ინოვაციური მოწყობილობა, რომელსაც ზვავში მოყოლილი ადამიანის გადარჩენის შანსების საგრძნობლად გაზრდა შეუძლია

გააზიარე

მთაში დასვენებისა და ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის მნიშვნელოვანი სიახლეა: მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ახალ მოწყობილობას, Safeback SBX-ს, ზვავში მოყოლილი ადამიანის გადარჩენის შანსების საგრძნობლად გაზრდა შეუძლია.

ზვავში მოყოლილი ადამიანების უმეტესობა პირველ 35 წუთში ასფიქსიით (გაგუდვით) იღუპება. ახალი მოწყობილობის მთავარი დანიშნულება სწორედ ამ კრიტიკული დროის გახანგრძლივებაა, რათა მაშველებმა დაზარალებულის ამოყვანა მოასწრონ.

ბევრმა არ იცის, რომ თოვლი სინამდვილეში ჰაერს შეიცავს. Safeback SBX არის კომპაქტური ელექტრონული ტუმბო, რომელიც ზურგჩანთაში თავსდება.  ეს ინოვაციური მწყობილობა თოვლიდან ჟანგბადს ქაჩავს და მას სპეციალური მილით პირდაპირ ადამიანს აწვდის.

მოწყობილობის ეფექტურობის დასამტკიცებლად, Eurac Research-ის საერთაშორისო ჯგუფმა უნიკალური და საკმაოდ რისკიანი ექსპერიმენტი ჩაატარა. კვლევაში მონაწილე მოხალისე მთამსვლელები თოვლის ქვეშ სრულად დამარხეს, რათა დაედგინათ, რამდენად შეძლებდა აპარატი მათი სასიცოცხლო მაჩვენებლების შენარჩუნებას რეალურ პირობებში.

Safeback SBX

მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა საშიშროება, რომ მონაწილეთა უმეტესობას სასწრაფო ევაკუაცია დასჭირდებოდა, მკაცრი სამედიცინო კონტროლისა და უსაფრთხოების ზომების წყალობით, ტესტირებამ ყოველგვარი გართულების გარეშე ჩაიარა.

კვლევის შედეგები მართლაც შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რადგან კვლევის პერიოდში არცერთი მონაწილის სისხლში ჟანგბადის დონე კრიტიკულ ზღვარს ქვემოთ არ დაცემულა. Safeback SBX-ს შეუძლია 90 წუთის განმავლობაში უწყვეტად მიაწოდოს ადამიანს წუთში 150 ლიტრი ჰაერი, რაც მაშველებს მისცემს ძვირფას დროს მათი სიცოცხლის გადასარჩენად.

ამ მასშტაბურ პროექტზე რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის ნორვეგიის, იტალიის, გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის წამყვანი სამედიცინო და სამაშველო ინსტიტუტები ერთობლივად მუშაობდნენ. თუმცა, მეცნიერები მაინც ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ არანაირ ტექნოლოგიას არ შეუძლია სრულად ჩაანაცვლოს უსაფრთხოების წესების დაცვა და სიფრთხილე. პრევენცია რჩება მთაში გადარჩენის მთავარ ინსტრუმენტად, ხოლო მსგავსი ინოვაციები წარმოადგენს დამატებით, უმნიშვნელოვანეს გარანტიას კრიტიკულ სიტუაციაში თავის დასაღწევად.

წყარო: JAMA

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები