ინსულტი თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და მწვავე ჯანმრელობის პრობლემაა. ის რეგიონულ დაბრკოლებასთან ერთად გლობალური ჯანდაცვის სექტორისთვისაც გამოწვევაა. დიაგნოსტიკური მეთოდების, რეპერფუზიული ინტერვენციების, გამოსახულებითი კვლევების და პრევენციული სტრატეგიების გაუმჯობესების მიუხედავად, ის ამდრომდე რჩება სიკვდილიანობისა და ხანგრძლივი უნარშეზღუდულობის წამყვან მიზეზად მსოფლიოში. მსოფლიო ინსულტის ორგანიზაციის (WSO) 2025 წლის მონაცემებით, ინსულტი არაგადამდებ დაავადებებს შორის (NCD) მეორე ადგილზეა სიკვდილიანობით. ყოველწლიურად, დაახლოებით 15 მილიონი შემთხვევა ფიქსირდება, რომლიდანაც 7 მილიონზე მეტი იღუპება, ხოლო მილიონობით პაციენტი ცხოვრებას ქრონიკული ნევროლოგიური დეფიციტით აგრძელებს. მსოფლიო ინსულტის ორგანიზაციის მონაცემებით(WSO), ინსულტი შრომისუნარიანობის დაკარგვის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია, როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში.
ინსულტის ეპიდემიოლოგია და გლობალური ტვრითი
მსოფლიო ჯანდაცვის ინსტიტუტის (IHME) და მსოფლიო ინსულტის ორგანიზაციის (WSO) 2021 წლის მონაცემებით, ინსულტის ახალი წლიური შემთხვევების რაოდენობა 11.9 მილიონია, ხოლო მისი პრევალენტობა 93.8 მილიონს შეადგენს. აქედან, სიკვდილიანობა 7.3 მილიონია, რაც ნიშნავს რომ გლობალური სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებლის 10.7%-ს მხოლოდ ეს ავადმყოფობა იწვევს . 1990 წლიდან 2021 წალმდე ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ინსულტის გლობალური ტვირთი მზარდია და დასახელებულია, როგორც მეორე დონის სიკვდილიანობის გამომწვევი გულის იშემიური დაავადებების შემდეგ. ასევე ნათქვამია, რომ ინსულტი სტატისტიკურად მესამე ყველაზე ხშირი გამომწვევია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სიცოცხლის წლების (DALY) ცხოვრების მანძილზე.
გლობალური მონაცემები ინსულტის სუბტიპების შესახებ აჩვენებს, თუ რამდენად განსხვავებულად აისახება ეს დაავადება სხვადასხვა რეგიონსა და ეკონომიკური განვითარების მქონე ქვეყანაში. მსოფლიო მონაცემების მიხედვით, იშემიური ინსულტი შეადგენს შემთხვევათა 65.3%-ს, ინტრაცერებრული ჰემორაგია 28.8%-ს, ხოლო სუბარაქნოიდული ჰემორაგია 5.8%-ს. იშემიური ინსულტის წილი განსაკუთრებით მაღალია მაღალშემოსავლიან ქვეყნებში (74.9%), მაშინ როდესაც დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში აღნიშნული მაჩვენებელი 63.4%-ს შეადგენს. საპირისპიროდ, ინტრაცერებრული ჰემორაგიის გავრცელება უფრო მაღალია დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში (31.1%), ვიდრე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში (17.8%), რაც მიუთითებს იმას თუ რამდენად დიდი გავლენა აქვს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსს ინსულტის სტრუქტურირებაში. კვლევების საფუძველზე სტატისტიკურად დადგინდა,რომ 2015 წლიდან ინსულტის ახალი შემთხვევების რაოდენობა არ მცირდება. ის არ არის დამოკიდებული ქვეყნის სოციოდემოგრაფიულ ინდექსზე(SDI). იშემიური ინსულტის შემთხვევები მაღალია მაღალშემოსავლიან ქვეყნებში, დაბალშემოსავლიან ქვეყნებში კი აღინიშნება ინვალიდობასთან დაკავშირებული ცხოვრების წლების (DALY) გაცილებით მაღალი მაჩვენებელი. ეს მიანიშნებს ჯანდაცვის სისტემის ნაკლოვანებაზე ინსულტის მართვასა და რეაბილიტაციაში, მაშინ, როცა მაღალშემოსავლიან ქვეყნებში უკეთ ორგანიზებული მოვლა და რეაბილიტაციის სერვისები მნიშვნელოვნად ამცირებს გრძელვადიან ნეგატიურ შედეგებს.
ისეთ რეგიონებში, მაგალითად როგორიცაა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, ოკეანეთი და დაბალი სოციოდემოგრაფიული ინდექსის (SDI) ქვეყნები, მზარდია ინსულტის რაოდენობა, სიკვდილიანობა, გავრცელება და DALY-ის მაჩვენებელი 70 წელზე უმცროსი ასაკის ადამიანებში. 2010 წლიდან, ასაკობრივი სტანდარტიზებული გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით (ინსულტის ჩათვლით) გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლები მექსიკაში, დიდ ბრიტანეთში და აშშ-ში, კიდევ უფრო გაიზარდა. აქედან, ინსულტის შემთხვევების რაოდენობამ 55 წლამდე ასაკის პირებში იმატა. 2021 წლის მონაცემებით, ინსულტის 11.9 მილიონი ახალი შემთხვევეიდან 6.3 მილიონი (52.4%) კაცებში ხოლო 5.7 მილიონი (47.4%) ქალებში აღირიცხა. ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მაღალი ინსულტის ტვირთი ბოლო მონაცემებით ცენტრალურ აზაში, აფრიკის სამხრეთითა და აღმოსავლეთ აზიაში დაფიქსირდა.
2021 წელს მხოლოდ საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების მონაცემების შეჯამებით ინსულტის ახალი შემთხვევები იყო 83.3%, პრევალენტობა 76.7%, ფატალური 87.25% და DALY- 89.4%. სწორედ ასეთი სტატისტიკური მონაცემებით ინსულტის მსოფლიო ორგანიზაცია (WSO) ვარაუდობს, რომ 2050 წლისთვის 50%- ით გაიზრდება სიკვდილიანობა და ეს 90%-ზე მეტი დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვენყებში მოხდება. ინსულტის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტის, შეილა მარტინსის თქმით: „უმოქმედობის ფასი უბრალოდ ძალიან მაღალია იმისთვის, რომ კიდევ დიდხანს გავაგრძელოთ ლოდინი. ჩვენ გვჭირდება, რომ მსოფლიომ ახლავე იმოქმედოს.“ ეს სიტყვები აიხსნება იმით, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში სწრაფად გაიზარდა 55 წლამდე ასაკის ადამიანებში ინსულტის შედეგად გარდაცვლილი ან ინვალიდად დარჩენილი პაციენტების რიცხვი. ასეთი შემთხვევები ინსულტის მსოფლიო ორგანიზაციის (WSO)-ს თქმით, გამოწვეულია ინსულტის ძირითადი რისკ-ფაქტორების მზარდი ტენდეციით, მაგალითად როგორებიცაა: მომატებული არტერიული წნევა, ჭარბი წონა, დიაბეტი, არააქტიური ცხოვრება, თამბაქო, დაბინძურებული ჰაერი და სხვა. Lancet-ის გამოქვეყებულ სისტემურ განიხილვაში ნახსენებია, რომ ინსულტის შემცირება შესაძლებელია 84%-ით, რადგან გამომწვევი ფაქტორებიდან მრავალი არის მოდიფიცირებადი. უშუალოდ ინსულტთან ასოცირებადი მეტაბოლური რისკები 68.8%-ია, გარემოს რისკები 36.7%, ხოლო ქცევითი რისკები 35.2%-ია. აღნიშნული მაჩვენებელი ზრდის ინსულტის საერთო ტვირთს, რაც საფრთხის შემცველია და გულისხმობს ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვას მომდევნო ათწეულების განმავლობაში.
ინსულტის ეპიდემიოლოგიური მონაცემები საქართველოში
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) 2021 წელს განახლებული მონაცემების მიხედვით, ინსულტი საქართველოში კვლავ წარმოადგენს სიკვდილიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს. საერთო სიკვდილიანობის მაჩვენებელი შეადგენს 335 შემთხვევას 100,000 მოსახლეზე, რითაც ინსულტი მეორე ადგილზეა როგორც ქალებში (351.7 შემთხვევა 100,000-ზე), ასევე მამაკაცებში (317.6 შემთხვევა 100,000-ზე). აღნიშნული სტატისტიკა ხაზს უსვამს დაავადების მნიშვნელოვან საზოგადოებრივ და ეკონომიკურ ტვირთს ქვეყანაში.
იმერეთის რეგიონში ჩატარებული კვლევის შედეგად გამოიკითხა 2811 ადამიანი, მათ შორის მხოლოდ 251 პაციენტს დაუდასტურდა ინსულტი და აქედან ინსულტის საერთო პრევალენტობამ 8.9% შეადგინა. მათ შორის, იშემიური ინსულტი შეადგენდა შემთხვევების 7.8%-ს, ხოლო ჰემორაგიული 0.7%-ს. იშემიური ინსულტი უფრო ხშირი აღმოჩნდა მამაკაცებში, ხოლო ჰემორაგიული ეპიზოდი ქალბატონებში. წამყვან მოდიფიცირებად რისკ-ფაქტორებად გამოვლინდა ასაკი, არტერიული ჰიპერტენზია, თამბაქოს მოხმარება და შაქრიანი დიაბეტი. ინსულტგადატანილ პაციენტთა უმრავლესობა იყო შედარებით ახალგაზრდა ასაკის, დაახლოებით 50 წლის. კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტების 65%-ს ინსულტის შემდგომ აღენიშნებოდა კოგნიტური დაქვეითება, 60% დარჩა ინვალიდად, ხოლო 25%-ს განუვითარდა პოსტინსულტური დეპრესია. აღსანიშნავია, რომ კვლევაში ჩართული პაციენტებიდან, რომლებმაც იშემიური ინსულტი 2000დან 2020 წლამდე გადაიტანეს, არც ერთ მათგანს არ ჰქონდა ჩატარებული თრომბოლიზისი ან თრომბექტომია, რაც იმ პერიოდისთვის ქვეყანაში ინსულტის მართვის შეზღუდულ რესურსებზე მიუთითებს.
საქართველოში ინსულტის ტვირთი კვლავ მაღალია, რაც ჯანდაცვის სისტემის სერიოზულ გამოწვევად რჩება. ადრეული დიაგნოსტიკისა და დროული ჩარევის დეფიციტი, მოსახლეობის დაბალი ცნობიერება ინსულტის სიმპტომების ამოცნობის შესახებ და გადაუდებელი დახმარების დაგვიანება მნიშვნელოვნად ამცირებს თრომბოლიზისის შესაძლებლობასა და თერაპიულ შედეგებს. რეგიონებში განსაკუთრებით თვალსაჩინოა სპეციალიზებული ინსულტის ცენტრებისა და ინტერვენციული სერვისების ნაკლებობა. პოსტინსულტური რეაბილიტაცია, მედიკამენტოზური მკურნალობა და ხანგრძლივი მოვლა უმეტესად პაციენტების პირად ფინანსურ რესურსებზეა დამოკიდებული, რაც ართულებს აღდგენით პროცესს. გარდა ამისა, კვალიფიციური ნევროლოგიური და რეაბილიტაციური პერსონალის დეფიციტი, ასევე განათლებისა და ცნობიერების დაბალი დონე, კიდევ უფრო ამძაფრებს პრობლემას. ინსულტის ტენდენციებსა და მართვის თანამედროვე მიდგომებზე საქართველოში, მედსკრიპტუმი ესაუბრა ევროპის ინსულტის ასოციაციისა (ESO) და საქართველოს ნევროლოგთა ასოციაციის წევრს, ჯერარსის ნევროლოგიური მიმართულების ხელმძღვანელ, ნევროლოგ ლევან ბახუტაშვილს:
რატომ ხდება, რომ მიუხედავად იშემიური ინსულტის მაღალი გავრცელებისა მაღალშემოსავლიან ქვეყნებში, ინვალიდობასთან ასოცირებული ცხოვრების წლები (DALY) მნიშვნელოვნად ნაკლებია და პაციენტებს იშვიათად რჩებათ ნევროლოგიური დეფიციტი ინსულტის შემდეგ, თუმცა სრულიად საპირისპირო მდგომარეობაა დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში?
მაღალშემოსავლიან ქვეყნებში ინსულტის მართვა ბევრად უფრო ორგანიზებულია. პაციენტი სწრაფად ხვდება სპეციალიზებულ ცენტრში, ტარდება თრომბოლიზისი ან თრომბექტომია და რეაბილიტაცია იწყება თითქმის მყისიერად . მაღალი შემოსავლის მქონე ქვენყებს დანერგილი აქვთ პრევენციული პოლიტიკა და მოსახლეობას მეტი ინფორმაცია აქვს ინსულტის რისკ ფაქტორებზე. განვითარებად ქვეყნებში დროული ჩარევისა და პრევენციის პრობლემაა, რომელიც საბოლოოდ აისახება ინსულტის შედეგებზე და ინვალიდობის მაჩვენებელზეც.
