ოდითგან სახლი ადამიანისთვის არ არის მხოლოდ ფიზიკური თავშესაფარი. ის არის იდენტობის ცენტრი — წერტილი, საიდანაც სამყაროს ვუყურებთ და სადაც თავს თვითკმარად ვგრძნობთ. სახლი, განსაკუთრებით არაურბანულ რეგიონებში, განუყოფლად არის დაკავშირებული თემთან. ის კოლექტიური მეხსიერების კომპონენტია, სადაც თაობების ისტორია, ადგილობრივი წეს-ჩვეულებები და სოციალური კავშირებია დალექილი, შესაბამისად ინდივიდის იდენტობა განისაზღვრება სწორედ ამ ბმით მშობლიურ კერასთან და მთლიანობაში თემთან.
მაგრამ რა ხდება, როცა სახლი ინგრევა? არა მხოლოდ სახლი, არამედ გეოგრაფიული ადგილი შთანითქმება მიწისგან? თემი, რომელიც წარსულს, აწმყოსა და მომავალს ერთიან ნარატივში აკავშირებს, იშლება? ამ დროს ინგრევა არა მხოლოდ ინფრასტრუქტურა, არამედ ფსიქოლოგიური უწყვეტობის განცდა. ეს არის არა უბრალო დანაკარგი, არამედ იდენტობის შინაგანი იმპლოზია, ტოტალური ნგრევა, რომელიც ერთდროულად შლის ინდივიდუალურ და კოლექტიურ საყრდენებს.
სწორედ ასეთ ფუნდამენტურ გეოგრაფიულ და ღრმა ფსიქოლოგიურ ტრაგედიას განიცდის ხარაგაულის სოფლების, ღვერკისა და ხემაღალის, მოსახლეობა. 2025 წლის მაისში მეწყერის შედეგად გაჩენილი პირველადი ბზარებისა და ნაპრალების შემდეგ შეუქცევადი პროცესები ელვის სისწრაფით განვითარდა და უკვე ზაფხულის ბოლოსთვის ორივე სოფლის ტერიტორია საცხოვრისად გამოუსადეგარი გახდა.
ამ ერთ მუჭა ხალხს, ზემო იმერეთის მთაგორებზე რომ მოთავსებულა და საკუთარ თავს ხარაგაულელს უწოდებს, კარგად ვიცნობ. „ცნობა“ მსუბუქი ნათქვამია. მეც მათი გორისა ვარ. და ეს ავბედითობა, რომელიც ღვერკისა და ხემაღალის მოსახლეობის თავს ტრიალებს, ჩემთვის შორეული ტკვილი არ არის. სწორედ ამიტომ, წინამდებარე სტატიის ემოციური ტონალობა ავტორის სოციალური მიკუთვნებულობის გამოისობით მეტად სუბიექტურია.
ტრაგედიის გეოგრაფიული განზომილება – რას ამბობენ გეოლოგები?
ღვერკისა და ხემაღალის ტრაგედია არ ყოფილა ელვისებური სტიქია. ეს იყო გეოგრაფიული კოლაფსი, რომელიც ნელი, მაგრამ შეუქცევადი ტემპით ვითარდებოდა, სანამ ორი სოფელი არ შთანთქა.
მეწყერული პროცესი მიმდინარე წლის მაისში დაიწყო. გაზაფხულის ინტენსიური ნალექების ფონზე, ღვერკისა და ხემაღალის ფერდობებზე პირველი ნიშნები გამოჩნდა. ეს იყო ბზარები და ნაპრალები, რომლებიც მიწის დიდი მასის დაძვრის დასაწყისს მოასწავებდა. ამ ნიშნებმა ადგილობრივებში მყისიერად გააჩინა შიში.
ზაფხულის დადგომასთან ერთად, პროცესები დაჩქარდა. ბზარები გაფართოვდა, რამაც პირველი საცხოვრებელი სახლებისა და სოციალური ინფრასტრუქტურის დაზიანება გამოიწვია. ზაფხულის ბოლოსკენ პროცესი შეუქცევადი გახდა. მიწის მასის მოძრაობამ უკონტროლო დინამიკა შეიძინა, რის შედეგადაც ორივე სოფლის ტერიტორია საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდა. სახლები და საავტომობილო გზები მთლიანად დანგრეული ან დეფორმირებულია.
შპს „გეოლოჯიქის“ კომპლექსური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის თანახმად, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით ჩატარდა, მეწყერი სიღრმის მიხედვით კლასიფიცირდა როგორც „ძალიან ღრმა“, ხოლო მოცულობის მიხედვით – როგორც „ძალიან მძლავრი – ექსტრემელურად დიდი“. მეწყრული სხეულის მოცულობა დაახლოებით 30 მილიონი კუბური მეტრია, საშუალო სიღრმე კი 43 მეტრი.
კვლევამ დაადგინა, რომ მეწყრული სხეული კვლავ აქტიურ დინამიკაშია; 10-დღიან პერიოდში ის საშუალოდ 0.96 მეტრით გადაადგილდა. დასკვნა კატეგორიულია: მეწყრული პროცესები შეუქცევად ხასიათს ატარებს და ფერდობის ბუნებრივი სტაბილიზაცია მოსალოდნელი არ არის.
კვლევის თანახმად, მეწყრული მოვლენა ძირითადად ბუნებრივმა ფაქტორებმა გამოიწვია. ეს მოხდა იმის გამო, რომ ფერდობზე არსებობდა წყალში სწრაფად დაშლადი თიხოვანი გრუნტის სქელი ფენა, ნიადაგი კი გრუნტის წყლით იყო გაჯერებული. გარდა ამისა, ტერიტორიაზე ტექტონიკური რღვევები შეინიშნებოდა, რაც ნიშნავს, რომ ნიადაგის მასივში სტრუქტურული კავშირები დარღვეულია და ფერდობი მიდრეკილია მოძრაობისკენ. რაც შეეხება ხელოვნურ ფაქტორებს (მაგალითად, რკინიგზის მშენებლობა), დასკვნაში ისინი მხოლოდ თეორიული დაშვების დონეზე განიხილება და არ სახელდება მეწყრის ძირითად მიზეზად.
გეოლოგების შეფასებით, ტერიტორიის საცხოვრებელი დანიშნულებით გამოყენება კატეგორიულადაა დაუშვებელი, მოქალაქეები უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოში უნდა გადაიყვანონ, უნდა შეწყდეს სკოლის ფუნქციონირება, ჩაიკეტოს საავტომობილო გზები.
არსებობს მნიშვნელოვანი მოცულობის ღვარცოფული ნაკადების წარმოქმნის რისკი მდინარე ყარნებას წყალდიდობის პერიოდში, რაც საფრთხეს შეუქმნის სარკინიგზო მაგისტრალს და ხეობებში არსებულ მთელ ინფრასტრუქტურას.
რას ამბობს ხალხი?
ამ ადამიანების ტრაგედია სცილდება მატერიალური ზარალის სფეროს. ეს არის ღრმა მნიშვნელობის მქონე სოციალური კრიზისი. ღვერკისა და ხემაღალის მკვიდრ მოსახლეობას მშობლიური ადგილის მიტოვება განსაკუთრებით გაუჭირდათ, რადგან, ზოგადადაც, ასეთ დროს “სახლის” დატოვება ნიშნავს თაობათა ისტორიისთან დაშორებას და იდენტობის რღვევას, სწორედ ამიტომ ეს ადამიანები არა მხოლოდ დანგრეულ სახლ-კარზე, არამედ წინაპრების საფლავების ბედზეც კი განსაკუთრებით ღელავენ.
“მე აქაურობის ბაღნარად გადაქცევას ვაპირებდი, მაგრამ ვიღაცების არაკეთილსინდისიერმა ქცევამ და ნებამ, რა დღეში ჩაგვაგდო. აქ რაღა უნდა გავაკეთო?! ვერ მივატოვებ, ვერ წავალ აქედან. სადმე ახლოს უნდა ვიპოვო. აქვე დედა, მამა, ბებია და ბაბუა მყავს, იმ სასაფლაოს ვერ მივატოვებ. აქაურობას, თუნდაც დანგრეულს, უნდა შევხედო.“
“ნეტა დამწვარიყო, სულ დაფერფლილიყო და ადგილი მაინც დარჩენილიყო, რომ ისევ ხელახლა დაგვეწყო ცხოვრება არაფრიდან, როგორც ადრე. ახალგაზრდაც არ ვარ. რამდენ ხანს უნდა ვიყო ამ ემიგრაციაში, რომ ისევ თავიდან ახლად შევქმნა ეს, ხომ?!”
„სიყვარული შიშზე ძლიერია. მე ხემაღლის გარეშე არ შემიძლია. ლაპარაკი რომ არ დამავიწყდეს, პირუტყვს ველაპარაკები. სიზმარშიც არ დამესიზმრებოდა, ჩემს სოფელს ასეთი რამ რომ დაემართებოდა“.
ადამიანის ბუნებრივი ფსიქოლოგიური მოთხოვნილებაა, რომ კატასტროფას ჰქონდეს ლოგიკური ახსნა და ჰყავდეს კონკრეტული პასუხისმგებელი. ადგილობრივი მცხოვრებლების უმეტესობა ამტკიცებს, რომ მეწყერი გამოიწვია თბილისი-ბათუმის სარკინიგზო მაგისტრალის გაფართოების (მოდერნიზების) სამუშაოებმა.
მათი თქმით, 2019 წლიდან ესმოდათ და გრძნობდნენ აფეთქებების ხმას და ვიბრაციას, რომლებსაც ჩინური კომპანიის მიერ გვირაბების გაყვანა იწვევდა. ეს ზემოქმედება, მათი რწმენით, გახდა მეწყერული პროცესის გააქტიურების უშუალო მიზეზი.
გეოლოგები პირველად დასკვნებში, რომელიც ვიზუალურ დათვალიერებას ეფუძნებოდა, მეწყრული პროცესების მიზეზად აქტიურ ნეოტექტონიკურ მოძრაობებსა და უხვ ნალექს ასახელებდნენ. მართალია, შემდგომი კვლევაც, კერძოდ „გეოლოჯიქის“ კომპლექსური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, ხელოვნური ფაქტორების როლს მეწყერული პროცესების განვითარებაში მხოლოდ თეორიულ დონეზე განიხილავს, მოსახლეობის ძირითადი ნაწილის პოზიცია მაინც უცვლელია.
ეჭვებს აძლიერებს გეოლოგიური მონაცემების ცვლილებაც: ღვერკი, რომელიც 2016 წლამდე რუკებზე პრობლემურ უბნად არ სახელდებოდა, 2017 წლიდან უკვე ასეთად მოიაზრებოდა, ხოლო 2021 წლისთვის მეწყერსაშიშ ზონად გამოცხადდა. ეს ქრონოლოგიური შესაბამისობა ფაქტობრივი არგუმენტია მოსახლეობის ხელში, რადგან სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზება და აქტიური სამუშაოები ზუსტად ამ პერიოდში, 2019-2021 წლებში მიმდინარეობდა. თემის მიერ გამოთქმული მოსაზრებები მიუთითებს იმაზე, რომ მათთვის მიუღებელია ოფიციალური დისკურსი, რომელიც მათ უშუალო ყოველდღიურ გამოცდილებასა და გეოლოგიური რუკის ცვლილებების მკვეთრ დამთხვევას უგულებელყოფს.
ტრაგედიის ფსიქოლოგიური განზომილება – რას ამბობენ ფსიქოლოგები?
ღვერკისა და ხემაღალის ტრაგედიის განხილვა ფსიქოლოგიურ განზომილებაში მნიშვნელოვანია, რადგან ის დამანგრევლად ეხება არა მხოლოდ ადამიანების მატერიალურ ქონებას, არამედ ცნობიერებასაც. მსგავსი ტრაგედიები იწვევს უსაფრთხოების ფუნდამენტური განცდის სრულ რღვევას – როდესაც მიწა ფეხქვეშ ეცლება ადამიანს, იშლება ფსიქოსოციალური სტაბილურობაც, რაც სერიოზული ტრავმის წყაროა.
ინტერვიუ ფსიქოლოგ და გეშტალტ თერაპევტ ოლიკო ნაკაშიძესთან

რა ფსიქოლოგიური პროცესები ვითარდება ადამიანის იდენტობასა და მიკუთვნებულობის შეგრძნებაში, როდესაც ადგილი, სადაც ის დაიბადა, გაიზარდა და სადაც მისი ოჯახის თაობები ცხოვრობდნენ, მოულოდნელად ნადგურდება და საცხოვრებლად გამოუსადეგარი ხდება?
თუ ვისაუბრებთ კონკრეტულ შემთხვევაზე, მოსახლეობის აღქმით, ეს სტიქიური უბედურება გამოწვეულია ადამიანების არასწორი ქმედებების შედეგად, რაც ფუნდამენტურად ცვლის ადამიანურ განცდებსა და მოლოდინებს. ეს აღარ არის მხოლოდ გეოლოგიური კოლაფსი, არამედ ადამიანური ფაქტორით გამოწვეული ტრაგედია. შესაბამისად, ასეთ დროს ბუნებრივად იბადება უსამართლობისა და ბრაზის ღრმა განცდა. თუმცა, ამის მიუხედავად, მოსახლეობა არ გამოხატავს ღიად ბრაზს, არამედ ჯერჯერობით იმყოფება შოკურ მდგომარეობაში, რაც ასეთი მასშტაბის ტრაგედიის დროს ბუნებრივი ფსიქოლოგიური რეაქციაა.
სწორედ ეს შოკი ხსნის იმას, თუ რატომ ვხედავთ არა ხმაურიან პროტესტს, არამედ მდუმარე ფსიქოლოგიურ კოლაფსს – იდენტობის შინაგან იმპლოზიას.
დანაკარგი იმდენად ტოტალურია, რომ ფსიქიკა თითქოს „იყინება“, რათა თავი დაიცვას უდიდესი ტკივილისგან. ეს დანაკარგი ერთდროულად შლის იდენტობის ყველა საყრდენს. ადგილის იდენტობას – ფრაზა „მე ვარ ხემაღლელი“ კარგავს ფიზიკურ მისამართს და მტკივნეულ მოგონებად იქცევა. როლურ იდენტობას – ამ ადამიანებმა დაკარგეს არა მხოლოდ სახლები, არამედ მათი მთავარი როლები – ისინი იყვნენ მიწადმოქმედები, ფერმერები, მარჩენალები, თვითკმარი პიროვნებები. შემოთავაზებული მომავალი (ქირით ცხოვრება) კი მათ სთავაზობს ახალ, მათთვის უცხო და მიუღებელ როლს – პასიური, დამოკიდებული დახმარების მიმღების. დროით იდენტობას – კატასტროფა ერთდროულად შლის წარსულს (თაობების სახლები), აწმყოს (სოციალური ქსოვილი) და მომავალს (გეგმები). ადამიანი რჩება ტრავმულ, „გაყინულ“ აწმყოში.
სწორედ ამ შინაგანი კოლაფსისა და „გაყინული“ ფსიქიკის მდგომარეობაში, გადარჩენის ინსტინქტი იწყებს მუშაობას. როდესაც ყველაფერი დაკარგულია, ფსიქიკა მთელი ძალით ეჭიდება ერთადერთ კონკრეტულ, სიცოცხლისუნარიან იდეას. ამ შემთხვევაში, ადამიანების მთელი კოლექტიური ენერგია, მათი გამოუთქმელი ბრაზი და სევდა ფოკუსირდება ერთ მოთხოვნაზე, „დავსახლდეთ ერთად, ჩვენს სოფლებთან ახლოს“.
ეს მოთხოვნა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალო სურვილი. ეს არის მათი ფსიქოლოგიური „კიდობანი“ – ერთადერთი რამ, რაც მათ, როგორც თემს, ერთად კრავს და იცავს საბოლოო დაშლისგან. ამ პროცესში მათი მიკუთვნებულობის განცდა გადის მყისიერ და რადიკალურ ტრანსფორმაციას. ისინი წყვეტენ მიკუთვნებულობას ფართო სისტემისადმი, რომელმაც, მათი აღქმით, ვერ დაიცვა ისინი. მათი მიკუთვნებულობის წრე ვიწროვდება და კრისტალიზდება – ისინი ახლა მხოლოდ თავიანთ საერთო მიზანს ეკუთვნიან.
საბოლოო ჯამში, პირველადი ფსიქოლოგიური პროცესი არის იდენტობის მდუმარე რღვევა და მიკუთვნებულობის განცდის მყისიერი ტრანსფორმირება ერთიან, კონსტრუქციულ მიზნად. ისინი არ ხარჯავენ ენერგიას ბრაზის ღია დემონსტრირებაზე, ამის ნაცვლად, მთელ ფსიქოლოგიურ რესურსს მიმართავენ ერთადერთი საყრდენის შესაქმნელად, რომელიც მათ დარჩათ – საერთო მომავლის იმედი.
როგორ ახერხებენ ადამიანები (როგორ უნდა მოახერხონ) მსგავსი ტრაგედიების გადატანას, როცა მშობლიური ადგილი მათთვის პირადი, ოჯახური ისტორიების, მოგონებებისა და საყვარელი ადამიანების გამო ესოდენ მნიშვნელოვანია?
ასეთი მრავალშრიანი ტრაგედიის გადატანა უზარმაზარ შინაგან და გარეგან რესურსებს მოითხოვს. ეს არ არის მარტივი პროცესი, არამედ გზა, რომელიც მოიცავს როგორც ღრმა შინაგან ფსიქოლოგიურ სამუშაოს, ისე აქტიურ, კოლექტიურ ქმედებებს. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, გამოჯანმრთელება რამდენიმე ფუნდამენტური ამოცანის შესრულებას გულისხმობს.
პირველი ამოცანა – ქაოსის მოწესრიგება და ახალი საყრდენის პოვნა. თავდაპირველად, აუცილებელია გლოვისთვის სივრცის დათმობა. ეს არ არის მხოლოდ სახლის, არამედ ცხოვრების წესის, იდენტობის, ისტორიისა და მომავლის გლოვა. ამ ქაოსური ემოციების სტრუქტურირების და გადამუშავების უმნიშვნელოვანესი გზა კი ისტორიის მოყოლაა, რაც მტკივნეულ გამოცდილებას ერთიან ნარატივად აქცევს. პარალელურად, როდესაც ფიზიკური „გრუნტი“ გამქრალია, ფსიქიკა ინსტინქტურად ეძებს ახალ საყრდენს, რომელსაც ის ადამიანურ კავშირებსა და სიმბოლურ ღირებულებებში, მაგალითად, წინაპრების სასაფლაოსთან სიახლოვეში პოულობს.
მეორე ამოცანა – არსებული რეალობის გათვალისწინებაა. ამ ზოგადი ფსიქოლოგიური ამოცანების ფონზე, ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ გარდაქმნის დაზარალებული თემი ამ შინაგან სამუშაოს ერთიან, კონსტრუქციულ და ძლიერ გადარჩენის სტრატეგიად. იმის ნაცვლად, რომ ენერგია დახარჯონ ღია, მაგრამ შესაძლოა უშედეგო, ბრაზის გამოხატვაზე, ეს ადამიანები თავიანთ ტკივილს, სევდასა და უსამართლობის განცდას აკუმულირებენ და მიმართავენ ერთი, კონკრეტული, სიცოცხლისუნარიანი მიზნისკენ: „დავსახლდეთ ჩვენს სოფლებთან ახლოს“.
ამ სტრატეგიის არჩევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ასაკის ფაქტორს. შუახნის და ხანდაზმული ადამიანისთვის, რომელსაც ცხოვრების უდიდესი ნაწილი განვლილი აქვს, ახალი ცხოვრების ნულიდან დაწყება სრულიად უცხო გარემოში არა მხოლოდ რთული, არამედ ფსიქოლოგიურად თითქმის შეუძლებელია. მათ არ აქვთ დრო და ენერგიის რესურსი ახალ რეალობასთან ადაპტაციისთვის. ამიტომ, მათი მოთხოვნა არ არის უბრალოდ სურვილი – ეს არის ერთადერთი გზა, შეინარჩუნონ ღირსება, იდენტობა და ცხოვრების ბოლო ეტაპზე ჰქონდეთ მინიმალური სიმშვიდის პერსპექტივა.
ამ ერთიანი მოთხოვნის მიღმა დგას ღრმა ფსიქოლოგიური სიბრძნე. ქაოსისა და უიმედობის ფონზე, ეს ერთი მიზანი იქცევა გადარჩენის გენიალურ სტრატეგიად, რადგან ის ერთდროულად ასრულებს რამდენიმე სასიცოცხლო ფსიქოლოგიურ ფუნქციას.
ის ერთ კალაპოტში აქცევს მათ მრავალფეროვან და მტკივნეულ ემოციებს – ტკივილს, სევდასა და ჩახშობილ ბრაზს – და მათ დესტრუქციული ძალიდან კონსტრუქციულ, შემოქმედებით ენერგიად გარდაქმნის. ამასთან, ის მათ საშუალებას აძლევს, დაწერონ არა დანაკარგის, არამედ აღდგენის ისტორია, რითაც შექმნიან ახალ, მომავალზე ორიენტირებულ ნარატივს. ამ სტრატეგიის ქვაკუთხედი ადამიანური კავშირებია, რადგან ის კოლექტიურ გადარჩენას ინდივიდუალურზე მაღლა აყენებს. და ბოლოს, ის არ წყვეტს კავშირს ფესვებთან და პატივს სცემს მათ უწყვეტ კავშირს წინაპრებთან და ისტორიასთან.
აქედან გამომდინარე, ტრაგედიასთან გამკლავება ამ ადამიანებისთვის არის შინაგანი გლოვისა და გარეგანი, მიზანმიმართული ქმედების საოცარი სინთეზი. ისინი ახერხებენ, თავიანთი ტრავმა აქციონ არა საბოლოო განაჩენად, არამედ ახალი თემის მშენებლობის საწყის წერტილად. ეს არის გამკლავების უაღრესად რთული, მაგრამ ყველაზე სიცოცხლისუნარიანი და ღირსეული ფორმა.
რა სახის გრძელვადიანი ფსიქოლოგიური ეფექტები შეიძლება გამოიწვიოს იმ ფაქტმა, რომ ადამიანები იძულებულნი არიან მიატოვონ საკუთარი სახლები? და კონკრეტულად რა სახის მხარდაჭერა შეიძლება დაეხმაროს მათ ამ ტრაგედიის გადატანაში?
მშობლიური სახლის იძულებით დატოვება ღრმა და ხანგრძლივ კვალს ტოვებს ადამიანის ფსიქიკაზე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც ტრაგედიას ემატება უსამართლობის განცდა და მომავლის გაურკვევლობა, ჩვენ საქმე გვაქვს არა ერთჯერად ტრავმასთან, არამედ ქრონიკულ, კომპლექსურ ჭრილობასთან, რომელიც მუდმივად ახლდება და შეხორცების საშუალებას არ იძლევა.
ამ ფსიქოლოგიური ჭრილობის საფუძველს წარმოადგენს ის ზოგადი შედეგები, რასაც ასეთი მასშტაბის დანაკარგი იწვევს. ეს არ არის უბრალოდ ცალკეული პრობლემები, არამედ ერთმანეთთან დაკავშირებული მძიმე მდგომარეობების მთელი კასკადი: პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD) ნიშნავს, რომ ტრაგედია არ რჩება წარსულში – ის სასტიკად იჭრება აწმყოში კოშმარების, პანიკური შეტევებისა და მუდმივი შფოთვის სახით. ამას ხშირად თან ახლავს გართულებული მწუხარება, როდესაც ადამიანი თითქოს სამუდამოდ იმ ტრაგიკულ დღეში რჩება და ვერ ახერხებს ახალ ცხოვრებასთან ადაპტაციას. როდესაც მწუხარება უსასრულოდ გრძელდება, ის ხშირად დეპრესიაში გადადის, როდესაც ცხოვრებას თითქოს ნაცრისფერი ფარდა ჩამოეფარა და მომავალი უიმედო ჩანს. ამ ყველაფრის ფონზე ვითარდება იდენტობის კრიზისი, როდესაც ადამიანი კარგავს პასუხს კითხვაზე „ვინ ვარ მე?“. და ბოლოს, როდესაც ფსიქიკა ვეღარ უმკლავდება ამდენ ტკივილს, სხეული იწყებს საუბარს სომატური სიმპტომებით – ქრონიკული ტკივილით, უძილობითა და დაღლილობით.
აღსანიშნავია, რომ ამ ფუნდამენტურ ტკივილს ემატება სამი დამატებითი, განსაკუთრებით მძიმე ფენა, რომელიც ამ ჭრილობას მუდმივად ღიას ტოვებს და მის შეხორცებას ხელს უშლის:
უსამართლობის შრე – რწმენა, რომ ტრაგედია ადამიანის ბრალია, დროთა განმავლობაში გადაიზრდება ქრონიკულ ბრაზსა და ტოტალურ უნდობლობაში სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. ეს მუდმივი დაძაბულობა ფსიქოლოგიურ სიმშვიდეს შეუძლებელს ხდის.
მეორადი ტრავმის შრე – შემოთავაზებული არაადეკვატური „დახმარება“ (ქირით გასვლა) თავად იქცევა მეორადი ტრავმის წყაროდ. ის მუდმივად ამყოფებს ადამიანებს ეკონომიკური შფოთვისა და გადარჩენისთვის ბრძოლის რეჟიმში, რაც მათ დარჩენილ რესურსებსაც ბოლომდე ფიტავს.
ეგზისტენციალური კრიზისის შრე – თვითკმარი ცხოვრების წესის დაკარგვა გრძელვადიან პერსპექტივაში იწვევს ღრმა კრიზისს – საკუთარი თავის, როგორც კომპეტენტური და საჭირო ადამიანის, განცდის დაკარგვას. ეს განსაკუთრებით მწვავედ ვლინდება ხანდაზმულ მოსახლეობაში, რომელთაც წაერთვათ დამსახურებული სიმშვიდის მოლოდინი და ახალ გარემოსთან ადაპტაციისთვის საჭირო დრო და რესურსი პრაქტიკულად აღარ გააჩნიათ.
ასეთ კომპლექსურ, ქრონიკულ ჭრილობას სტანდარტული „მკურნალობა“ ვერ უშველის. მხარდაჭერა უნდა იყოს მიმართული არა მხოლოდ სიმპტომების შემსუბუქებაზე, არამედ იმ უსამართლო პირობების შეცვლაზე, რომელიც ამ სიმპტომებს აძლიერებს.
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია სამართლიანობის აღდგენა. ყველაზე მთავარი და პირველადი მხარდაჭერა არის მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება: ადეკვატური კომპენსაცია და სოფელთან ახლოს, ერთად დასახლებისთვის მიწის გამოყოფა. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ეს არის არა უბრალოდ პრაქტიკული დახმარება, არამედ მთავარი თერაპიული ინტერვენცია, რომელიც მათ დაუბრუნებს კონტროლს, ღირსებას, ავტონომიას და მათი ცხოვრების წესის გაგრძელების შესაძლებლობას.
ამ ფუნდამენტური მხარდაჭერის პარალელურად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მიზნობრივი ფსიქოლოგიური დახმარება, რომლის ქვაკუთხედიც მათი განცდების ვალიდაციაა. ეს ნიშნავს იმის ღიად და მკაფიოდ აღიარებას, რომ მათი სევდა, ბრაზი და შიში არის არა სისუსტის ნიშანი, არამედ აბსოლუტურად ლეგიტიმური და ჯანსაღი რეაქცია. ეს ვალიდაცია ყველაზე ძლიერად ჯგუფურ შეხვედრებზე მუშაობს, რომლებიც არღვევს ფსიქოლოგიური იზოლაციის კედლებს. იმის გააზრება, რომ შენ მარტო არ ხარ შენს ტკივილში, უდიდესი სამკურნალო ძალის მქონეა. სადაც „ჩემი“ აუტანელი ტკივილი გარდაიქმნება „ჩვენს“ საერთო, გაზიარებულ გამოცდილებად.
შესაბამისად, ეფექტური მხარდაჭერა უნდა აერთიანებდეს ფსიქოლოგიურ დახმარებას, სოციალურ ადვოკატირებასა და პრაქტიკულ ნაბიჯებს, რომლებიც მიმართულია არა მხოლოდ მათი სახლების, არამედ მათი თემის, ავტონომიისა და ღირსების აღდგენაზე.
როგორ ცვლის მსგავსი ტრაგედია აღქმას თუ რა არის „სახლი“? კონკრეტულად, რა ფსიქოლოგიურ ფერისცვალებას განიცდის იდენტობა, მეხსიერება და მიკუთვნებულობის გრძნობა “სახლის” ფიზიკური განადგურების შედეგად?
სახლის ფიზიკური განადგურება იწვევს „სახლის“ ცნების რადიკალურ შინაგან ტრანსფორმაციას, რაც ღრმა კვალს ტოვებს იდენტობაზე, მეხსიერებასა და მიკუთვნებულობის განცდაზე. ამ კონკრეტულ, უსამართლობით დამძიმებულ ვითარებაში, ეს პროცესები კიდევ უფრო მძაფრად და მტკივნეულად მიმდინარეობს. ფიზიკური სამყაროს განადგურების შემდეგ, „სახლი“ ამ ადამიანების შინაგან სამყაროში ერთდროულად სამ, ერთმანეთთან კონფლიქტში მყოფ ცნებად იქცა: ტკბილ მოგონებად, რომელსაც გლოვობენ; დამამცირებელ რეალობად, რომელსაც უარყოფენ; და მიზნად, რომლისთვისაც იბრძვიან.
მათთვის დაკარგული სახლი არ არის უბრალოდ ნოსტალგიური მოგონება. ის არის მათი დაკარგული ავტონომიისა და თვითკმარობის სამყარო, რომელიც, მათი რწმენით, უსამართლოდ “წაართვეს”. ეს სამყარო ახლა მხოლოდ მათ შინაგან სივრცეში, მეხსიერებაში არსებობს. შესაბამისად, მეხსიერება იქცევა ორმაგი დანიშნულების ადგილად: ერთი მხრივ, ის ტკბილი თავშესაფარია, სადაც მათი ნამდვილი ცხოვრება ჯერ კიდევ ხელუხლებელია, მეორე მხრივ კი – მწარე სატანჯველი, რომელიც მუდმივად ახსენებთ, თუ რა მასშტაბის იყო დანაკარგი. შინაგანი სახლი, რომელსაც ისინი ატარებენ, სავსეა არა მხოლოდ სევდით, არამედ ღალატის განცდით.
მათთვის შეთავაზებული ალტერნატივა – ქირით ცხოვრება – აღიქმება არა როგორც სახლი, არამედ როგორც სახლის ანტიპოდი. ეს არის დამოკიდებულების, მათი ცხოვრების წესის განადგურების და იდენტობის (როგორც ფერმერების და მწარმოებლების) წაშლის სიმბოლო. ეს არის ფსიქოლოგიური გალია, რომელიც ყოველდღიურად ახსენებთ, თუ რა დაკარგეს და რა სასიცოცხლო როლი წაერთვათ. ის აქტიურად უშლის ხელს მიკუთვნებულობის აღდგენას, რადგან თემის წევრებს ერთმანეთს აშორებს და მათ კოლექტიურ ძალას ართმევს.
ამ ორი მტკივნეული აღქმის ფონზე, მათი ფსიქიკა ქმნის მესამე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ხატს – მომავლის სახლს, ანუ ერთად, სოფელთან ახლოს აშენებულ ახალ დასახლებას. სწორედ ეს ხედვა ხდება მათი ახალი ფსიქოლოგიური ცენტრი და სწორედ აქ ხდება მთავარი ფერისცვალება.
იდენტობა ყალიბდება არა იმაზე, რაც დაკარგეს, არამედ იმაზე, რისთვისაც იბრძვიან. „მე ვარ ის, ვისაც სურს, აღადგინოს თემი“ – ეს ხდება ახალი, ქმედითი იდენტობის საფუძველი.
მიკუთვნებულობის გრძნობა კი ყალიბდება სწორედ ამ საერთო ბრძოლაში. ისინი ეკუთვნიან არა უბრალოდ წარსულში არსებულ სოფელს, არამედ იმ ადამიანთა ერთობას, რომლებიც იბრძვიან მომავალში თავიანთი სახლის ასაშენებლად.
