გენური თერაპია და ჰიპერქოლესტერინემიის მართვის ახალი პერსპექტივები

გააზიარე

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მთელ მსოფლიოში სიკვდილიანობის წამყვან მიზეზად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ პრევენციისა და მკურნალობის სფეროში ათწლეულების განმავლობაში დიდ პროგრესს მივაღწიეთ, ეს პრობლემა ყოველწლიურად მაინც მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს იწირავს.

ამ გლობალური გამოწვევის მთავარი მიზეზი ქოლესტერინის, განსაკუთრებით კი LDL-ის (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების) მაღალი დონეა. იგი ფარულად უწყობს ხელს ათეროსკლეროზის განვითარებას, რასაც ხშირად ინფარქტამდე და ინსულტამდე მივყავართ.

თანამედროვე მედიცინამ სტატინებისა და მიზნობრივი თერაპიების სახით მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. თუმცა, ეს მეთოდები დიდწილად მედიკამენტების ხანგრძლივად, ყოველდღიურ მიღებას მოითხოვს, რაც სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს პაციენტებისთვის და ხშირად მკურნალობის რეჟიმის დარღვევით სრულდება. სწორედ ამიტომ, მედიცინა იძულებული გახდა, სიმპტომური ან დროებითი მკურნალობიდან სრულიად ახალ მიდგომაზე გადასულიყო – შეეცვალა არა დაავადების მიმდინარეობა, არამედ მისი პირველწყარო.

სწორედ ასეთ ტრანსფორმაციულ გადაწყვეტად გვევლინება გენური თერაპია, რომლის მიზანიც არა უბრალოდ ქოლესტერინის დონის დროებითი კონტროლი, არამედ დაავადების ბიოლოგიური საწყისების აღმოფხვრაა. უწყვეტი, ქრონიკული მკურნალობის ნაცვლად, ეს ტექნოლოგიები ერთჯერადი ჩარევით გრძელვადიანი ან თუნდაც მუდმივი შედეგის მიღწევისკენ არის მიმართული. ამ კონტექსტში, კომპანია Eli Lilly-ს ახალი ექსპერიმენტული თერაპია, ცნობილი როგორც VERVE-102, დიდ ყურადღებას იპყრობს, როგორც პოტენციური გარღვევა გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიათა მართვაში.

როგორ მუშაობს VERVE-102?

VERVE-102 გენის რედაქტირების უახლეს მიდგომას – in vivo აზოტოვანი ფუძეების რედაქტირებას – ეფუძნება, რაც ღვიძლის უჯრედებში PCSK9 გენის სამუდამოდ გამორთვას ისახავს მიზნად. ეს გენი ე.წ. „ცუდი ქოლესტერინის“ (LDL) რეგულირებაში ცენტრალურ როლს ასრულებს. მისი ბლოკირებით, თერაპია იმ ბუნებრივ გენეტიკურ ვარიაციებს ბაძავს, რომლებიც ზოგიერთ ადამიანში გვხვდება – მათ, ვისაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ქოლესტერინის ძალიან დაბალი დონე და, შესაბამისად, კარდიოვასკულარული დაავადებების მინიმალური რისკი აღენიშნებათ.

ტექნიკურ დონეზე, გენეტიკური ინსტრუქციების პირდაპირ ღვიძლის უჯრედებში მისაწოდებლად, VERVE-102 ლიპიდურ ნანონაწილაკებს იყენებს. ეს ინსტრუქციები მოიცავს ინფორმაციულ რნმ-ს (mRNA), რომელიც ადენინის ფუძის რედაქტორს აკოდირებს, და გიდ რნმ-ს (gRNA), რომელიც რედაქტირების პროცესს PCSK9 გენისკენ მიმართავს. უჯრედში შეღწევის შემდეგ, სისტემა დნმ-ს ზუსტად ცვლის და გენის ფუნქციას ეფექტურად თიშავს.

Phase 1b კლინიკური კვლევის (Heart-2) პირველადი მონაცემები ამ მიდგომის ეფექტიანობას ადასტურებს. კვლევაში, რომელიც ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით ან ნაადრევი კორონარული არტერიის დაავადებით დაავადებულ 35 პაციენტს მოიცავდა, VERVE-102-ის ერთჯერადმა ვენურმა ინფუზიამ ქოლესტერინის მნიშვნელოვანი და დოზაზე დამოკიდებული შემცირება გამოიწვია. შედეგად, PCSK9 ცილის დონე 88%-მდე, ხოლო LDL ქოლესტერინის მაჩვენებელი 62%-მდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ეს კლება დროებითი არ ყოფილა – მიღწეული ეფექტი მკურნალობიდან 18 თვის შემდეგაც კი შენარჩუნდა.

ადრეულ ტესტირებაში მკურნალობამ უსაფრთხოების ხელსაყრელი პროფილიც აჩვენა. სერიოზული გვერდითი მოვლენები ან დოზის შემზღუდველი ტოქსიკურობა არ დაფიქსირებულა და კვლევა ყველა მონაწილემ წარმატებით დაასრულა. გამოვლენილი გვერდითი ეფექტები მსუბუქი ხასიათის იყო და, ძირითადად, დაღლილობასა და ინფუზიასთან დაკავშირებულ დროებით რეაქციებს მოიცავდა.

შემდეგი ეტაპი

თერაპიამ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისგან (FDA) „დაჩქარებული განხილვის“ (Fast Track) სტატუსი უკვე მიიღო, რაც როგორც მის პერსპექტიულობაზე, ისე თერაპიული გამოწვევების გადაჭრის გადაუდებელ საჭიროებაზე მიუთითებს. 

ამ კვლევითი დინამიკის გათვალისწინებით, კომპანია Eli Lilly 2026 წლის ბოლოსთვის კლინიკური კვლევის მეორე ფაზის (Phase 2) დაწყებას გეგმავს. აღნიშნულ ეტაპზე თერაპია პაციენტთა უფრო ფართო ჯგუფზე გამოიცდება, რაც მისი უსაფრთხოებისა და ეფექტურობის კომპლექსური შეფასების შესაძლებლობას მოგვცემს.

წყარო: Lilly



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები