ინექციებიდან ტაბლეტებამდე: წონის კლების მედიკამენტების ბაზარზე გარდამტეხი პერიოდი დგება

გააზიარე

წონის კლების მედიკამენტების სწრაფად მზარდ ბაზარზე გარდამტეხი პერიოდი დგება. დანიურმა ფარმაცევტულმა გიგანტმა, Novo Nordisk-მა, აშშ-ში Wegovy-ს ყოველდღიური აბები გამოუშვა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პაციენტებს ინექციების ნაცვლად GLP-1 კლასის მედიკამენტის აბების სახით მიღება შეუძლიათ.

ანალიტიკოსების პროგნოზით, 2026 წელი ამ ინდუსტრიისთვის წარმატებული იქნება, რადგან მარტივად გამოსაყენებელი ტაბლეტები მკურნალობას უფრო ხელმისაწვდომს გახდის.

ახალმა მედიკამენტმა აშშ-ში რეკორდული შედეგები აჩვენა. იანვრის ბოლოსთვის კვირაში 50,000 რეცეპტი გაიცა. ეს მონაცემები Wegovy-ს ინექციური ვერსიის გაშვების მაჩვენებელსაც კი აღემატება, ხოლო ექსპერტების ვარაუდით, 2030 წლისთვის ამ სექტორის ღირებულება $200 მილიარდს მიაღწევს.

პრეპარატის პოპულარობა რამდენიმე საკვანძო ფაქტორითაა განპირობებული: აბების გამოყენება გაცილებით მარტივია მათთვის, ვისაც ნემსის შიში აქვს, ხოლო ინექციებისგან განსხვავებით, ტაბლეტები მაცივარში შენახვას არ საჭიროებს.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ფინანსური მხარეც. აბების ღირებულება თვეში $149-დან $299-მდე მერყეობს. მიუხედავად იმისა, რომ ტაბლეტი ინექციებთან შედარებით ოდნავ ნაკლებად ეფექტიანია, ის მაინც კარგი ალტერნატივაა იმ ადამიანებისთვის, რომლებთაც ჭარბი წონა აწუხებთ.

სიმსუქნის პრობლემა გლობალურ მასშტაბებს იძენს და პროგნოზების თანახმად, 2050 წლისთვის მსოფლიოს ზრდასრული მოსახლეობის ნახევარზე მეტი ჭარბწონიანი იქნება, რასაც წონის კლების მედიკამენტებზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდა მოჰყვება.

მაგალითად, აშშ-ში ყოველი რვა ზრდასრულიდან ერთი უკვე იყენებს ან იყენებდა მსგავს პრეპარატებს, ხოლო დიდ ბრიტანეთში მომხმარებელთა რაოდენობამ 1.6 მილიონს მიაღწია, რომელთა შორის ქალების რაოდენობა კაცებისას ორჯერ აღემატება.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, აშშ-ში სიმსუქნის გავრცელების მაჩვენებელი ეთნიკური ჯგუფების მიხედვით მკვეთრად განსხვავდება: ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აფროამერიკელებში (49.9%) და ლათინოამერიკელებში (44.8%) ფიქსირდება, თეთრკანიან მოსახლეობაში სიმსუქნის დონე 41.4%-ს აღწევს, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აზიური წარმოშობის მოსახლეობაშია (16.1%).

წყარო: Reuters

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები