back to top

მენოპაუზა, როგორც დამოუკიდებელი ფაქტორი, არ მოქმედებს გაფანტული სკლეროზის პროგრესირებაზე

გააზიარე

გაფანტული სკლეროზი (MS) არის ცენტრალური ნერვული სისტემის ქრონიკული ანთებითი დაავადება, რომელიც ბევრი სხვა აუტოიმუნური დაავადების მსგავსად უფრო ხშირად ქალებს ემართებათ. დიაგნოზირების ტიპური ასაკი 20-დან 40 წლამდე მერყეობს. შესაბამისად, MS-ით დაავადებულ ბევრ ქალს მენოპაუზის პერიოდის გავლა უწევს დაავადების მართვის პარალელურად.

ვინაიდან მენოპაუზა სერიოზულად ცვლის ორგანიზმში ჰორმონულ ბალანსს, მკვლევრებს დიდი ხანია აინტერესებდათ, ხომ არ იწვევდა ეს ცვლილებები MS-ის სწრაფ პროგრესირებას. ავსტრალიაში ჩატარებულმა მასშტაბურმა კვლევამ დაამტკიცა: მენოპაუზა არ არის MS-ით დაავადებულ ქალებში მდგომარეობის გაუარესების დამოუკიდებელი რისკ-ფაქტორი.

კვლევის დეტალები:

ეს მულტიცენტრული კოჰორტული კვლევა მოიცავდა 987 ქალს რელაფს-რემისიული MS-ით, რომელთაც აკვირდებოდნენ ავსტრალიის ნეიროიმუნოლოგიის რვა ცენტრში.

საწყის ეტაპზე მონაწილეთაგან 583 იყო პრემენოპაუზურ, ხოლო 404 პოსტმენოპაუზურ მდგომარეობაში. მენოპაუზის საშუალო ასაკი – 48.5 წელი.

მონაცემები შეგროვდა MSBase რეესტრის მეშვეობით და დაემატა გამოკითხვა, რომელიც მენოპაუზის სტატუსს დაწყების დროის მიხედვით აზუსტებდა.

ნევროლოგიური ფუნქციის შეფასება და უნარშეზღუდულობის პროგრესირება გაიზომა EDSS-ის (გაფართოებული უნარშეზღუდულობის სტატუსის სკალა) გამოყენებით, რაც MS-ის კვლევებში საყოველთაოდ მიღებული ინსტრუმენტია.

მკვლევრები ფოკუსირებული იყვნენ უნარშეზღუდულობის ორ მთავარ მაჩვენებელზე: მდგრად გაუარესებაზე (ქულის ზრდა მინიმუმ 6 თვის განმავლობაში, მათ შორის რელაფსის შემდეგ) და პროგრესირებაზე გამწვავებების გარეშე (დაავადების ფაზა, სადაც გაუარესება უკვე უწყვეტია და აღარ უკავშირდება გამწვავებებს). მენოპაუზის სტატუსი განიხილებოდა როგორც ცვალებადი ფაქტორი, რათა ინდივიდუალურად შეფასებულიყო გავლენა მენოპაუზის დადგომამდე და მის შემდეგ. გამოყენებული იყო რთული სტატისტიკური მოდელები, რათა განეიტრალებინათ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა MS-ის დაწყების დრო და გამოყენებული  მაღალი ეფექტურობის დაავადების მამოდიფიცირებელი თერაპიები (HEDMT).

მიუხედავად იმისა, რომ კვლევის ფოკუსი უნარშეზღუდულობის პროგრესირებაზე იყო და არა თერაპიის გვერდით ეფექტებზე, მკვლევრებმა აღიარეს მენოპაუზის თანმხლები სიმპტომების მართვის მნიშვნელობა, რადგან ისინი შესაძლოა MS-ის სიმპტომებს ემსგავსებოდეს. სიმპტომების გასაკონტროლებლად ჰორმონჩანაცველიბითი თერაპია (HRT) და სხვა მიდგომები მნიშვნელოვანია, თუმცა მათი გავლენა ამ კვლევაში უშუალოდ არ შეფასებულა.

კვლევის შეზღუდვები მოიცავდა:

მენოპაუზის სტატუსის სიზუსტე დამოკიდებული იყო მონაწილეთა მიერ ინფორმაციის მიწოდებაზე (თვით-მოხსენება), თუმცა სანდოობა ნაწილობრივ AMH-ის (ანტი-მიულერის ჰორმონის) დონეებით დადასტურდა.

კვლევა არ იძლეოდა საშუალებას, გაგვერჩია მენოპაუზის ეტიოლოგია (იყო თუ არა ის ბუნებრივი, ქირურგიული თუ მედიკამენტური).

მკვლევრებს არ გაუთვალისწინებიათ ისეთი მნიშვნელოვანი ცვლადები, როგორიცაა BMI და HRT-ის გამოყენება, რომლებსაც პოტენციურად შეუძლიათ MS-ის კლინიკურ შედეგებზე გავლენა მოახდინონ.

ეს კვლევა ადასტურებს, რომ მენოპაუზა თავისთავად არ აუარესებს MS-ის პროგნოზს. დაავადების სიმძიმეზე პირველ რიგში გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ასაკი, დაავადების ხანგრძლივობა და მკურნალობის რეჟიმი.

წყარო: Jama Neurology



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები