მკვლევართა ჯგუფმა ტეხასის A&M AgriLife Research-დან შეიმუშავა ინოვაციური სენსორი, რომელიც მომავალში, შესაძლოა, რევოლუციური ცვლილებების მომტანი გახდეს დიეტის მონიტორინგსა და, ზოგადად, ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვაში.
პორტატული მოწყობილობა, რომელიც სინათლის სხივებზე დაფუძნებულ ტექნოლოგიას იყენებს, საშუალებას იძლევა, ორგანიზმის მდგომარეობა კანის ზედაპირიდან, სისხლის ანალიზის გარეშე განისაზღვროს.
ჟურნალ Analytical Chemistry-ში გამოქვეყნებული კვლევა ცხადყოფს, რომ რამანის სპექტროსკოპიის გამოყენებით შესაძლებელია დიეტის ტიპის, ბიოლოგიური ასაკის და საკვები ნივთიერებების დეფიციტის დადგენა 90%-მდე სიზუსტით.
კვლევას ხელმძღვანელობდა მეცნიერი დმიტრი კუროუსკი, ტეხასის A&M-ის ბიოქიმიისა და ბიოფიზიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. მისი თქმით, ამჟამად დიეტის შეფასება ძირითადად პაციენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეფუძნება, რაც ხშირად არაზუსტია.
ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ დავაკვირდეთ, როგორ ცვლის დიეტა სხეულს და განვსაზღვროთ, რამდენად ეფექტურია ის. ეს ყველაფერი შესაძლებელია მოწყობილობით, რომელიც ხელის გულზე ეტევა.” – განმარტავს დოქტორი კუროუსკი.
კვლევის დროს მეცნიერებმა ექვსი სხვადასხვა დიეტის (მათ შორის ვეგანური, კეტოგენური და ხმელთაშუა ზღვის) გავლენა შეისწავლეს ცხოველების კანზე. მათ კანი დაასკანერეს და აღმოაჩინეს, რომ თითოეული დიეტა კანის ბიოქიმიურ შემადგენლობას, განსაკუთრებით ლიპიდებისა და კოლაგენის დონეს, ცვლის. ამ მონაცემების საფუძველზე, მეცნიერთა გუნდმა დიეტის ტიპი თითქმის 90%-იანი სიზუსტით განსაზღვრა. გარდა ამისა, მოწყობილობამ შეძლო ისეთი მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერების დეფიციტის დადგენა, როგორიცაა, მაგალითად, ფოლატი.
ჩანაფიქრის მიხედვით, ეს ტექნოლოგია შეიძლება ჩაშენდეს ტარებად მოწყობილობებში, რომლებიც მომხმარებელს დიეტისა და საკვები ნივთიერებების შესახებ უწყვეტ ინფორმაციას მიაწვდიან.
წყარო: ACS

