ახალი ვიდეოთამაში აუტისტური სპექტრის მქონე პირთა სენსორული აღქმის შესასწავლად

გააზიარე

აუტიზმის მკვლევართა წინაშე დიდი ხანია მწვავედ დგას პრობლემა: ტრადიციული კვლევების მიღმა ძირითადად რჩებიან მძიმე ფორმის აუტიზმის მქონე პირები, რომლებიც ვერ მეტყველებენ. 

მეცნიერებისთვის ცნობილია, რომ აუტიზმი არსებითად ცვლის სენსორულ აღქმას – აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანები ხშირად ამჩნევენ ისეთ დეტალებს, რომლებიც სხვებისთვის შეუმჩნეველი რჩება, სახეებზე დაკვირვების ნაცვლად ვიზუალურ ორნამენტებსა და კანონზომიერებებზე კონცენტრირდებიან, ხოლო შეგრძნებები (სენსორული პროცესინგი) შესაძლოა როგორც გამძაფრებული, ისე დაქვეითებული ჰქონდეთ. მიუხედავად ამისა, ამ პროცესების ზუსტი ნეირონული მექანიზმები კვლავ შეუსწავლელია.

აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, ბოსტონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა სპეციალური ვიდეოთამაში Geode (Gathering Evidence to Optimize DEcisions) შექმნეს. ის აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების მიერ ინფორმაციის აღქმას აფასებს და რაც მთავარია, თანაბრად ხელმისაწვდომია მეტყველების მძიმე დარღვევების მქონე პირებისთვისაც.

თამაში

„გეოდი“ ძვირფას ქვებზე ნადირობის პრინციპზეა აგებული. მოთამაშეები ირჩევენ ვირტუალურ პერსონაჟს, მიჰყვებიან განძის რუკას და აგროვებენ თვლებს. თამაშის პროცესში ეკრანის კიდეებზე ციმციმი ჩნდება – თუ რომელიმე მხარე უფრო ინტენსიურად ელავს, ძვირფასი ქვებიც სწორედ იქ იმალება.

Source: Boston University

სანამ მოთამაშეები თვლებს აგროვებენ, მკვლევრები აკვირდებიან, რამდენად ეფექტურად ამჩნევენ ისინი ვიზუალურ სიგნალებს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება სიხშირით, ხანგრძლივობითა და გამოჩენის დროით.

„ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ დეტალური მონაცემები იმის შესახებ, თუ როგორ იღებენ სუბიექტები გადაწყვეტილებებს, როგორ აღიქვამენ გარემოცვას და როგორ ითვისებენ ახალ უნარებს“, – ამბობს ბოსტონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და ტვინის მეცნიერებათა ასისტენტ-პროფესორი ბენჯამინ სკოტი, რომელიც კვლევას ხელმძღვანელობს.

თამაშის დიზაინს ერთი ფუნდამენტური თავისებურება აქვს: მას არ ახლავს სიტყვიერი ინსტრუქციები. მოთამაშეები პირდაპირ ერთვებიან პროცესში და კანონზომიერებებს თამაშის მსვლელობისას, ემპირიულად სწავლობენ. ეს მიდგომა სრულად ათანაბრებს შესაძლებლობებს აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანებისთვის და კომუნიკაციის მძიმე დარღვევების მქონე ბავშვებსაც კი კვლევაში სრულფასოვანი მონაწილეობის საშუალებას აძლევს.

„აღმოვაჩინეთ, რომ შეგვიძლია ეს ბავშვები პროცესში ჩავრთოთ და საკუთარ ენაზე ვათქმევინოთ, როგორ აღიქვამენ სამყაროს“, – აღნიშნავს სკოტი.

კვლევა

ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში, ვიდეოთამაში 11-დან 17 წლამდე ასაკის 300-ზე მეტმა მოზარდმა გამოსცადა. მონაწილეთაგან 200-ზე მეტს აუტისტური სპექტრის აშლილობის (ASD) სხვადასხვა ფორმა აღენიშნებოდა, ხოლო დანარჩენები მათი ნეიროტიპური დედმამიშვილები იყვნენ.

მოთამაშეთა აბსოლუტურმა უმეტესობამ თამაშის პრინციპები წარმატებით აითვისა. მიუხედავად ამისა, ათვისების ტემპი მკვეთრად განსხვავებული იყო: აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდებს უფრო მეტი დრო დასჭირდათ და წესებსაც ნაკლები სიზუსტით მიჰყვნენ, ვიდრე მათი თანატოლები.

კვლევამ ერთ-ერთი შესაძლო ნეირონული მიზეზიც გამოკვეთა – ეს არის ე.წ. „ხმაურიანი მტკიცებულებების ინტეგრაცია“ (noisy evidence integration): პროცესი, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ ამუშავებს და აანალიზებს თავის ტვინი სენსორულ ინფორმაციას.

„როგორც ჩანს, ფუნქციური თავისებურება აღქმის იმ კომპონენტში ვლინდება, რომელსაც აღქმით ინტეგრაციას ვუწოდებთ – ეს არის პროცესი, როდესაც გარემოზე კომპლექსური წარმოდგენის შესაქმნელად ინდივიდი დროთა განმავლობაში აგროვებს და აფასებს გარემოდან შემოსულ ინფორმაციას“, – განმარტავს სკოტი.

აღსანიშნავია, რომ თამაში სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტად არ შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ მას წარმატებით შეუძლია გამოავლინოს ინდივიდუალური აღქმისა და დასწავლის თავისებურებები, აუტიზმის სხვა განვითარების დარღვევებისგან დიფერენცირება მის კომპეტენციას სცდება.

ამ ეტაპზე პროფესორი სკოტი თამაშის მთავარ ღირებულებას კლინიკურ კვლევებში ხედავს.

ცხოველთა კვლევებიდან ადამიანთა ქცევის ანალიზამდე

ინსტრუქციების გარეშე მუშაობის ინოვაციურ მიდგომას საფუძვლად პროფესორ სკოტის ადრინდელი კვლევები უდევს, რომლებიც ცხოველებში გადაწყვეტილების მიღების მექანიზმებს შეისწავლის. შედარებითი კოგნიციის ლაბორატორიაში მას გაანალიზებული აქვს, თუ როგორ სწავლობენ მგალობელი ჩიტები და როგორ აკეთებენ არჩევანს ვირთხები სისწრაფესა და სიზუსტეს შორის – შესაბამისად, მკვლევარს უკვე ჰქონდა გამოცდილება ისეთ ცდისპირებთან მუშაობისა, რომლებსაც სიტყვიერი ინსტრუქციების შესრულება ფიზიკურად არ შეუძლიათ.

ამ მიდგომას უზარმაზარი პოტენციური სარგებელი მოაქვს, რადგან ის მეცნიერებს ადამიანისა და ცხოველის ქცევითი კვლევების ერთმანეთთან დაკავშირებისა და სინქრონიზაციის საშუალებას აძლევს. ვინაიდან ცხოველებსა და ადამიანებს ფაქტობრივად იდენტური მოდელის თამაში შეუძლიათ, „ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ გავზომოთ და შევადაროთ, ერთნაირად მოქმედებს თუ არა აუტიზმის რისკ-გენები ადამიანებსა და ცხოველურ მოდელებზე“, – აცხადებს სკოტი.

აღსანიშნავია, რომ კვლევა „საიმონსის ფონდის“ (Simons Foundation) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ნაშრომის თანაავტორებს შორის არიან ჰელენ თაგერ-ფლუსბერგი და ჯოზეფ მაკგუაირი – ბოსტონის უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერებათა კოლეჯის (CAS) ფსიქოლოგიისა და ტვინის მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორები.

წყარო: Boston University



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები