საერთაშორისო პროფკავშირების ფედერაციამ, Global Nurses United (GNU), რომელიც 35 ქვეყნის 2.5 მილიონზე მეტ სამედიცინო მუშაკს აერთიანებს, ახალი საგანგაშო ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი დეტალურად აღწერს იმ საფრთხეებს, რომლებსაც პერსონალის ხელოვნური დეფიციტი უქმნის როგორც პაციენტებს, ისე თავად მედპერსონალს.
კრიზისის გამომწვევი მიზეზები
კვლევის თანახმად, საექთნო სფეროში არსებულ გლობალურ კრიზისს, რეგიონული განსხვავებების მიუხედავად, რამდენიმე საერთო მიზეზი განაპირობებს: ექთნების შრომის დაუფასებლობა მძიმე პირობებისა და დაბალი ანაზღაურების სახით, კანონმდებლობის ხარვეზებით გამოწვეული შრომითი უფლებების დაუცველობა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის სისტემური დაუფინანსებლობა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა სათანადო ზედამხედველობისა თუ პერსონალის მომზადების გარეშე.
სად არის გამოსავალი?
კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ პრობლემის მოგვარების ყველაზე ეფექტური გზა ექთნებისა და პაციენტების რაოდენობრივი თანაფარდობის (Staffing Ratios) საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებაა. ეს სტანდარტი პაციენტების მაქსიმალურ რაოდენობას განსაზღვრავს, რომლებზეც ერთმა ექთანმა უნდა იზრუნოს.
GNU-ს დასკვნით, მხოლოდ ორგანიზებულ კოლექტიურ მოქმედებას შეუძლია რეალური ცვლილებების მოტანა. გაძლიერებული შრომითი უფლებები და ექთნებისთვის სამუშაო გარემოს გაუმჯობესების ბერკეტების მიცემა კრიტიკულად მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის ჯანდაცვის შესანარჩუნებლად. ექთნების უსაფრთხოება პირდაპირ კავშირშია პაციენტების უსაფრთხოებასთან, ეს არის პროფესია, რომელიც საერთაშორისო თანამშრომლობასა და რესურსების სამართლიან განაწილებას საჭიროებს.
წყარო: National Nurses United