ეს ტრაგედია მათთვის იქცა პროცესად, რომელმაც დაანგრია სახლის, როგორც ფიზიკური შენობის, ილუზია და გააშიშვლა მისი ნამდვილი ფსიქოლოგიური არსი: სახლი არის ავტონომია, თემი, ღირსება და მომავლის უფლება. და სწორედ ამ ფასეულობებისთვის ბრძოლა განსაზღვრავს მათ ფერისცვალებას.
შეიძლება თუ არა ასეთმა დანაკარგმა გამოიწვიოს პიროვნული ან კოლექტიური იდენტობის ხელახალი განსაზღვრა, და თუ ასეა, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ეს პროცესი ფსიქოლოგიურ დონეზე?
დიახ, ასეთი მასშტაბის დანაკარგი არა მხოლოდ იწვევს იდენტობის ხელახალ განსაზღვრას, არამედ მას გარდაუვალს ხდის. როდესაც ადამიანის არსებობის ფუნდამენტური საყრდენები ინგრევა, ძველი იდენტობა ვეღარ იარსებებს. ეს არის ფსიქიკისთვის აუცილებელი, თუმცა მტკივნეული, ადაპტაციის პროცესი, რომელიც ფსიქოლოგიურ დონეზე რამდენიმე ეტაპს გადის.
პირველი ეტაპი – დე-კონსტრუქცია, ანუ იდენტობის დამსხვრევა. ძველი თვითაღქმა („მე ვარ ფერმერი“, „მე ვარ ამა თუ იმ სახლის მკვიდრი“) კარგავს თავის საფუძველს და იშლება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეს პროცესი მიმდინარეობს არა ქაოტურად, არამედ იმ მდუმარე, შოკური კოლაფსის ფონზე, რომელსაც ვაკვირდებით. ამ ეტაპზე დომინირებს დაბნეულობისა და შინაგანი სიცარიელის განცდა.
მეორე ეტაპი – ლიმინალური ფაზა, ანუ „ზღვარზე ყოფნა“. ეს არის მტკივნეული „არც იქ, არც აქ“ მდგომარეობა, როცა ძველი იდენტობა უკვე დანგრეულია, ახალი კი ჯერ არ აშენებულა. ადამიანი თითქოს იდენტობის ნანგრევებს შორის, გაურკვევლობის სიცარიელეში იმყოფება. ხემაღლელებისა და ღვერკელებისთვის, ეს ეტაპი გამოიხატება არა პანიკაში, არამედ ერთ, კონკრეტულ მოთხოვნაზე კონცენტრირებულ, თითქოსდა მშვიდ მდგომარეობაში. სწორედ ამ გაურკვევლობაში იბადება ახალი მნიშვნელობების პოტენციალი.
მესამე ეტაპი – რე-კონსტრუქცია, ანუ ახალი იდენტობის მშენებლობა. სწორედ აქ ვხედავთ ამ თემის უნიკალურ ძალას. მათი ახალი იდენტობის მშენებლობა ხდება არა იმდენად წარსულზე გლოვით, რამდენადაც მომავლის შენების მტკიცე გადაწყვეტილებით.
პიროვნულ დონეზე, ადამიანი აღარ არის უბრალოდ „ტრაგედიას გადარჩენილი“. ის ხდება „საკუთარი თემის მომავლის დამცველი“. მისი იდენტობა და თვითპატივისცემა აღიდგინება არა იმაზე ფიქრით, რაც დაკარგა, არამედ იმ ერთიან, კოლექტიურ მიზანში მონაწილეობით, რომელიც ყველას ერთად კრავს.
კოლექტიურ დონეზე, ჩვენ ვხედავთ ახალი, წარმოუდგენლად მტკიცე იდენტობის დაბადებას. ისინი აღარ არიან უბრალოდ „ხემაღლელები“ ან „ღვერკელები“; ისინი არიან „თემი, რომელიც ერთად აშენებს ახალ მომავალს“. მათი იდენტობა განისაზღვრება არა წარსულის გეოგრაფიით, არამედ მომავლის საერთო მიზნით. ეს ერთიანი, ურყევი მოთხოვნა მათი ახალი კოლექტიური იდენტობის მანიფესტია.
საბოლოო ჯამში, იდენტობის ხელახალი განსაზღვრა ამ შემთხვევაში არის ფსიქიკის პასუხი არა მხოლოდ დანაკარგზე, არამედ უსამართლობაზეც. ეს არის პროცესი, სადაც ტრაგედია და შემდგომი კრიზისი ადამიანებს აიძულებს, აღმოაჩინონ საკუთარ თავში ახალი ძალა – კოლექტიური ერთიანობის, მიზანდასახულობისა და ერთად დგომის უნარი. ეს კი ხშირად პოსტტრავმულ ზრდამდე მიდის, როდესაც უმძიმესი გამოცდილება ადამიანებს უფრო ძლიერსა და ერთიანს ხდის.