ინსულინის უჯრედები 3D პრინტერიდან

გააზიარე

გარღვევა დიაბეტის მკურნალობაში. ლონდონში გამართულ 2025 წლის ESOT კონგრესზე, სამეცნიერო საზოგადოებამ დიაბეტის კვლევის სფეროში მნიშვნელოვანი მიღწევის შესახებ შეიტყო. საერთაშორისო მეცნიერებმა 3D ბიობეჭდვის გამოყენებით შექმნეს ფუნქციური პანკრეასის კუნძულები. ეს ინსულინის წარმომქმნელი უჯრედების ერთობლიობაა, რომელიც აქამდე მხოლოდ ბუნებრივად არსებობდა, ახლა კი ხელოვნურად არის მიღებული.

ეს მიღწევა რადიკალურად ცვლის I ტიპის დიაბეტის მართვას და მილიონობით ადამიანს მკურნალობის პროცესში ახალ იმედს აძლევს. 3D ბიობეჭდვით შექმნილი უჯრედები ნიშნავს, რომ შესაძლებელი გახდება ინსულინის წარმომქმნელი უჯრედების გადანერგვა, რაც პაციენტებს მუდმივი ინექციებისგან გაათავისუფლებს.

რატომ არის ეს მიღწევა მნიშვნელოვანი?

I ტიპის დიაბეტი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აწუხებს. ისინი ყოველდღიურად იკეთებენ ინსულინის ინექციებს, რადგან მათი პანკრეასი საკმარის ინსულინს ვერ გამოიმუშავებს. ცნობილია, რომ ინსულინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰორმონია, რომელიც სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს.

ახალი მიღწევა თამაშის წესებს რადიკალურად ცვლის. ბიობეჭდვის ტექნოლოგიით შექმნილი პანკრეასის კუნძულების კანქვეშ იმპლანტაცია შესაძლოა მარტივი და მინიმალურად ინვაზიური პროცედურით ჩატარდეს. ეს ძალიან დიდი შვება იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად ინსულინის ინექციებზე არიან დამოკიდებული.

კვლევის ფარგლებში შეიქმნა ახალი „ბიოინქი“ (სპეციალური მასალა ბიობეჭდვისთვის), რომელიც ალგინატსა და დეცელულარიზებულ პანკრეასის ქსოვილს აერთიანებს. სწორედ ამ ინოვაციური ბიოინქის გამოყენებით დაბეჭდეს გამძლე, მაღალი სიმკვრივის პანკრეასის კუნძულები.

საინტერესოა, რომ ეს პანკრეასის კუნძულები ლაბორატორიულ პირობებში სამ კვირამდე ინარჩუნებენ ფუნქციას და გლუკოზაზე ინსულინის გამოყოფით რეაგირებენ. ამასთან, ისინი ინარჩუნებენ ბუნებრივ სტრუქტურას შეწებებისა და დეგრადაციის გარეშე.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ პანკრიასის კუნძულების ტრადიციული გზით გადანერგვა ღვიძლში ინფუზიას მოითხოვს, რაც ხშირად უჯრედების მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვას იწვევს და მეთოდს ნაკლებად წარმატებულად აქცევს.  ახალი მეთოდი კი, ანესთეზიის გამოყენებით, ინსულინის უჯრედებს კანქვეშ ათავსებს. ეს შესაძლოა პაციენტებისთვის პოტენციურად უფრო უსაფრთხო და კომფორტული ვარიანტი გახდეს.

უჯრედების დაზიანებისგან დასაცავად მკვლევართა ჯგუფმა, რომელსაც უეიკ ფორესტის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის დოქტორი, კვენტინ პერიერი ხელმძღვანელობდა, ბიობეჭდვის მეთოდი გააუმჯობესა. მათ გამოიყენეს დაბალი წნევა და ბეჭდვის ნელი სიჩქარე, რის შედეგადაც უჯრედების 90%-ზე მეტი გადარჩა.

დაბეჭდილი სტრუქტურები, რომლებიც მაიამის უნივერსიტეტისა და სხვა სამედიცინო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით შემუშავდა, გამოირჩევა ფოროვანი დიზაინით. ეს დიზაინი აძლიერებს ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების ნაკადს და ხელს უწყობს ვასკულარიზაციას, პროცესს, რომელიც კუნძულების გრძელვადიანი მუშაობისთვის მნიშვნელოვანია.

რა ეტაპზეა კვლევა?

ამ ეტაპზე 3D ბიობეჭდვის ტექნოლოგიით შექმნილი პანკრეასის კუნძულები, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესაფასებლად, ცხოველებზე იტესტება. მკვლევრები ასევე მუშაობენ შენახვის მეთოდებზე, როგორიცაა კრიოკონსერვაცია. ისინი ასევე იკვლევენ უჯრედების ალტერნატიულ წყაროებს, მათ შორის ღეროვან უჯრედებს, რომ დონორების დეფიციტი შეავსონ.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევა ჯერ კიდევ კლინიკურ ეტაპზეა, ეს მიღწევა სამედიცინო საზოგადოებას  უფრო აახლოებს პერსონალიზებულ თერაპიებთან. ამან შესაძლოა ინსულინის ინექციების საჭიროება მინიმუმამდე დაიყვანოს.

თუ კლინიკური გამოცდები წარმატებული აღმოჩნდა, შესაძლოა ეს რევოლუციური მიღწევა გახდეს დიაბეტის მკურნალობაში. პროგრესი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მილიონობით ადამიანის ცხოვრების ხარისხს მთელ მსოფლიოში.

წყარო: Frontiersin.org

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები