ჰორმონალური დისბალანსის ფუნდამენტური ასპექტები: დოქტორი ბანკოსის ექსპერტული ხედვა ენდოკრინული პათოლოგიების მართვაზე

გააზიარე

ინტერვიუ დოქტორ ირინა ბანკოსთან

დოქტორი ირინა ბანკოსი არის გამორჩეული ენდოკრინოლოგი და ინტერნისტი, რომელიც მოღვაწეობს მეიოს კლინიკაში (როჩესტერი, მინესოტა). მისი ექსპერტიზის სფეროა ჰიპოფიზის, თირკმელზედა ჯირკვლისა და გონადების პათოლოგიები. დოქტორ ბანკოსის კლინიკური საქმიანობის ძირითადი ფოკუსია თირკმელზედა ჯირკვლის რთული დაავადებების მართვა, მათ შორის, კეთილთვისებიანი სიმსივნეებისა და ფეოქრომოციტომის, რაც მუდმივ დიაგნოსტიკურ და თერაპიულ გამოწვევებს უკავშირდება.

დოქტორ ბანკოსის ხელმძღვანელობით დაინერგა არაინვაზიური სადიაგნოსტიკო ბიომარკერები, რომლებიც გამოიყენება თირკმელზედა ჯირკვლის ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნეების დიფერენცირებისთვის. ამ მიღწევამ პირდაპირი გავლენა იქონია კლინიკურ პრაქტიკაზე, რადგან ხელი შეუწყო არასაჭირო პროცედურების შემცირებასა და მკურნალობის ოპტიმიზაციას.

მისი კვლევები ფოკუსირებულია შემდეგ მიმართულებებზე: ის შეისწავლის თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიების დიაგნოსტიკურ ბიომარკერებს; იკვლევს გლუკოკორტიკოიდების სიჭარბის (როგორც ენდოგენური, ისე ეგზოგენური) გავლენას მეტაბოლიზმზე, ძვლის სიმტკიცესა და კოგნიტურ ფუნქციებზე. ამერიკელი ექსპერტი მუშაობს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობისა და თანდაყოლილი თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპერპლაზიის მართვის სტრატეგიებზე.

დოქტორი ბანკოსი ხელმძღვანელობდა ისეთ კრიტიკულ ინიციატივებს, როგორიცაა პროგრამა „Transform the Adrenal Practice“. ის აქტიურად აგრძელებს მულტიდისციპლინური გუნდების მართვას ენდოკრინოლოგიაში, რომლის მიზანია დიაგნოსტიკური და თერაპიული მიდგომების მუდმივი დახვეწა.

დოქტორ ბანკოსს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სამეცნიერო საზოგადოებაშიც, მათ შორის, როგორც European Journal of Endocrinology რედაქტორს. ის ასევე არის თირკმელზედა ჯირკვლის კვლევითი ქსელების აქტიური წევრი და ადრე ხელმძღვანელობდა ამერიკის კლინიკური ენდოკრინოლოგიის ასოციაციის ჰიპოფიზურ-გონადურ-თირკმელზედა ჯირკვლის ნეიროენდოკრინულ სამუშაო ჯგუფს.

საქართველოში გამართულ Endohub-ის კონფერენციაზე მისი მოხსენებები ეხებოდა: კორტიზოლის ზომიერ ავტონომიურ სეკრეციას (MACS), გლუკოკორტიკოიდებით გამოწვეულ თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობასა და მოხსნის სინდრომს.

დოქტორ ბანკოსი ინტერვიუში ხაზს უსვამს ენდოკრინული დარღვევების დიაგნოსტიკურ გამოწვევებს, ჰორმონალურ ჯანმრთელობაში ცხოვრების წესის და გარემო ფაქტორების კრიტიკულ როლს.

თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიების მართვაში  ხშირად მრავალი გაურკვევლობაა. თქვენი გამოცდილებით, რა არის ის ყველაზე უგულებელყოფილი ფაქტორი, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვნად იმოქმედოს პაციენტის გამოსავალზე?

დიახ, ეს შესანიშნავი კითხვაა. ამ შეკითხვას მრავალი პასუხი აქვს, მაგრამ მინდა ერთი მთავარი საკითხი გამოვყო, რომელიც კლინიცისტებს ეხებათ: ჩვენ ზოგჯერ ზედმეტად ვართ კონცენტრირებულები ანალიზის ზღვრულ მაჩვენებლებზე – მაგალითად, კორტიზოლის ან სხვა ჰორმონის კონკრეტულ ზღვარზე – დიაგნოზის დასასმელად ან უარსაყოფად. ჩვენ გვჭირდება შეხსენება, ჩემი ჩათვლით, რომ ენდოკრინული დარღვევები სპექტრის სახით არსებობს და არ არის მხოლოდ შავი და თეთრი. აქ ძალიან ბევრი ნაცრისფერი ზონაა. სწორედ ამიტომ არის პაციენტის ისტორია ასეთი მნიშვნელოვანი. მხოლოდ ლაბორატორიულ ციფრებზე ფოკუსირებით, ჩვენ ვკარგავთ იმ კლინიკურ ხედვას, რომელიც აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის ამ „ნაცრისფერ სკალაზე“ განსასაზღვრად. ამიტომ, გადამწყვეტია არა ზღვრული მაჩვენებლები, არამედ დაავადების მთლიანი სპექტრის შეფასება.

იმის გათვალისწინებით, რომ ენდოკრინული დარღვევები ხშირად “ბაძავს” სხვა სისტემურ დაავადებებს, რა ძირითადი ინსტრუმენტებია საჭირო კლინიცისტების მხარდასაჭერად, რათა რთული შემთხვევების ადრეული და ზუსტი დიფერენცირება მოხდეს?

ეს ნამდვილად საჭიროებს მიუკერძოებელ, ობიექტურ ხედვას და საკუთარი ექსპერტიზის ლიმიტების გაცნობიერებას, კერძოდ, იმის ცოდნას, თუ როდის არის გადამწყვეტი მულტიდისციპლინური გუნდის ჩართვა. მიუღებელია ნაჩქარევი დასკვნები ან დიაგნოზის უარყოფა, სანამ სრულად არ შეფასდება ყველა ფაქტორი: პაციენტის ისტორია, ფიზიკური გასინჯვა და ლაბორატორიული მონაცემები. ამასთან, მნიშვნელოვანია პაციენტთან სიღრმისეული კომუნიკაციის შენარჩუნება . კლინიცისტებს აკისრიათ პასუხისმგებლობა, რომ სამედიცინო ინფორმაცია პაციენტებისთვის გასაგები და ხელმისაწვდომი გახადონ. თუ პაციენტებს არ ესმით თავიანთი მდგომარეობა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩვენს რჩევებს გაითვალისწინებენ.

მოწინავე ტექნოლოგიების ფონზე, ადვილია დაგვავიწვყდეს ფუნდამენტური ასპექტები. როგორ შეაფასებდით ცხოვრების წესის, კვებისა და ქცევითი ცვლილებების რეალურ ღირებულებასა და გავლენას?

სავსებით გეთანხმებით, ეს პაციენტზე ზრუნვის უმნიშვნელოვანესი და, ამავე დროს, ურთულესი ასპექტია. ბევრი პაციენტი ეძებს „ჯადოსნურ აბებს“ ან სიმპტომების მარტივ გამოსწორების საშუალებას. თუმცა, სამწუხაროდ, ეს მიდგომა ხშირად არ არის ეფექტური. მაშინაც კი, თუ დავუშვებთ, რომ მსგავსი მედიკამენტი არსებობს, ის იშვიათად საკმარისია როგორც ერთადერთი თერაპიული საშუალება. ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა: დიეტა, ვარჯიში, განწყობა, სტრესის შემცირება, პოზიტიური აზროვნება, ხშირად ბევრად უფრო დიდი თერაპიული ეფექტი აქვთ. თუმცა, ცხოვრების წესის ამგვარი ცვლილებების დანერგვა უაღრესად რთულია. ეს პროცესი მოითხოვს დროსა და ძალისხმევას – როგორც პაციენტებისგან, ისე კლინიცისტებისგან. აქ მარტივი პასუხი არ არსებობს; უბრალოდ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, თუ რამდენად რთული და არსებითია ეს მიდგომა ყველასთვის, მათ შორის ექიმებისთვის, რომლებიც საკუთარ ცხოვრების წესსაც მართავენ.

ენდოკრინული დამრღვევების (Endocrine disruptors)  მზარდი საფრთხის ფონზე, რა როლი აკისრია ენდოკრინოლოგიას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პრევენციის საქმეში? 

ენდოკრინული დამრღვევების როლი აშკარად აქტუალურია და სულ უფრო მეტად აღიარებული. ჩვენ ყოველდღიურად მათზე ახალ ინფორმაციას ვიღებთ. ზოგჯერ, მეშინია კიდეც, როცა ვიაზრებ რამდენი ფაქტორია, რომელიც ჩვენი კონტროლის მიღმაა, რაც თავის მხრივ გლობალური დაბინძურებითა და მსოფლიო მასშტაბით პოლიტიკის არაერთგვაროვნებით არის განპირობებული. ჩვენი კონტროლის ქვეშ არსებული ერთი ბერკეტია პოლიტიკის ადვოკატირება. ენდოკრინოლოგებს შეუძლიათ გავლენა იქონიონ, უზრუნველყონ რა ექსპერტული რეკომენდაციები, რომლებსაც შემდგომ მთავრობები გაითვალისწინებენ საკანონმდებლო პროცესებში.

და ბოლოს მომავალი კოლეგებისთვის, რა არის თქვენი ძირითადი გზავნილი? 

ენდოკრინოლოგია ჩემში დიდ აღფრთოვანებას იწვევს. ჩემი კარიერის განმავლობაში არასდროს მინანია ეს არჩევანი. მედიცინის ნებისმიერი სტუდენტისთვის, რომელიც მომავალ სპეციალობაზე ფიქრობს, ვეტყოდი, რომ ენდოკრინოლოგია უაღრესად საინტერესო სფეროა. ამ დისციპლინაში პირველივე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, თქვენ აღმოაჩენთ მასში არსებულ დიდ მრავალფეროვნებას. მაგალითად, არსებობენ ექსპერტები, რომლებიც ფოკუსირებულნი არიან კონკრეტულად კორტიზოლთან დაკავშირებულ დარღვევებზე, და მიუხედავად ამისა, სფეროში ჯერ კიდევ ათასობით დეტალია შეუსწავლელი. მე მიყვარს იმ დისციპლინაში ყოფნა, სადაც ამდენი ცოდნის “ხარვეზია” შესავსები და სადაც ჩვენ შეგვიძლია პაციენტთა ცხოვრებაში რეალური, მნიშვნელოვანი ცვლილებების მოხდენა. სამედიცინო სტუდენტებმა უნდა გამოიყენონ შესაძლებლობა, მიიღონ მრავალფეროვანი გამოცდილება და იმუშაონ სხვადასხვა მენტორთან, პარალელურად კი შეინარჩუნონ მიუკერძოებელი კლინიკური ხედვა.



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები