გულის ანატომია ECG-ის სიზუსტეს განსაზღვრავს

გააზიარე

ლონდონის სამეფო კოლეჯის (KCL) მეცნიერებმა მნიშვნელოვანი კვლევა ჩაატარეს, რომელმაც აჩვენა, თუ როგორ მოქმედებს გულის მდებარეობა ელექტროკარდიოგრამის (ECG) შედეგებზე. ამ მეთოდით გულის პათოლოგიების დიაგნოსტიკა გახდება უფრო ზუსტი და პაციენტების თავისებურებებზე მორგებული, რადგან ის გულის ინდივიდუალურ ანატომიას ითვალისწინებს.

მკვლევრებმა დიდი ბრიტანეთის ბიობანკის 39,000-ზე მეტი მონაწილის მონაცემი შეისწავლეს. შემდგომ ეტაპზე გულის 3D გამოსახულებები დააკავშირეს ECG მაჩვენებლებთან. ამ გზით შექმნეს თითოეული ადამიანის გულის პერსონალური, ციფრული იდენტური ვერსია. ეს მოდელები გვეხმარება გავიგოთ, როგორ მოქმედებს გულის მდებარეობის ცვლილებები ECG-ის შედეგებზე. 

აღმოჩნდა, რომ გულის პოზიცია იცვლება ისეთი ფაქტორების მოქმედებით, როგორიცაა სხეულის მასის ინდექსი (BMI), სქესი და არტერიული წნევა.

ძირითადი მიგნებები:

გულის მდებარეობა: კვლევამ აჩვენა, რომ მაღალი BMI-ის ან ჰიპერტენზიის მქონე ადამიანების გული უფრო ჰორიზონტალურად მდებარეობს. ეს ცვლილება გულის ელექტრული ღერძის შესაბამის ცვლილებებს იწვევს, რაც ECG-ზეც ვლინდება.

განსხვავებები სქესის მიხედვით: მამაკაცის გული უფრო ჰორიზონტალურად მდებარეობს, ვიდრე ქალის, ამიტომაც ვხვდებით ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ) გენდერულ სხვაობებს.

ახალი სტანდარტები: გულის ანატომიური და ელექტრული ღერძები მეცნიერებმა ახლებურად, უფრო ზუსტად განსაზღვრეს. ეს გვეხმარება, უკეთ დავუკავშიროთ გულის სტრუქტურა მის ელექტრულ სიგნალებს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? 

ამჟამად, ECG-ის ინტერპრეტაციისას ხშირად იყენებენ უნივერსალურ კრიტერიუმებს, რომელიც არ ითვალისწინებს გულის ფორმისა და მდებარეობის ინდივიდუალურ თავისებურებებს. ამან შესაძლოა არასწორი დიაგნოზი ან გულის დაავადებების დაგვიანებული გამოვლენა გამოიწვიოს.

კვლევა მიუთითებს, რომ პაციენტის გულის ფორმის გათვალისწინება, ECG მონაცემებთან ერთად, ნებისმიერი მკურნალობის ეფექტურობას ზრდის.

პერსონალიზებულ ციფრულ გულის მოდელებს შეუძლიათ გააუმჯობესონ ჩვენი ცოდნა გულის ელექტრული რემოდელირების შესახებ და დიაგნოსტიკა სხვადასხვა პოპულაციაში.

მომავალი კვლევები დაადგენს, როგორ გავლენას ახდენს გულის ანატომიის ეს თავისებურებები დაავადების მიმდინარეობასა და თერაპიის ეფექტურობაზე. საბოლოო მიზანია კლინიკურ პრაქტიკაში პერსონალიზებული ECG ინტერპრეტაციის ფართო დანერგვა.

 წყარო: PLOS Computational Biology

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები