სამი ადამიანის დნმ-ით ჩასახული სიცოცხლე—დიდ ბრიტანეთში ამ მეთოდით რვა ჯანმრთელი ბავშვი დაიბადა

გააზიარე

დიდი ბრიტანეთი გენეტიკური დაავადებების პრევენციაში ისტორიულ ნაბიჯს დგამს. მსოფლიოში პირველად მიტოქონდრიული დონაციის მეთოდით (MDT) რვა ჯანმრთელი ბავშვი დაიბადა. რატომ შეძრა მსოფლიო მედია ამ ინფორმაციამ? ესაა უპრეცედენტო შემთხვევა ადამიანურ რეპროდუქციაში, როცა ბავშვი ატარებს სამი ადამიანის გენეტიკურ მატერიას. სამპირიანი განაყოფიერებისას გამოიყენება: დედის ბირთვული დნმ, მამის სპერმის დნმ და მესამე ქალის(დონორის) ჯანმრთელი მიტოქონდრია. ამ ტექნოლოგიით შესაძლებელი გახდა ბავშვების დაცვა დედის მუტირებული მიტოქონდრიისგან და იმ გენეტიკური დაავადებებისგან, რომელიც გადადის დედის მიტოქონდრიული დნმ-ით და ხშირად იწვევს სიცოცხლესთან შეუთავსებელ ნევროლოგიურ, კარდიოლოგიურ ან მეტაბოლურ დარღვევებს. რასაკვირველია, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ათასობით მშობლისთვის, რომლებსაც აქვთ მიტოქონდრიული გენეტიკური დაავადების გადაცემის რისკი.

მიტოქონდრია ჩვენი უჯრედების “ენერგეტიკული სადგურია” და როდესაც ის დაზიანებულია, ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს საკმარის ენერგიას, რაც სერიოზული დაავადებების განვითარებას იწვევს. MDT მკურნალობა გულისხმობს დედის კვერცხუჯრედის დაზიანებული მიტოქონდრიების შეცვლას დონორის ჯანმრთელი მიტოქონდრიებით, რის შედეგადაც მიიღება ემბრიონი სამი ადამიანის — დედის, მამისა და დონორის — გენეტიკური მასალით.

ამ ინოვაციური მიდგომის პოპულარობა განპირობებულია მისი უპრეცედენტო პოტენციალით, ათასობით ოჯახს მისცეს ჯანმრთელი შვილის ყოლის რეალური შანსი. ეს ტექნოლოგიური გარღვევა გზას უხსნის გენეტიკური დაავადებების პრევენციის სრულიად ახალ ერას, სადაც შესაძლებელი გახდება მემკვიდრეობითი პათოლოგიების აღმოფხვრა ჩასახვის ეტაპზევე. მიუხედავად იმისა, რომ მიტოქონდრიული დონაცია ჯერ კიდევ ეთიკური და სამართლებრივი განხილვის საგანია, მისი მეცნიერული მნიშვნელობა უდავოა. ის მედიცინის ერთ-ერთი პერსპექტიული მიმართულებაა.

ლიტერატურა:
Callaway, E. (2025). ‘Landmark’ study: Three-person IVF leads to eight healthy children. Nature. https://doi.org/10.1038/d41586-025-02276-5

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები