მოსახლეობის 4% არ აქვს ვიზუალური წარმოსახვის უნარი

გააზიარე

გაიხსენეთ თქვენი დილა, გონებაში წარმოიდგინეთ თქვენი საუზმე, მაგალითად, ყავის ჭიქის ორიგინალური მოხატულობა. ადამიანთა უმეტესობას ამ სურათების გონებაში აღდგენა თავისუფლად შეუძლია, თუმცა მოსახლეობის დაახლოებით 4%-ისთვის ეს შეუძლებელია. ამ ფენომენს აფანტაზია ეწოდება, როდესაც ადამიანს არ გააჩნია ვიზუალური წარმოსახვის უნარი.

ტერმინი „აფანტაზია“ 2015 წელს ნევროლოგმა ადამ ზემანმა დაამკვიდრა. კვლევა საფუძვლად დაედო შემთხვევას, როდესაც გულის ოპერაციის შემდეგ პაციენტმა  ვიზუალური წარმოსახვის უნარი დაკარგა. მას შემდეგ ათასობით ადამიანი გამოეხმაურა მეცნიერებს, რომლებსაც ვიზუალური წარმოსახვის უნარი ცხოვრების არცერთ ეტაპზე ჰქონიათ და წარმოედგინათ, რომ „გონების თვალით ხედვა“ მხოლოდ მეტაფორა იყო.

ტრადიციულად, ვიზუალური წარმოსახვა განიხილება, როგორც „შებრუნებული ხედვა“: ამ დროს ტვინის უბნები აგზავნიან სიგნალებს ვიზუალურ ქერქში (visual cortex) გამოსახულების შესაქმნელად. აფანტაზიის მქონე პირების კვლევამ რამდენიმე პარადოქსი გამოავლინა:

ჩატარებული კვლევებით დგინდება, რომ აფანტაზიის დროს ვიზუალური ქერქი მაინც ახერხებს „სენსორული რეპრეზენტაციების“ ფორმირებას. მაგალითად, ძაღლის ყეფის გაგონებისას ტვინში შესაბამისი ვიზუალური სიგნალები იგზავნება, თუმცა ეს პროცესი გაუცნობიერებელი რჩება და ადამიანი გონებაში ვიზუალებს ვერ წარმოისახავს. 

მიუხედავად ამისა, აფანტაზიის მქონე პირების ტვინი სრულფასოვნად ფუნქციონირებს: ისინი წარმატებით აბარებენ მეხსიერების ტესტებს, თავისუფლად ასრულებენ ობიექტების გონებაში როტაციის  დავალებებს და ხშირად აღწევენ წარმატებებს სამეცნიერო თუ ტექნიკურ სფეროებში. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ტვინს შეუძლია ინფორმაციის დამუშავება და კოგნიტური ამოცანების გადაჭრა გონებაში წარმოსახული ვიზუალური სურათების გარეშეც.

აფანტაზია წარმოადგენს ადამიანური კოგნიტური გამოცდილების ერთ-ერთ „ინტრიგულ ვარიაციას“, რომლის შესასწავლად მეცნიერები რამდენიმე ობიექტურ მეთოდს იყენებენ. ერთ-ერთი ასეთია გუგის რეაქციის ტესტი: ტიპური წარმოსახვის უნარის მქონე ადამიანებში კაშკაშა სინათლის მოხვედრისას გუგები ავტომატურად ვიწროვდება, ხოლო აფანტაზიის დროს ეს რეაქცია საგრძნობლად სუსტია ან საერთოდ არ ვლინდება. 

მეორე მნიშვნელოვანი ტექნიკაა ბინოკულარული რივალობა, რომელიც ზომავს, რამდენად ახდენს გავლენას წინასწარი გონებრივი ვიზუალიზაცია იმაზე, თუ რომელ გამოსახულებას აღიქვამს თვალი რეალურად. 

ამ ფენომენის შესწავლა დაეხმარება მეცნიერებს პასუხი გასცენ ფუნდამენტურ კითხვას: რეალურად, რა როლს თამაშობს ცნობიერი წარმოსახვა ჩვენს ემოციურ მდგომარეობაზე, მეხსიერების სიმყარესა და გარემოს აღქმაზე.

წყარო: Nature

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები