საქართველო B და C ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის საერთაშორისო ვალიდაციის პროცესის ახალ ეტაპზე გადადის

გააზიარე

28 ივლისს ჰეპატიტების მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელიც ვირუსული ჰეპატიტების, ჰეპატიტებით გამოწვეული დაავადებების და მათი პრევენციული ღონისძიებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. 

საქართველოში C და B ჰეპატიტების დიაგნოსტიკა და მკურნალობა სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ამოქმედებიდან დღემდე 94 000-ზე მეტი მოქალაქეა ჩართული, ხოლო განკურნების მაჩვენებელი 99%-ს აღწევს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქრონიკული C ჰეპატიტის მქონე პაციენტების 87.3% დიაგნოსტირებულია, ხოლო დიაგნოზირებული პაციენტების 87.1%-ს მკურნალობა დაწყებული აქვს.

B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა კი 2024 წლიდან მოქმედებს და ამ დროისთვის პროგრამაში 1 700-ზე მეტი პაციენტია ჩართული. ქვეყანამ უკვე შეასრულა WHO-ს რეგიონული სამიზნეები B ჰეპატიტის პრევენციის მიმართულებით: ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბავშვებში დაავადების გავრცელება 0.03%-ს შეადგენს, ახალშობილებში დაბადებისას ვაქცინაციის მოცვამ 96%-ს, ხოლო სრული სამდოზიანი ვაქცინაციის მოცვამ 90%-ს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საქართველო გეგმავს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან საერთაშორისო ვალიდაციის მიღებას ორი მიმართულებით. ესენია: C ჰეპატიტის ელიმინაციის გზაზე მიღწეული პროგრესის და B ჰეპატიტის დედიდან შვილზე გადაცემის ელიმინაციის ვალიდაცია. საქართველოს საბოლოო მიზანია 2030 წლისთვის ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაცია, რაც შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გლობალური სტრატეგიით განსაზღვრულ სამიზნე პერიოდს.

დამატებით, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით შეიქმნა ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის ეროვნული საბჭო, რომელიც აერთიანებს ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს, სამედიცინო სფეროს, აკადემიური წრეების, საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

წყარო: Moh.gov.ge 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები