წითური თმისა და ღია ფერის კანის მქონე ადამიანებს ევოლუციური თვალსაზრისით გამარჯვებულები შეგვიძლია ვუწოდოთ. ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული მასშტაბური გენეტიკური კვლევის თანახმად, ევროპაში წითური თმის გენის აქტიური ბუნებრივი სელექცია უკვე 10 000 წელზე მეტია მიმდინარეობს.
ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, 16 000-მდე უძველესი ადამიანის ნაშთისა და 6 000-ზე მეტი თანამედროვე პიროვნების დნმ-ის ანალიზით, დაამტკიცეს, რომ ადამიანის ბიოლოგიური ევოლუცია სოფლის მეურნეობის განვითარების შემდეგაც კი მაღალი ტემპით გაგრძელდა.
რა ევოლუციურმა ფაქტორებმა განაპირობა წითური თმისა და ღია ფერის კანის გენეტიკური ვარიანტების შენარჩუნება და გავრცელება?
მეცნიერებმა თითქმის 500 გენეტიკური ვარიანტი გამოავლინეს, რომლებიც ჩვენს უახლეს ისტორიაში სულ უფრო ხშირი გახდა. წითური თმისა და ღია ფერის კანის გარდა, ბუნებრივმა გადარჩევამ უპირატესობა მიანიჭა გენებს, რომლებიც ამცირებენ: სიმელოტის, დიაბეტის, რევმატოიდული ართრიტის რისკებს.
მეცნიერთა ვარაუდით, წითური თმა და ღია ფერის კანი ჩრდილოეთის კლიმატში გადარჩენის მექანიზმია. ასეთი ტიპის კანი გაცილებით ეფექტურად გამოიმუშავებს ვიტამინ D-ს მზის ნაკლები განათების პირობებში, რაც კრიტიკული იყო იმ ადამიანებისთვის, რომელთა რაციონიც ამ ვიტამინით ღარიბი გახლდათ.
დაავადებების უცნაური უპირატესობა
კვლევამ აჩვენა პარადოქსული ტენდენციებიც. მაგალითად, ცელიაკიის (გლუტენის აუტანლობა) რისკ-ფაქტორი 4 000 წლის წინ გაჩნდა და მას შემდეგ სულ უფრო ვრცელდება. მიუხედავად აუტოიმუნური საფრთხისა, ამ გენის მქონე ადამიანებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდათ. სავარაუდოდ, ეს ვარიანტი მათ იმ პერიოდის სხვა ინფექციური პათოგენებისგან იცავდა.
ანალოგიური სურათი გამოიკვეთა ტუბერკულოზთან მიმართებაშიც. გენი, რომელიც ამ დაავადების რისკს მკვეთრად ზრდის, 9 000-დან 3 000 წლის წინანდელ პერიოდში აქტიურად მრავლდებოდა, სანამ კვლავ კლებას დაიწყებდა.
კვლევის კიდევ ერთი საინტერესო მიგნება
ადრე, როდესაც ადამიანები საკვებს ნადირობითა და შეგროვებით მოიპოვებდნენ, ცხიმის დაგროვების უნარი (ე.წ. „მომჭირნე გენები“) სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო შიმშილობის დროს გადასარჩენად. თუმცა, როგორც კი ადამიანმა მიწათმოქმედებას მიჰყო ხელი და საკვების მარაგი დასტაბილურდა, ზედმეტი ცხიმის დაგროვება აღარ იყო საჭირო. პირიქით, ამან გამოიწვია ჯანმრთელობის პრობლემები, რის გამოც ბუნებრივმა გადარჩევამ ამ გენების მქონე ინდივიდებს უპირატესობა წაართვა.
წყარო: Nature

