ბრიტანულ ბიობანკის (UK Biobank) მეიერ ჩატარებულმა მასშტაბურმა კვლევამ, რომელშიც 340,000 ზრდასრული ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ ალკოჰოლის სხვადასხვა სახეობას ჯანმრთელობაზე განსხვავებული გავლენა აქვს. კვლევის მიხედვით, დაბალი და ზომიერი მოხმარების პირობებშიც კი, ლუდი, სიდრი და სპირტიანი სასმელები სიკვდილიანობის მაღალ რისკთან არის დაკავშირებული, მაშინ როცა ღვინო გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ამცირებს.
კვლევის შედეგები
ამერიკის კარდიოლოგიის კოლეჯის ყოველწლიურ სესიაზე წარდგენილმა კვლევის შედეგებმა ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოკვეთა. მონაცემების მიხედვით, ღვინის ზომიერ მომხმარებლებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის რისკი 21%-ით დაბალია, მაშინ როცა ლუდის, სიდრისა და სპირტიანი სასმელების მცირე დოზით მიღებაც კი ამ რისკს 9%-ით ზრდის.
თუმცა, სასმლის ტიპის მიუხედავად, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება ჯანმრთელობას მკვეთრად აუარესებს. იმ ადამიანებში, რომლებიც ალკოჰოლს ჭარბად მოიხმარენ, სიმსივნის განვითარების რისკი 36%-ით, ხოლო გულის დაავადებების ალბათობა 14%-ით იმატებს.
რატომ არის ღვინო გამონაკლისი?
მეცნიერები ამ განსხვავებას რამდენიმე ფაქტორით ხსნიან. პირველ რიგში, ღვინო სასარგებლო ნაერთებს შეიცავს, როგორიცაა, მაგალითად, პოლიფენოლები და ანტიოქსიდანტები. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მოხმარების კულტურა: ღვინოს ხშირად საკვებთან ერთად მიირთმევენ ის ადამიანები, რომლებიც ზოგადად ჯანსაღი კვების რაციონით გამოირჩევიან. ამის საპირისპიროდ, ლუდი და სპირტიანი სასმელები ხშირად არასწორ კვებასა და სხვა მავნე ჩვევებთან არის ასოცირებული.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის რისკები, შესაძლოა, კიდევ უფრო მაღალი იყოს. ამასთან, კვლევა დაკვირვებითი ხასიათისაა და სრულად ვერ ამტკიცებს მიზეზ-შედეგობრივ კავშირს. სხვა კვლევები ასევე მიუთითებენ, რომ ალკოჰოლის რეგულარული მოხმარება, დოზის მიუხედავად, ზრდის დემენციის რისკს და იწვევს ტვინის მოცულობის შემცირებას.
წყარო: euronews

