back to top

ტვინი, კომპიუტერი და ხელოვნური ინტელექტი: ახალი BCI სისტემა პარალიზებულ ადამიანებს ეხმარება

გააზიარე

კალიფორნიის უნივერსიტეტის (UCLA) ინჟინრებმა შექმნეს ინოვაციური, ტარებადი და არაინვაზიური ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის (BCI) სისტემა. ეს მოწყობილობა ხელოვნურ ინტელექტს იყენებს, როგორც დამხმარეს, რათა ადამიანის განზრახვები უფრო ზუსტად გაშიფროს და მათ საფუძველზე შეასრულოს სხვადასხვა დავალება, მაგალითად, რობოტული მკლავის ან კომპიუტერის კურსორის მართვა.

ჟურნალ „Nature Machine Intelligence“-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ეს ახალი ინტერფეისი მნიშვნელოვან ეტაპია არაინვაზიური ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის (BCI) სისტემების განვითარებაში. ტექნოლოგია, შესაძლოა, განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდეს ფიზიკური შეზღუდვების მქონე ადამიანებისთვის — მათთვის, ვინც პარალიზებულია ან ნევროლოგიური დაავადებები აწუხებს.

ინჟინრების ჯგუფმა შეიმუშავა სპეციალური ალგორითმები ელექტროენცეფალოგრაფიის, ანუ EEG-ს სიგნალების გასაშიფრად. EEG მეთოდი ტვინის ელექტრულ აქტივობას იწერს და ამ სიგნალებიდან მომხმარებლის მოძრაობის განზრახვებს ამოიცნობს.

გაშიფრული სიგნალები შემდეგ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ პლატფორმას დაუკავშირეს, რომელიც რეალურ დროში განმარტავს მომხმარებლის განზრახვებს. ამ AI სისტემის დახმარებით ადამიანები დავალებებს გაცილებით სწრაფად ასრულებენ.

ამჟამად არსებული, ქირურგიულად იმპლანტირებული „ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის“ (BCI) მოწყობილობები ტვინის სიგნალების ბრძანებებად გარდაქმნას ახერხებენ, თუმცა მათი გამოყენება შეზღუდულია ნეიროქირურგიასთან დაკავშირებული მაღალი რისკებისა და ხარჯების გამო. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ასეთი მოწყობილობები 20 წელზე მეტი ხნის წინ გამოჩნდა, ისინი ჯერ კიდევ მცირე საპილოტე კლინიკური კვლევებით შემოიფარგლება.

ამ შეზღუდვების დასაძლევად, მკვლევარებმა შექმნეს და გამოსცადეს ახალი, არაინვაზიური BCI სისტემა, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი  ეხმარება. ექსპერიმენტში ოთხი მონაწილე იყო ჩართული: სამი მოტორული დარღვევების გარეშე და ერთი, რომელიც წელსქვევით იყო პარალიზებული.

მონაწილეებს თავზე ეხურათ EEG ჩაფხუტი, რომელიც ტვინის ელექტრულ სიგნალებს იწერდა. შემდეგ, სპეციალური ალგორითმების გამოყენებით, მკვლევარები ამ სიგნალებს კომპიუტერის კურსორისა და რობოტული მკლავის მოძრაობებად გარდაქმნიდნენ. ამავე დროს, AI-სისტემა, ჩაშენებული კამერით, რეალურ დროში აკვირდებოდა გაშიფრულ მოძრაობებს და ეხმარებოდა მონაწილეებს ორი სხვადასხვა დავალების შესრულებაში: კომპიუტერის კურსორის და რობოტული მკლავის მართვა.

ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ოთხივე მონაწილემ დავალებები გაცილებით სწრაფად შეასრულა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით.განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ პარალიზებულმა მონაწილემ რობოტული მკლავის მართვა მხოლოდ AI-ის დახმარებით შეძლო, მის გარეშე კი დავალების შესრულება ვერ დაასრულა.

წყარო: Nature

 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები