საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა კულტურაში ქალებს ხშირად „მშვენიერ სქესად“ მოიხსენიებდნენ. ახალმა მასშტაბურმა კვლევამ, რომელიც ჟურნალ Proceedings of the Royal Society B-ში გამოქვეყნდა, ეს ფენომენი მეცნიერულად დაადასტურა.
გერმანიის მაქს პლანკის ემპირული ესთეტიკის ინსტიტუტის მეცნიერების განცხადებით, ქალის სახე უფრო მიმზიდველად ფასდება, ვიდრე მამაკაცის, თუმცა ეს სხვაობა ასაკთან ერთად მცირდება და დაახლოებით 80 წლის ასაკისთვის პრაქტიკულად ქრება.
ფენომენის შესასწავლად მეცნიერებმა შეაგროვეს მსოფლიოში უმსხვილესი მონაცემთა ბაზა, რომელიც მოიცავს 52 კვლევას 76 ქვეყნიდან. ანალიზმა, რომელიც ეფუძნება თითქმის 30,000 შემფასებლის მიერ 17,000 სახის 1.5 მილიონზე მეტ შეფასებას, აჩვენა, რომ საშუალო სტატისტიკური ქალის სახე უფრო მიმზიდველად მიიჩნევა, ვიდრე მამაკაცების სახეების 60%. როგორც აღმოჩნდა, როდესაც ქალები სხვების გარეგნობას აფასებენ, ისინი ყველაზე მაღალ ქულებს სწორედ სხვა ქალებს უწერენ, ხოლო მამაკაცების სახეებს ყველაზე მკაცრად, შესაბამისად დაბალი ქულებით აფასებენ
ეს სხვაობა ნაწილობრივ სახის სტრუქტურული თავისებურებებით აიხსნება. მამაკაცებს უფრო მართკუთხა ფორმის სახე აქვთ, ქალებს კი – უფრო მომრგვალებული, რაც, როგორც კვლევამ აჩვენა, ორივე სქესისთვის უფრო მიმზიდველია.
კვლევამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კანონზომიერება გამოავლინა: ქალისა და მამაკაცის სახეების მიმზიდველობას შორის არსებული სხვაობა 18 წლიდან მოყოლებული ეტაპობრივად მცირდება. მეცნიერები ამას იმით ხსნიან, რომ ასაკის მატებასთან ერთად სახის სტრუქტურული განსხვავებები ქალებსა და მამაკაცებს შორის მცირდება და ისინი უფრო მეტად ემსგავსებიან ერთმანეთს, რის გამოც 80 წლის ასაკისთვის განსხვავება სრულად ქრება.
წყარო: The Guardian

