პენსილვანიისა და ტორონტოს უნივერსიტეტების მეცნიერთა უახლესმა ნაშრომმა, რომელიც ჟურნალ Communications Psychology-ში გამოქვეყნდა, ხელოვნურ ინტელექტსა და ადამიანურ ემპათიას შორის არსებული უცნაური პარადოქსი გამოავლინა.
600-ზე მეტ რესპონდენტზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ადამიანისთვის ემპათიის ხარისხთან ერთად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მისი წყაროს „ნამდვილობა“. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ChatGPT-ის პასუხებს ხშირად უფრო გულისხმიერად აფასებენ, არჩევანის შემთხვევაში ემოციური მხარდაჭერის მიღებას მაინც სხვა ადამიანისგან ამჯობინებენ.
კვლევა ხაზს უსვამს, რომ ხელოვნური ინტელექტი, მილიარდობით ტექსტზე წვრთნის წყალობით, საუბრის ტონს იდეალურად აბალანსებს და მომხმარებელს ემოციური ვალიდაციის განცდას უჩენს, რაც ხშირად პროფესიონალ მედიკოსებზე უკეთესადაც კი გამოსდის.
ექსპერტების შეფასებით, AI ფსიქოლოგებს ვერ ჩაანაცვლებს, მაგრამ მეცნიერები მასში დიდ პოტენციალს ხედავენ, როგორც დამხმარე ინსტრუმენტში. სწორედ ამ კომპლექსური კავშირებისა და ემპათიის ძიების ადამიანური მოტივაციის შესახებ ვესაუბრეთ კვლევის თანაავტორს, პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტს, ჯოშუა ვენგერს (Joshua D. Wenger), რომელიც დაგვეხმარა იმის გარკვევაში, რატომ გრძნობენ ადამიანები უფრო მეტ ემპათიას ხელოვნური ინტელექტისგან და რა საფრთხეებს შეიცავს ეს პროცესი გრძელვადიან პერსპექტივაში.
ინტერვიუ ჯოშუა ვენგერთან
თქვენი აზრით, რატომ ვირჩევთ ემოციური მხარდაჭერის მიღებას მაინც ადამიანებისგან, მაშინაც კი, როცა ხელოვნური ინტელექტი ბევრად უფრო მაღალი ემპათიის შემცველ პასუხებს გვიბრუნებს?
რთულია იმის ცალსახად თქმა, თუ რატომ ხდება ასე. როდესაც ადამიანი ემპათიას ეძებს, მისი მოტივაცია მხოლოდ თანაგრძნობის ხარისხი არ არის; ხშირად ჩვენთვის გადამწყვეტია მეორე მხარესთან ცოცხალი კავშირის განცდა, რასაც ხელოვნური ინტელექტი, სავარაუდოდ, იმავე სიღრმით ვერ გვთავაზობს. არსებობს კვლევებიც, რომლებიც მიუთითებენ, რომ ადამიანებს ზოგადად აქვთ გარკვეული წინასწარი უნდობლობა ან გაუცხოება ხელოვნური სისტემების მიმართ, რაც ამ შემთხვევაშიც დიდ როლს თამაშობს. გარდა ამისა, ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ჩვენ ხელოვნურ ინტელექტს მორალურ ჭრილშიც განვიხილავთ. შესაბამისად, ემპათიისთვის, ასეთი ღრმად ადამიანური გრძნობისთვის, ხელოვნური ინტელექტის არჩევა, შესაძლოა, უბრალოდ არასწორ ნაბიჯად აღიქმებოდეს.
რას გვეუბნება ადამიანურ ემოციებზე ის ფაქტი, რომ ჩვენ შეგვიძლია თავი ჭეშმარიტად დაფასებულად ვიგრძნოთ მანქანასთან ურთიერთობისას, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვიცით ამ ტექნოლოგიას გრძნობები არ გააჩნია?
ვფიქრობ, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს თავად ადრესატის აღქმას. მაშინაც კი, როდესაც ხელოვნურ ინტელექტს არ შეუძლია ჭეშმარიტი თანაგრძნობა და იმის განცდა, რასაც ჩვენ ვგრძნობთ, ხშირად მხოლოდ იმის განცდაც კი, რომ ის „გვიგებს“, სრულიად საკმარისია რეალური ემოციური ეფექტის მოსახდენად.
თავიდან შეიძლება შოკისმომგვრელი ან პარადოქსულიც კი მოგვეჩვენოს ის ფაქტი, რომ მანქანა, რომელსაც გრძნობები არ გააჩნია, ახერხებს ადამიანს ემოციური ვალიდაცია მისცეს. თუმცა, მგონია, რომ მსგავს ფენომენს სხვა ინტერაქციებშიც ვხვდებით. მაგალითად, ცხოვრებაში ბევრია ისეთი სიტუაცია, როდესაც ჩვენგან ემპათიას ელიან, ჩვენ კი იმ მომენტში ამის ემოციური რესურსი უბრალოდ არ გაგვაჩნია. ასეთ დროს ემპათიის გამოხატვა (ან, უფრო უხეშად რომ ვთქვათ, მისი „გათამაშება“) ერთგვარ უნარადაც კი იქცევა, ჩვენ მეორე ადამიანს ვაგრძნობინებთ, რომ მისი გვესმის, მაშინაც კი, როდესაც რეალურად მისი გასაჭირის განცდის უნარი დროებით დაქვეითებული გვაქვს.
როგორ ფიქრობთ, ხელოვნური ინტელექტის ამ ე.წ. „აღქმად ემპათიასა“ და ადამიანების მხრიდან ცოცხალი ურთიერთობის უპირატესობას შორის არსებული პარადოქსი ხომ არ მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენთვის ვალიდაცია ერთია, ხოლო რეალური კავშირის საჭიროება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი?
ეს კითხვა პირდაპირ ეხება იმ ფუნდამენტურ საკითხს, რომელიც ჩვენი გუნდის კვლევის მთავარი მოტივატორია: როგორ განსაზღვრავს სხვადასხვა მოტივი ემპათიის ძიების პროცესს? თუ ჩვენი ერთადერთი სურვილი ემოციური ვალიდაციის მიღებაა, ხელოვნური ინტელექტი, შესაძლოა, სრულიად საკმარისი, ან იდეალურიც კი აღმოჩნდეს (თუმცა აქ არსებობს „პირფერობის“ საფრთხეც, როდესაც AI არაადეკვატურად ამართლებს მომხმარებლის ნებისმიერ განცდას). მიუხედავად ამისა, ხელოვნური ინტელექტი, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს დააკმაყოფილოს ადამიანური კავშირის უფრო ღრმა მოთხოვნილება. ადამიანებს ემპათია სხვადასხვა მიზეზით სჭირდებათ: ზოგჯერ ეს წმინდა ინსტრუმენტული პროცესია და მხოლოდ ნუგეშის მიღებას ემსახურება, ზოგჯერ კი, ურთიერთობების შენებას. შესაბამისად, სხვადასხვა სიტუაციაში ადამიანები ემპათიისგან განსხვავებულ შედეგს ელიან.
არსებობს თუ არა გარკვეული კანონზომიერება, რა ტიპის ემოციურ სიტუაციებში არიან ადამიანები უფრო გულღია ხელოვნური ინტელექტის ემპათიის მიმართ და რით განსხვავდება ეს შემთხვევები ადამიანური ინტერაქციისგან?
ეს სწორედ ის საკითხია, რომელსაც ახლა ვსწავლობთ. ჩვენი ბოლო ნაშრომის დამატებითმა მიგნებებმა აჩვენა, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რა ტიპის განცდისა და წუხილის გამო ეძებს ადამიანი თანაგრძნობას. მაგალითად, აღმოვაჩინეთ, რომ ადამიანისადმი უპირატესობის მინიჭება ბევრად უფრო მკაფიოა ემოციური ტანჯვის დროს (მაგალითად, უარყოფილი სასიყვარულო წინადადება), ვიდრე ფიზიკური ტკივილისას (მაგალითად, ძვლის მოტეხილობა). ამჟამად ვიკვლევთ, რამდენად ახდენს გავლენას სიტუაციის სენსიტიურობა ან უხერხულობა იმაზე, ვის უფრო მეტად მიენდობა ადამიანი, ხელოვნურ ინტელექტს თუ ადამიანს.
შეიძლება თუ არა, რომ ხელოვნური ინტელექტის პასუხების სტრუქტურა დაგვეხმაროს იმის სწორად გაგებაში, თუ რას ეძებენ ადამიანები გაუცნობიერებლად მაშინ, როცა სურთ, რომ მათი ესმოდეთ?
რა თქმა უნდა. ვფიქრობ, ხელოვნური ინტელექტის ემპათიის კვლევაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულება სწორედ ისაა, რაც გვეხმარება გავიგოთ, რას ველით თავად ადამიანური ემპათიისგან. კონკრეტულად რა ხდის ხელოვნური ინტელექტის პასუხებს ასე დამაჯერებელად ემპათიურს? რისი სწავლა შეგვიძლია ამ პასუხებიდან, რათა ადამიანური თანაგრძნობის ხარისხი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ? მიმაჩნია, რომ ეს კითხვები ძალზედ დამაინტრიგებელია და სამომავლოდ კვლევის უდიდეს პოტენციალს შეიცავს.
თქვენი აზრით, როგორ განსაზღვრავს ხელოვნურ ინტელექტთან ემოციურ კავშირს ის ბალანსი, რომელიც ნუგეშის მიღებასა და თანაგრძნობის ნამდვილობას შორის არსებობს?
ვფიქრობ, ეს მჭიდროდ უკავშირდება ჩემს წინა პასუხებს ემპათიის ძიების მოტივაციებთან დაკავშირებით. იმ სიტუაციებში, როდესაც ადამიანს მხოლოდ ემოციური ტკივილის შემსუბუქება სურს, ხელოვნური ინტელექტი, შესაძლოა, შესანიშნავი არჩევანი იყოს, თუმცა, თუ ძიებისას მთავარი პრიორიტეტი ემოციური ავთენტურობაა, AI-მ შეიძლება მოლოდინები ვერ გაამართლოს. აქვე აღვნიშნავდი, რომ რეალური ავთენტურობა და აღქმული ავთენტურობა სხვადასხვა რამაა. ხელოვნურ ინტელექტს არ ძალუძს სხვისი გამოცდილების ავთენტურად გაზიარება, რადგან მას თავად არ გააჩნია არანაირი გამოცდილება, თუმცა, ზოგიერთი ადამიანისთვის AI-ს ემპათია მაინც შეიძლება ავთენტურად აღიქმებოდეს.
როგორ ფიქრობთ, ხელოვნური ინტელექტის ემპათიასთან ხშირმა შეხებამ შესაძლოა შეცვალოს ის, როგორ განვსაზღვრავთ ან აღვიქვამთ უშუალოდ ადამიანურ ემპათიას?
დიახ, რა თქმა უნდა. ფსიქოლოგიურ კვლევებში ემპათიის ბევრი ტრადიციული დეფინიცია მოითხოვს, რომ თავად თანაგრძნობის გამომხატველს ჰქონდეს ემოციური გამოცდილების უნარი, რათა მანაც იგრძნოს ის, რასაც ადრესატი განიცდის. ის ფაქტი, რომ ხელოვნური ინტელექტი ახერხებს ადამიანს თავი გაგებულად აგრძნობინოს, მაშინ როცა თავად აშკარად მოკლებულია ემოციურ გამოცდილებას, უამრავ კითხვას ბადებს იმის შესახებ, როგორ უნდა განვსაზღვროთ ემპათია სინამდვილეში. ვფიქრობ, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თავად ადრესატის განცდების მნიშვნელობას, რაც ისტორიულად ხშირად უგულებელყოფილი იყო ემპათიის კვლევებში. იმის მიუხედავად, თანაგრძნობის გამომხატველი „ნამდვილ“ ემპათიას ავლენს თუ „გათამაშებულს“, ემოციური შედეგი მიმღებისთვის შეიძლება ზუსტად ერთი და იგივე იყოს.
ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, რა რისკებსა და სარგებელს შეიცავს ხელოვნური ინტელექტის ჩართვა ემოციური მხარდაჭერის პროცესში?
ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული კითხვაა მომავლისთვის, რომელიც სიღრმისეულ კვლევას მოითხოვს. დღეს მარტოობა და იზოლაცია გლობალური პრობლემაა. ბევრ ადამიანს აკლია ნამდვილი მეგობრობა თუ მხარდაჭერა. ამ კონტექსტში, ხელოვნური ინტელექტი შეიძლება იქცეს ემოციური მხარდაჭერის დამატებით წყაროდ მათთვის, ვისაც ეს საერთოდ არ გააჩნია, ან იმ სიტუაციებში, როდესაც ხარისხიანი დახმარება ძნელად ხელმისაწვდომია. უახლესი კვლევები, მათ შორის ჩვენიც, მიუთითებს, რომ ამგვარ ინტერაქციებს მოკლევადიან პერსპექტივაში ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლია. თუმცა, გრძელვადიან ეფექტებთან დაკავშირებით დიდი გაურკვევლობაა. ჯერ კიდევ უცნობია, რამდენად სასარგებლოა AI-ს ემპათია ხანგრძლივ ჭრილში. ასევე არსებობს საფუძვლიანი შიში იმისა, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ადამიანური ურთიერთობების შევსების ნაცვლად, მათი ჩანაცვლება არ დაიწყოს. ეს წუხილი სრულიად გამართლებულია და ვფიქრობ, დრო აჩვენებს, შევძლებთ თუ არა გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტის პოტენციური სიკეთეები ისე, რომ რისკებმა არ გვავნოს.

