ოდესმე დაფიქრებულხართ, რატომ უჭირთ პოსტტრავმული სტრესული აშლილობის (PTSD) მქონე ადამიანებს ტრავმული მოგონებების დავიწყება, მაშინაც კი, როცა საფრთხე უკვე დიდი ხანია აღარ არსებობს? ეს თავსატეხი სამხრეთ კორეის ფუნდამენტურ მეცნიერებათა ინსტიტუტის (IBS) მკვლევრებმა ამოხსნეს და გაარკვიეს რა მექანიზმით ვითარდება PTSD ტვინში.
პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD) სერიოზული მდგომარეობაა, რომელიც მძიმე ტრავმული მოვლენის შემდეგ ვითარდება. ამ დროს ადამიანებს უჭირთ მომხდარის დავიწყება, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებასა და შრომითუნარიანობაზე უარყოფითად მოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ PTSD-ის სამკურნალოდ არსებობს სხვადასხვა მეთოდი, ბევრი პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ ხერხდება. ამიტომაც აუცილებელია ახალი, ეფექტური მიდგომების ძიება.
კვლევის დეტალები:
კვლევის თანახმად, ტვინის დამხმარე უჯრედები, ასტროციტები, PTSD-ის დროს ზედმეტად ბევრ GABA-ს (გამა-ამინობუტერინის მჟავას) გამოიმუშავებენ. GABA თავის მხრივ ნერვულ აქტივობას აფერხებს, რაც ტვინს ხელს უშლის ტრავმული მოგონებების დავიწყებაში. ეს დისბალანსი ხდება პრეფრონტალურ ქერქში, ტვინის იმ ნაწილში, რომელიც შიშსა და ემოციებს აკონტროლებს.
მეცნიერთა გუნდმა PTSD-ის მქონე პაციენტების ტვინის გამოსახულებები და ქსოვილები შეისწავლა, ასევე გაანალიზა თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგები. აღმოჩნდა, რომ ასტროციტებში არსებული ფერმენტი MAOB (მონოამინ ოქსიდაზა B) ჭარბი GABA-ს წარმოქმნას უწყობს ხელს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ აჩვენეს, რომ მეცნიერთა მიერ შემუშავებული ახალი პრეპარატი, KDS2010 შერჩევითად ბლოკავს MAOB-ს. ამ გზით ის აღადგენს ტვინის ბალანსს და აქრობს PTSD-ის მსგავს სიმპტომებს თაგვებში.
საინტერესოა, რომ PTSD-ის დროს ტვინის სხვადასხვა უბანი განსხვავებულად მუშაობს: პრეფრონტალური ქერქი, რომელიც გადაწყვეტილებებსა და ემოციებზეა პასუხისმგებელი, ნაკლებად აქტიურია, მაშინ როცა სტრესთან დაკავშირებული უბნები (ლიმბური სისტემა) ზედმეტად გააქტიურებულია.
მკვლევრები გეგმავენ, რომ ასტროციტებზე მიმართული თერაპიები უფრო დეტალურად შეისწავლონ PTSD-ისა და სხვა ნეიროფსიქიატრიული დარღვევების დროს. ამჟამად მიმდინარეობს კლინიკური კვლევები, რომელთა მიზანია პაციენტებში პრეპარატის ეფექტურობის შეფასება, რამაც შესაძლოა PTSD-ის მკურნალობა რადიკალურად შეცვალოს.
წყარო: nature