რა ნაბიჯები უნდა გადადგას ჯანდაცვის სისტემამ ინსულტის შემდგომი ინვალიდობის შესამცირებლად და პაციენტთა ფუნქციური აღდგენისა და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად?
პირველ რიგში, უნდა გაძლიერდეს სახელმწიფოს მხრიდან პრევენცია. დაავადების შემცირების ერთ-ერთ გზაა ინსულტის ცენტრების თანაბარი განაწილება რეგიონებში, რათა ყველამ მიიღოს დროული თრომბოლიზისი და თრომბექტომია. ასევე მნიშვნელოვანია რეაბილიტაციის ქსელის გაძლიერება და მოსახლეობის განათლება ინსულტის ნიშნების სწრაფი ამოცნობის შესახებ.
რა ძირითადი გამოწვევების წინაშე დგას საქართველო ინსულტის შემთხვევების, მათი მართვისა და შედეგების თვალსაზრისით?
საქართველოში უკვე არსებობს პირველი და მეორე დონის ინსულტის ცენტრები, რომლებშიც კეთდება თრომბოლიზისი და თრომბექტომია. ვფიქრობ,ეს უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია. თუმცა მრავალი გამოწვევა კვლავ რჩება, როგორიცაა: ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის ქსელის არასრულყოფილობა და საზოგადოების დაბალი ცნობიერება ინსულტის დროს მოქმედების შესახებ.
რამდენად ეფექტურია თრომბოლიზისი ინსულტის მქონე პაციენტებში და როგორ აისახება მისი დროული ჩატარება კლინიკურ პროგნოზზე და ფუნქციურ შედეგებზე?
თრომბოლიზისის დროულად ჩატარების შემთხვევაში მნიშვნელოვნად უმჯობესდება პაციენტის ფუნქციური აღდგენა და კლინიკური პროგნოზი. საქართველოში თრომბოლიზისის წილი იშემიურ ინსულტებში, დაახლოებით, 6%-ია, საერთაშორისო სტანდარტი-15.4%. დროული რეპერფუზია ამცირებს ნეირონული დაზიანების მოცულობას, ნევროლოგიური დეფიციტის სიღრმეს და ინსულტის შემდგომი ინვალიდობის რისკს. შედეგად, პაციენტები უფრო ხშირად უბრუნდებიან დამოუკიდებელ ცხოვრებას და შრომისუნარიანობას.
როგორია თრომბექტომიის ხელმისაწვდომობის გეოგრაფიული სხვაობა და რა გავლენა აქვს მას საერთო ინსულტის შედეგებზე?
თრომბექტომიის ხელმისაწვდომობის გეოგრაფიული განსხვავებები პირდაპირ მოქმედებს ინსულტის შედეგებზე. რაც უფრო სწრაფად ხდება პაციენტის გადაყვანა ცენტრში, სადაც თრომბექტომიის ჩატარება შესაძლებელია, მით მაღალია ფუნქციური აღდგენისა და ცხოვრების ხარისხის შენარჩუნების შანსი. ამდროინდელი მონაცემებით, საქართველოში თრომბექტომიის ეფექტურობა 6.8%-ია და არ ჩამოუვარდება საერთაშორისო მონაცემს, რომელიც, დაახლოებით, 7.5%-ია.
რამდენია საშუალო დრო “door-to-needle” ინტერვალის შემცირების ტენდენცია და როგორ აისახება იგი პაციენტის პროგნოზზე?
თანამედროვე პროტოკოლები მიზნად ისახავს თრომბოლიზისის დაწყებას კლინიკაში პაციენტის შესვლისთანავე, იდეალურია თუ თრომბოლიზისი განხორციელდება 30 წუთზე ნაკლებ დროში. შესაბამისად, ისეთი სისტემების დანერგვა, რომლებიც ამცირებს დიაგნოსტიკურ და ორგანიზაციულ შეფერხებებს, როგორიცაა წინასწარი შეტყობინება სასწრაფო დახმარებისგან და ინსულტის გუნდის მზადყოფნა, პირდაპირ აისახება პაციენტის პროგნოზზე. დადასტურებულია, რომ ყოველი 15 წუთით შემცირებული door-to-needle ინტერვალი მნიშვნელოვნად ზრდის ფუნქციური დამოუკიდებლობის შანსს და ამცირებს სიკვდილობის რისკს. საშუალო დრო თრომბოლიზისის ჩატარების ითვლება 45 წუთი ან ნაკლები.
რა გავლენა აქვს თრომბექტომიის განხორციელებას კომბინაციაში თრომბოლიზთან (bridging therapy) საბოლოო პროგნოზზე?
კომბინირებული თრომბოლიზი და შემდეგ თრომბექტომია თითქმის სრული რეპერფუზიის გარანტიაა. თუ წინააღმდეგ ჩვენება არაა თრომბოლიზისის პაციენტებში და დიდი სისხლძარღვების ოკლუზია (LVO) არის, აუცილებელია კომბინირებული ჩარევა. საწყისად თრომბოლიზით, შემდგომ თრომბექტომიის ჩატარებით.
რომელ პროგნოზულ ფაქტორებს აქვს ყველაზე დიდი გავლენა თრომბექტომიის შემდეგ ფუნქციურ აღდგენაზე?
თრომბექტომიის შემდგომ აღდგენით პროცესებზე გავლენას ახდენს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი. უკეთესი პროგნოზი, როგორც წესი, აღინიშნება ახალგაზრდა პაციენტებში, რომელთაც ნაკლები საწყისი ნევროლოგიური დეფიციტი აქვთ (დაბალი National Institutes of Health Stroke Scale(NIHSS) ქულა). დიდი მნიშვნელობა აქვს კოლატერალურ სისხლმომარაგებასაც, რომელიც იცავს ქსოვილებს სრული იშემიისაგან და ზრდის რეაბილიტაციის შესაძლებლობას. ამასთან, საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა აქვს ინტერვენციონისტის გამოცდილებასა და პროცედურის ტექნიკურ შესრულებას.
ინსულტის სამომავლო პროგნოზი და რეკომენდაციები მსოფლიო ინსულტის ორგანიზაციის (WSO) და Lancet კომისიისგან
ბოლო წლების განმავლობაში აღინიშნება ინსულტის რისკ-ფაქტორების გავრცელების ზრდა ახალგაზრდა პოპულაციაში, რაც განაპირობებს ინსულტის გადატანის საშუალო ასაკის შემცირებას( 55 წელი ან ნაკლები). აღნიშნული ტენდენცია ნავარაუდებია, რომ არა მხოლოდ კლინიკურ, არამედ ეკონომიკურ პრობლემადაც იქცევა, ვინაიდან გლობალური ხარჯები ინსულტთან დაკავშირებული მოვლისა და რეაბილიტაციის მიმართულებით მუდმივად მატულობს. მსოფლიო ინსულტის ორგანიზაციის (WSO) პროგნოზით, 2050 წლისთვის ინსულტთან დაკავშირებული გლობალურმა ხარჯებმა შესაძლოა 1.6 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწიოს, მაშინ როცა 2017 წლის მონაცემებით ეს მაჩვენებელი დაახლოებით 890 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
Lancet-ის კომისიის ანგარიშის თანახმად, ინსულტის პირველადი და მეორეული პრევენციის გასაუმჯობესებლად აუცილებელია რამდენიმე ძირითადი მიმართულების განვითარება. მათ შორისაა:
- პრევენციული და თერაპიული მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, რომლის დაფინანსებაც რეკომენდებულია შაქრის, ალკოჰოლისა და თამბაქოს დაბეგვრის გზით;
- სამედიცინო პერსონალის განათლების გაძლიერება ინსულტის რისკ-ფაქტორებისა და ადრეული სიმპტომების ამოცნობის უნარის გასაუმჯობესებლად;
- სპეციალისტთა ფინანსური წახალისება სოფლის რეგიონებში, რათა უზრუნველყონ პრევენციული სერვისებისა და მხარდაჭერის თანაბარი ხელმისაწვდომობა რეგიონებში;
- ქცევითი ცვლილებების ხელშეწყობა ინდივიდუალურ, საზოგადოებრივ და ეკონომიკურ დონეებზე;
- მეტი კვლევის განხორციელება სხვადასხვა პოპულაციებში ინსულტის პრევენციის ეფექტიანი სტრატეგიების დასადგენად.
მასშტაბური მონაცემების ფონზე ინსულტის მზარდი გლობალური ტვირთის საპასუხოდ, გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრევენციული, დიაგნოსტიკური და თერაპიული სტრატეგიების ინტეგრაცია ჯანდაცვის სისტემაში, რაც ხელს შეუწყობს დაავადების შედეგების შემცირებასა და მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.
წყარო:
World Stroke Organization: Global Stroke Fact Sheet 2025
World Stroke Organization(WSO)



