back to top

გლობალური ჯანდაცვის კრიზისი: ახალგაზრდებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი იზრდება

გააზიარე

Global Burden of Disease-ის უახლესი კვლევის მიხედვით, მსოფლიო კრიზისის წინაშეა, რაც მოზარდებსა და ახალგაზრდებში სიკვდილიანობის მაჩვენებლების ზრდაში გამოიხატება. კვლევა, რომელიც 16,500 მეცნიერისგან შემდგარმა ქსელმა 300,000-ზე მეტი მონაცემთა წყაროს გამოყენებით განახორციელა და ჟურნალ „The Lancet“-ში გამოქვეყნდა, მიუთითებს, რომ მიუხედავად სიცოცხლის ხანგრძლივობის გლობალური ზრდისა, უთანასწორობა კვლავ მკვეთრია.

მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის მონაცემებით, 204 ქვეყანასა და ტერიტორიაზე სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებლები შემცირდა და გლობალური სიცოცხლის ხანგრძლივობა (ქალებისთვის 76.3 წელი, მამაკაცებისთვის 71.5 წელი) COVID-19-ით გამოწვეული ვარდნის შემდეგ აღდგა, მკვლევრები განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავენ მოზარდებსა და ახალგაზრდებში მაღალი და მზარდი დონის გამო.

სიკვდილიანობის ზრდის მამოძრავებელი ძალები რეგიონების მიხედვით:

  • ჩრდილოეთ ამერიკა და ლათინური ამერიკის ნაწილები: ზრდა დაკავშირებულია სუიციდთან,  ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარებასთან. მკვლევრები ამ ზრდას ახალგაზრდებში შფოთვისა და დეპრესიის მაჩვენებლების მატებას უკავშირებენ.
  • საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკა: 5-დან 14 წლამდე ბავშვებში სიკვდილიანობა, უახლესი მოდელირების მიხედვით, უფრო მაღალია, ვიდრე ადრე იყო შეფასებული, რაც განპირობებულია ინფექციური დაავადებებით. 15-დან 29 წლამდე გოგონებსა და ქალებში სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად მაღალია ძირითადად ორსულობასთან და მშობიარობასთან დაკავშირებული გართულებების, ტრამვებისა და მენინგიტის გამო.

კვლევამ დაადგინა, რომ ავადობის გლობალური ტვირთის ორი მესამედი ახლა უკვე ქრონიკულ დაავადებებზე (როგორიცაა გულის დაავადება და დიაბეტი) მოდის, ხოლო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გავრცელება კრიტიკულად იზრდება.

მეცნიერთა გათვლებით, მსოფლიოში დაავადების ტვირთის ნახევარი თავიდან აცილებადია და გამოწვეულია შემცირებადი რისკფაქტორებით, მათ შორის: მაღალი არტერიული წნევა, ჰაერის დაბინძურება, მოწევა და სიმსუქნე.

მკვლევრები მიიჩნევენ, რომ GBD-ს კვლევის შედეგები „განგაშის სიგნალია“ მთავრობებისა და ჯანდაცვის სექტორისთვის. 

აფრიკელი ექსპერტები კი ხაზს უსვამენ, რომ ჯანმრთელობის სისტემების გაუმართაობა და ვაქცინების დეფიციტი ხელს უწყობს ისეთი დაავადებების გავრცელებას, როგორიცაა მალარია, აივ ინფექცია და ტუბერკულოზი. ამავდროულად, ახალგაზრდებში არაგადამდები დაავადებების (NCDs) ექსპონენციური ზრდა მოითხოვს სასწრაფო რეაგირებას.

კვლევის ავტორები აფრთხილებენ მსოფლიოს, რომ საერთაშორისო დახმარების ბოლოდროინდელი შემცირების გამო, დაბალშემოსავლიან რეგიონებში მიღწეული პროგრესი შესაძლოა რისკის ქვეშ დადგეს.

წყარო: GBD

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები