შოტლანდიელმა მკვლევრებმა შექმნეს ხელმისაწვდომი, ღია არქიტექტურის მობილური საკომუნიკაციო ქსელი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია დისტანციური სამედიცინო პროცედურების ჩატარებისთვის.
გლაზგოს უნივერსიტეტის ჯეიმს უატის საინჟინრო სკოლის სპეციალისტებმა გამოიყენეს სტანდარტული, კომერციული კომპონენტები 4G LTE ფიჭური ქსელის შესაქმნელად. ეს ქსელი უზრუნველყოფს ულტრა დაბალი დაყოვნების (Ultra-Low Latency) კავშირს კონტროლერსა და რობოტულ მანიპულატორს შორის, რაც აუცილებელია სამედიცინო პროცედურის ზუსტ და რეალურ დროში წარმართვისთვის.
მკვლევრებმა სისტემის ფუნქციონალური პოტენციალი დაამტკიცეს სტომატოლოგიური პროცედურების სიმულაციით, რითაც ხაზი გაუსვეს ტექნოლოგიის სამომავლო გამოყენებას მაღალი სიზუსტის სამედიცინო პროცედურებში.
სისტემა დაფუძნებულია ღია რადიო წვდომის ქსელის (Open Radio Access Network – O-RAN) არქიტექტურაზე. ეს ჩარჩო იყენებს ღია კოდის პროგრამულ უზრუნველყოფას (Open-Source Software) ფიჭური ქსელის აპარატურის კონტროლისა და მართვისთვის.
მკვლევრებმა გამოიყენეს სტანდარტული USB ქსელური ადაპტერი (ე.წ მოდემი), რომელიც ფართოდ გამოიყენება სამომხმარებლო დონეზე. ამ ადაპტერის საშუალებით ჩამოყალიბდა სტაბილური კავშირი კონტროლერსა და რობოტულ მოწყობილობას შორის. პროგრამული აპლიკაციების, კერძოდ xApps-ის გამოყენებით, შესაძლებელი გახდა სისტემის სიგნალის ხარისხის, მონაცემთა გადაცემის სიჩქარისა (Data Rates) და დაყოვნების მონიტორინგი და ოპტიმიზაცია.
ლაბორატორიული ტესტირებისას, მკვლევრებმა მიაღწიეს სტაბილურ კომუნიკაციას 10 მეგაბიტი/წამში (Mbps) გამტარუნარიანობით. ამ მაღალი ხარისხის კავშირმა შესაძლებლობა გახადა რობოტული ტექნოლოგია ემართათ სიმულაციური სტომატოლოგიური გამოკვლევის ჩასატარებლად ერთ წამზე ნაკლები დაყოვნებით და სიგნალის მინიმალური დანაკარგით.
აღსანიშნავია, რომ სისტემა მნიშვნელოვნად ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე მსგავსი ამოცანებისთვის უფრო ხშირად გამოყენებული SDR (Software-defined radio)
სისტემა. მკვლევართა მიერ შემუშავებულმა დაბალბიუჯეტიანმა სისტემამ მხოლოდ 4.5 ვატი გამოიყენა, რაც 90%-ით ნაკლებია, ვიდრე SDR-ების მიერ გამოყენებული 45 ვატი იგივე მოქმედებების შესასრულებლად.
მკვლევრები ამჟამად მუშაობენ სისტემის შემდგომ განვითარებაზე, რათა იგივე მაღალი ხარისხის შესრულება უფრო დიდ მანძილზეც იყოს შესაძლებელი.

