გონებით მართვადი სმენის აპარატი: ახალი ტექნოლოგია ადამიანებს ხმაურში კონკრეტული ხმის გაგონებაში დაეხმარება

გააზიარე

კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა პირველად დაამტკიცეს, რომ გონებით მართვადი სმენის ტექნოლოგიის გამოყენებით ადამიანს ხალხმრავალ და ხმაურიან გარემოში მხოლოდ ერთი კონკრეტული ხმის გაგონება შეუძლია. მეცნიერთა მიერ შექმნილი ახალი სისტემა ტვინის სიგნალებს კითხულობს და სასურველი საუბარის ჟღერადობას რეალურ დროში აძლიერებს, ხოლო ფონურ ხმაურსა და სხვა მოსაუბრეების ხმას ახშობს.

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სმენის აპარატები ეფექტურად ამცირებს გარკვეული ტიპის ფონურ ხმაურს (მაგალითად, ქუჩის ხმას), მათ ერთი მთავარი ნაკლი აქვთ — ისინი მიკროფონში შემოსულ ყველა ხმას თანაბრად აძლიერებენ. ამის გამო, სმენის დაქვეითების მქონე ადამიანებს უჭირთ ფოკუსირება ერთ კონკრეტულ მოსაუბრეზე ისეთ ხალხმრავალ ადგილებში, როგორიცაა, მაგალითად, კაფე, საკლასო ოთახი ან წვეულება.

ახალი ტექნოლოგია სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას ემსახურება. იგი ბაძავს ადამიანის ტვინის ბუნებრივ უნარს, რომელსაც მეცნიერებაში „კოქტეილის წვეულების ეფექტს“ (Cocktail party effect) უწოდებენ. სისტემა აანალიზებს მსმენელის ტვინის ტალღებს, რათა დაადგინოს, თუ რომელ საუბარზე ამახვილებს იგი ყურადღებას, რის შემდეგაც ავტომატურად უწევს ხმას სასურველ მოსაუბრეს, სხვებს კი აჩუმებს.

ტექნოლოგიის ეფექტურობის შესამოწმებლად მეცნიერებმა ექსპერიმენტში ის ეპილეფსიის მქონე პაციენტები ჩართეს, რომლებსაც მკურნალობისა და დაკვირვების მიზნით ტვინში ელექტროდები უკვე ჰქონდათ ჩანერგილი. კვლევის ფარგლებში მათ ერთდროულად ორ სხვადასხვა საუბარს ასმენინებდნენ. როგორც კი პაციენტი ყურადღებას ერთ-ერთ მათგანზე გადაიტანდა, სისტემა ტვინის აქტივობას ზუსტად აფიქსირებდა და ხმის დონეს შესაბამისად, წამიერად არეგულირებდა.

ექსპერიმენტის მონაწილეებისთვის რეალურ დროში საკუთარი გონებით სისტემის მართვა იმდენად დაუჯერებელი აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთმა პაციენტმა მეცნიერები ხმის ფარულად რეგულირებაშიც კი დაადანაშაულა. სხვებმა აღნიშნეს, რომ ეს მიღწევა სამეცნიერო ფანტასტიკას ჰგავს და ის სრულად შეცვლის სმენის პრობლემების მქონე ადამიანების ცხოვრებას, რადგან მათ ბევრად უფრო მშვიდი და სრულფასოვანი კომუნიკაციის საშუალებას მისცემს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, მსოფლიოში 430 მილიონზე მეტ ადამიანს სმენის დაქვეითება აწუხებს. ეს პრობლემა ხშირ შემთხვევაში სოციალურ იზოლაციას, დეპრესიასა და დემენციის განვითარების რისკებს იწვევს. ახალი ტექნოლოგია კი პაციენტებს დაუბრუნებს საზოგადოებაში ინტეგრაციის შესაძლებლობას.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევის შედეგები უკვე დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, მეცნიერებს წინ კიდევ ბევრი სამუშაო ელით. მათი მთავარი მიზანია, ინვაზიური (ჩანერგილი ელექტროდების) მეთოდიდან უფრო მარტივ, ტარებად მოწყობილობებზე გადავიდნენ, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში სმენის აპარატების სრულიად ახალ, გონებით მართვად თაობას დაუდებს სათავეს.

წყარო: Nature

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები