაზა სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, რეგულარულად იმუშაონ თანამედროვე სიმულაციურ გარემოში და პრაქტიკული უნარები სხვადასხვა ტიპის სიმულაციურ მანეკენებსა და აღჭურვილობაზე განივითარონ. ამ პროცესში უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან მუდმივი მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო.
როგორც SEU REACT გუნდის ტრენერი, მე სრულად ვიყავი ჩართული სტუდენტების მომზადების პროცესში, განსაკუთრებით კლინიკური გადაწყვეტილების მიღების, პრაქტიკული და სიმულაციური უნარების, გუნდური მუშაობისა და OSCE-ის ფორმატში ეფექტური მოქმედების განვითარებაში. ამასთან, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, სწავლების პროცესის ფარგლებში სხვადასხვა კლინიკურ დაწესებულებაში გაიარონ პრაქტიკული მომზადება, სადაც უშუალოდ ეცნობიან რეალურ კლინიკურ გარემოს, აკვირდებიან სამედიცინო პერსონალის მუშაობას და სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციის შესრულების პროცესს. ვფიქრობ, სიმულაციური სწავლებისა და რეალურ კლინიკურ გარემოში მიღებული გამოცდილების კომბინაცია იყო ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა.
კონკურსის მიმდინარეობას, ყველაზე რთულ კლინიკურ დავალებებსა და მიღებულ გამოცდილებას გუნდ SEU REACT-ის წევრი, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი თენგო მაისურაძე აჯამებს .
ოლიმპიადაზე მსოფლიოს 102 გუნდისთვის მოგიწიათ კონკურენციის გაწევა. რა იყო თქვენთვის კონკურსის განმავლობაში ყველაზე რთული ბარიერი და რა უნარ-ჩვევები დაგეხმარათ საუკეთესო ოთხეულში მოხვედრაში?
ყველაზე რთული დროის ფაქტორი იყო. როცა 102 გუნდს ეჯიბრები, მარტო თეორიის ცოდნა არ გყოფნის, მთავარია წამებში მიიღო სწორი კლინიკური გადაწყვეტილება. ოთხეულში მოხვედრაში ყველაზე მეტად ცივი გონებით მოქმედება, გაიდლაინების კარგი ცოდნა და რეალურ კლინიკურ გარემოში მუშაობის გამოცდილება დაგვეხმარა.
ნახევარფინალი OSCE-ის ფორმატით ჩატარდა, რაც რეალურთან მიახლოებულ კლინიკურ სიმულაციას გულისხმობს. შეგიძლიათ გაიხსენოთ ყველაზე რთული ან დასამახსოვრებელი კლინიკური შემთხვევა, რომლის მართვაც მოგიწიათ?
ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი eFAST ულტრაბგერის სადგური იყო. მიუხედავად იმისა, რომ სიმულაციაში ჯანმრთელი პაციენტის შეფასება გვევალებოდა, მთავარი გამოწვევა ის იყო, რომ მანამდე ამ პროცედურაზე პრაქტიკული ვარჯიშის ბევრი შესაძლებლობა არ მქონია. თუმცა, როგორც კი აპარატი ხელში ავიღე და კვლევა დავიწყე, დაძაბულობა მომენტალურად გამიქრა სრულიად ცივი გონებით ვიმოქმედე და ყველა საჭირო ანატომიური ხედი უშეცდომოდ გამოვიკვლიე.
კონკურსის ამ ფორმატის გათვალისწინებით, შეზღუდულ დროში დიაგნოზის დასმა და სწორი გადაწყვეტილების მიღება დიდ სტრესთანაა დაკავშირებული. როგორ გაინაწილეთ როლები გუნდში და როგორ უმკლავდებოდით დაძაბულობას?

როლები წინასწარ გვქონდა განაწილებული, მაგალითად, კარდიოლოგიურ ნაწილს მე ვხელმძღვანელობდი. თუმცა, უშუალოდ პროცესში მივხვდით, რომ როლების დაყოფაზე ბევრად მნიშვნელოვანი გუნდური თამაში და ერთმანეთის დაზღვევა იყო. როცა დრო ცოტაა, სწორედ ამ შეთამაშებამ, ერთმანეთის მოსმენამ და სწრაფმა კომუნიკაციამ მოგვცა საშუალება, რომ სტრესი გვერდით გადაგვედო და სწორი დიაგნოზები დაგვესვა.
თქვენს მიერ მოპოვებულმა ქულებმა საქართველო ქვეყნების საერთო რეიტინგში მსოფლიოს საუკეთესო სამეულში გაიყვანა. ამ გადმოსახედიდან, როგორ იხსენებთ შედეგების გამოცხადების მომენტს და რას ნიშნავს თქვენთვის ეს აღიარება?
სიმართლე გითხრათ, საოცარი ემოცია იყო, ამასთან ერთად უდიდესი სიამაყე და პასუხისმგებლობა. ეს შედეგი კარგად აჩვენებს, რომ ქართველ სტუდენტებს თავისუფლად შეგვიძლია თანაბარი კონკურენცია გავუწიოთ უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების გუნდებს.
რა შეგძინათ პროფესიულად „Medicine of the Future 2026-ში მონაწილეობამ და რა არის თქვენი გუნდის შემდგომი მიზნები.
ყველაზე მთავარი, რაც ამ ოლიმპიადამ მოგვცა, საკუთარი თავის რეალური შეფასებაა. ზუსტად დავინახეთ, სად ვართ ძლიერები და რაზე გვაქვს კიდევ სამუშაო საერთაშორისო სტანდარტებთან შედარებით. გაჩერებას არ ვაპირებთ, გვინდა პრაქტიკული უნარები კიდევ უფრო დავხვეწოთ, აქტიურად გავაგრძელოთ საერთაშორისო სამეცნიერო კვლევები და მომავალში კიდევ უფრო მაღალ შედეგებზე გავიდეთ.
ოლიმპიადაში SEU-ს სტუდენტების წარმატებას ორგანიზატორი უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტსა და მის რექტორს, გია კავთელიშვილს, მადლობის ოფიციალური წერილი ცენტრალური აზიის უნივერსიტეტის (Central Asian University) რექტორმა, კამრან გულამოვმა გაუგზავნა.
წერილში ის SEU-ს საერთაშორისო სამედიცინო ოლიმპიადაში „Medicine of the Future 2026“ მონაწილეობისთვის მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ გამოვლენილი ცოდნის მაღალი დონე და კლინიკური უნარები მათი საგანმანათლებლო სტანდარტების ხარისხს წარმოაჩენს. ასევე ხაზგასმულია სამედიცინო განათლების განვითარების მნიშვნელობა და სამომავლო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერების სურვილი.

