ღია გულის ოპერაციის ალტერნატივა – როგორ ცვლის TAVI თანამედროვე კარდიოქირურგიას

გააზიარე

ინტერვიუ დოქტორ ტომას შმიცთან

დოქტორი თომას შმიცი ევროპის ერთ-ერთი წამყვანი კარდიოლოგიური ცენტრის — Contilia Herz- und Gefäßzentrum am Elisabeth-Krankenhaus Essen-ის — წამყვანი ინტერვენციული კარდიოლოგი და გულის დაავადებათა გამორჩეული ექსპერტია. ის ასევე არის ევროპის კარდიოლოგიური საზოგადოების აქტიური წევრი და ინტერვენციული კარდიოლოგიის სფეროში მრავალი ინოვაციის ავტორი.

დოქტორი თომას შმიცი სტუმრად იმყოფებოდა საქართველოში და მონაწილეობა მიიღო ინტერვენციული კარდიოლოგიის საერთაშორისო კონგრესში. მისი მოხსენების თემა იყო თანამედროვე კარდიოლოგიური ტექნოლოგიების მნიშვნელობა და საქართველოში მათი ხელმისაწვდომობის აუცილებლობა. უახლესი ტექნოლოგიების ერთ-ერთმა წამყვანმა სპეციალისტმა ევროპაში იმ მეთოდებზე ისაუბრა, რომლებიც პაციენტის სწრაფ და უსაფრთხო გამოჯანმრთელებას უწყობს ხელს.

რადგან ტრანსკათეტერული აორტული სარქვლის იმპლანტაცია (TAVI) სულ უფრო აქტუალური ხდება როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში, გადავწყვიტეთ დოქტორ შმიცისთვის გვეკითხა, რა პრაქტიკული სარგებელი აქვს ამ პროცედურას, როგორია მისი პერსპექტივა და მომავალი.

ლევან ალავიძე: დოქტორ  შმიც, თქვენს მოხსენებაში საინტერესოდ საუბრობდით TAVI-ს უპირატესობებზე ღია გულის ოპერაციასთან შედარებით. შეგიძლიათ “მედსკრიპტუმის” მკითხველს აუხსნათ,  კონკრეტულად რაში მდგომარეობს ეს უპირატესობები, რამდენად უმარტივდება საქმე პაციენტს?

დოქტორი შმიცი: TAVI-ს მთავარი უპირატესობა ის არის, რომ წინასაოპერაციო კვლევები, როგორიცაა კომპიუტერული ტომოგრაფია და ანგიოგრაფია, ამბულატორიულად კეთდება. პაციენტი საავადმყოფოში მოდის უშუალოდ ჩარევის დღეს და, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, უკვე მესამე დღეს ბრუნდება სახლში. შედარებისთვის, ღია გულის ოპერაციის შემდეგ პაციენტს ორი კვირის განმავლობაში სჭირდება სტაციონარული მკურნალობა, რასაც მოჰყვება 6–8 კვირიანი რეაბილიტაციის პერიოდი. შესაბამისად, TAVI ბევრად უფრო მსუბუქი და სწრაფი პროცედურაა.

ლევან ალავიძე: რეაბილიტაცია პრაქტიკულად აღარ არის საჭირო?

დოქტორი შმიცი: დიახ. ჩარევა ხდება მცირე ჭრილობით საზარდულის მიდამოში. პაციენტი უკვე მეორე დღეს დგება ფეხზე, ხოლო მესამე დღეს ტოვებს კლინიკას.
ჩვენი რეკომენდაციაა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ფიზიკური დატვირთვა შეზღუდონ. ამის შემდეგ  კი ისინი სრულად უბრუნდებიან ცხოვრების რიტმს.

ლევან ალავიძე: ბოლო დროს TAVI უფრო ხშირად გამოიყენება ახალგაზრდა და ფართო სპექტრის პაციენტებთანაც. როგორ ფიქრობთ, შეუძლია თუ არა ამ პროცედურას სტანდარტული მკურნალობის მეთოდად ჩამოყალიბება?

დოქტორი შმიცი: ფაქტობრივად, უკვე გახდა. მაგალითად, 75 წლის ზემოთ პაციენტებისთვის TAVI სტანდარტული მეთოდია, თუ ტომოგრაფია პრობლემას არ აჩვენებს. 70–75 წლის ასაკში პაციენტმა და ექიმმა ერთად უნდა გადაწყვიტონ, ღია ოპერაცია ჯობს თუ TAVI.  ღია გულის ოპერაციას უფრო ხშირად იკეთებენ 70 წლამდე პაციენტები. თუმცა უკვე არსებობს სანდო მონაცემები, რომლებიც ადასტურებს, რომ TAVI 65 წლიდან ეფექტურად მუშაობს. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში კლინიკური გაიდლაინებიც შესაბამისად შეიცვლება.

ლევან ალავიძე: TAVI-ის სარგებელი ახალგაზრდა პაციენტებში ძირითადად განიხილება ხანგრძლივობის თვალსაზრისით. რამდენად გამძლეა ეს ვალვი, რომელსაც აორტის სარქვლის ფუნქციის შესრულება უწევს?

დოქტორი შმიცი: უკვე ცნობილია, რომ TAVI-ის ვალვები ისეთივე გამძლეა, როგორც ქირურგიული ბიოლოგიური ვალვები. თუ 10–15 წლის შემდეგ სარქვლის ფუნქცია მცირდება, შესაძლებელია „ვალვ-ინ-ვალვ“  ჩარევა.  ამ დროს ახალი ვალვი თავსდება უკვე არსებულში. ეს მეთოდი პაციენტს სიცოცხლეს უხანგრძლივებს. შესაბამისად, ვფიქრობ, TAVI დღეს უკვე ეფექტური და უსაფრთხო არჩევანია ახალგაზრდა პაციენტებისთვისაც.

ლევან ალავიძე: რა სიახლეები არსებობს TAVI-თან დაკავშირებული გართულებების პრევენციის კუთხით, როგორიცაა პარავალვულური გაჟონვა ან პოსტოპერაციული არითმია?

დოქტორი შმიცი: უკვე ბევრი ვისწავლეთ. მაგალითად, ადრე ვალვს ანუ ხელოვნურ სარქველს მეტისმეტად ღრმად, გულის გამტარ სისტემასთან ძალიან ახლოს ვნერგავდით.

ლევან ალავიძე: მკითხველისთვის რომ  უფრო გასაგები გახდეს, კარგად ავხსნათ, ანუ ეს ის ზონაა, სადაც მდებარეობს ელექტრონული იმპულსების გამავრცელებელი ქსელი, რომელიც აკონტროლებს გულის რითმს. რისი რისკი იზრდებოდა ასეთ დროს?

დოქტორი შმიცი: დიახ, ასეა. ამ დროს შესაძლოა დაზიანებულიყო გამტარი სისტემა, რაც გულის შეყოვნებას ან სრულ გაჩერებას იწვევდა. ეს საკმაოდ სერიოზული გართულებაა  და ამ დროს აუცილებელი იყო პეისმეიკერის ანუ გულის რიტმის სტიმულატორის ჩაყენება. დღეს სრულიად სხვა ტექნიკას ვიყენებთ.  ვალვი ზემოდან თავსდება, რაც პოსტოპერაციული გართულებების მაჩვენებელს 10%-მდე ამცირებს.

პარავალვულური გაჟონვის თავიდან აცილება სწორი დაგეგმვით იწყება. ჯერ ზუსტად განისაზღვრება კალციფიკაციის ლოკაცია კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) მეშვეობით, რის შემდეგაც ირჩევა ოპტიმალური ვალვი.

თანამედროვე ვალვებს სპეციალური „სკერტები“ ანუ საყელოები აქვთ, რომლებიც ამარტივებენ ოპერაციის დროს მათ ფიქსაციას და ქმნიან დამატებით ბარიერს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გაჟონვის რისკს. ამგვარად, აღნიშნული გართულებები დღეს უკვე კარგად კონტროლდება.

ლევან ალავიძე: დღეს ყველა მიმართულებით ბევრს საუბრობენ ხელოვნურ ინტელექტზე. როგორ ხედავთ მის როლს თქვენს პრაქტიკაში?

დოქტორი შმიცი: ვფიქრობ, AI მალე სრულიად შეცვლის CT-ს ანალიზის პროცესს. დღეისთვის ზომები ხელით ითვლება, მაგრამ მალე ეს ავტომატური იქნება და ჩვენ მხოლოდ გადავამოწმებთ. მომავალში ხელოვნური ინტელექტი რეალურ დროში ვიზუალიზაციის საშუალებასაც მოგვცემს. ექიმებს შეეძლებათ ოპერაციის მიმდინარეობისას პირდაპირ დაინახონ, როგორ გადაადგილდება კათეტერი და როგორ თავსდება ხელოვნური სარქველი იმპლანტაციის პროცესში. ამ მიმართულებით უკვე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. სავარაუდოდ, ტექნოლოგია მალე ხელმისაწვდომი გახდება.

ლევან ალავიძე: ბატონო შმიც, დიდი მადლობა ამ საინტერესო და ინფორმატიული ინტერვიუსთვის.

დოქტორი შმიცი: მადლობა თქვენ. მიხარია, რომ ამ თემით სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება. ეს  ნიშნავს, რომ მომავალში უფრო მეტი პაციენტი აირჩევს მკურნალობის სწორ, უსაფრთხო და თანამედროვე მეთოდს.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები