საშვილოსნოს ყელის კიბო მსოფლიოში გავრცელების მიხედვით ქალებში სიხშირით მეოთხე ადგილს იკავებს , შემთხვევათა რაოდენობა მუდმივად მცირდება იმ რეგიონებში, სადაც სკრინინგის პროგრამები წარმატებითაა დანერგილია. თუმცა, შეზღუდული რესურსების მქონე რეგიონებში, სადაც სკრინინგის პროგრამები შესაბამისი არ არის , შემთხვევების და სიკვდილიანობის მაჩვენებლები არაპროპორციულად მაღალი რჩება.
სხვა გინეკოლოგიურ სიმსივნეებთან შედარებით, საშვილოსნოს ყელის კიბო ყველაზე ხშირად ახალგაზრდა პაციენტებში გვხვდება, დიაგნოზის დასმის საშუალო ასაკი 50 წელია. ადრეული სტადიის დაავადების მქონე პაციენტების უმეტესობა მკურნალობის დასრულების შემდგომ აღწევს დაავადებისგან თავისუფალ პერიოდს , რაც შესაძლოა იყოს ხანგრძლივი (20-30წელი) , შესაბამისად, მათ წლების განმავლობაში აღენიშნებათ მკურნალობასთან დაკავშირებული პოტენციური გვერდითი მოვლენები , როგორიცაა ადრეული მენოპაუზა , შვილოსნობის უნარის დაკარგვა , დეპრესია , შფოთვა.
საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობის მიდგომები დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე . ადრეული სტადია – მკურნალობის საწყის ეტაპს წარმოადგენს ქირურგიური ჩარევა – რადიკალური ჰისტერექტომია , მენჯის ლიმფური კვანძების დისექციით . შემდგომი ადიუვანტური მკურნალობა დამოკიდებულია ოპერაციული მასალის მორფოლოგიური კვლევის შედეგებზე, რომლის საფუძველზე ხდება პაციენტთა სტრატიფიკიაცია დაბალი , საშუალო და მაღალი რისკის მიხედვით. დაბალი რისკის მქონე პაციენტები არ საჭიროებენ დამატებით ადიუვანტურ მკურნალობას. საშუალო რისკის მქონე პაციენტებს ესაჭიროებათ ოპერაციის შემდგომი ადიუვანტური სხივური თერაპია , ხოლო მაღალი რისკის მქონე პაციენტებს კი ესაჭიროებათ ოპერაციის შემდგომი ადიუვანტური ქიმიორადიოთერაპია .თითიეული მურნალობის მეთოდი , როგორიცაა ქირურგიული , ქიმიოთერაპია და რადიოთერაპია ხასიათდება ტოქსიურობით, რაც ქმნის სამმაგი ტოქსიურობის ანუ „სამმაგი მორბიდობის“ პრობლემას .
„სამმაგი მორბიდობა“ — ეს არის სამი სახის მურნალობით გამოწვეული ტოქსიკურობის კონვერგენცია. კვლევები აჩვენებს, რომ რადიკალური მკურნალობის მეთოდები (ქირურგია და/ან ქიმიორადიოთერაპია) ხშირად იწვევს მნიშვნელოვან მწვავე და გრძელვადიან სიმპტომებსა და გვერდით მოვლენებს .
რადიკალური ჰისტერექტომიით გამოწვეული გვერდითი მოვლენები:
- შარდის ბუშტისა და/ან ნაწლავის ფუნქციის დარღვევა (შარდის შეუკავებლობა, შეკრულობა, განავლის შეუკავებლობა)
- ლიმფედემა — მენჯის ლიმფური კვანძების ამოკვეთის შედეგად
- სექსუალური დისფუნქცია — საშოს ზედა ნაწილის რეზექციით გამოწვეული საშოს დამოკლების შედეგად
- საკვერცხის ფუნქციის ნაადრევი მოშლა — საშვილოსნო-საკვერცხის იოგის დაზიანების შედეგად სისხლმომარაგების დარღვევით
გართულებების შესამცირებლად გამოიყენება “ნერვშემნახველი” რადიკალური ჰისტერექტომია ასევე მოდარაჯე ლიმფური კვანძის დისექცია (სრული ლიმფადენექტომიის ნაცვლად).
ქიმიორადიოთერაპიით გამოწვეული გვერდითი მოვლენები :
ისევე როგორც ქირურგიის შემთხვევაში, განასხვავებენ მწვავე და გრძელვადიან გვერდით ეფექტებს. პაციენტებს , ვისაც ჩაუტარდა რადიოთერაპია პლუს ქიმიოთერაპიით ან მის გარეშე , ჰქონდათ მნიშვნელოვნად დაბალი ცხოვრების ხარისხის მაჩვენებლები, ასევე უფრო მაღალი სტრესის, დეპრესიისა და შფოთვის დონე, ვიდრე მხოლოდ ქირურგიული მკურნალობის შემთხვევაში.
გვერდით მოვლენებს წარმოადგენს :
- ჰემატოლოგიური ტოქსიურობა
- პერიფერიული ნეიროპათია
- ნეფროტოქსიურიობა
- ოტოტოქსიურობა
- შარდის ბუშტის დისფუნქცია (ხშირი შარდვა , შარდის შეუკავებლობა, დიზურია , ვეზიკოვაგინალური ფისტულა)
- ნაწლავის დისფუნქცია – ნაწლავის დისფუნქცია უფრო მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს რადიოთერაპიის შემდეგ, ვიდრე ქირურგიული მურნალობის შემდგომ . რადიკალური ჰისტერექტომიითა და ადიუვანტური რადიოთერაპიით ნამკურნალებ პაციენტთა 60%-ზე მეტი აღნიშნავს სიმპტომებს , როგორიცაა დიარეა, გულისრევა, ღებინება; ხშირ დეფეკაციასა და განავლის შეუკავებლობას აღნიშნავს პაციენტთა 10-27% . აღნიშნული გვერდითი მოვლენები შესაძლოა გაგრძელდეს რადიოთერაპიის შემდეგ 5 წლის განმავლობაშიც.
- სექსუალური დისფუნქცია – საშოს დამოკლება და ლუბრიკაციის დაქვეითება იწვევს ტკივილს სქესობრივი კავშირისას (დისპარეუნია); 25%-ში სიმპტომები არ მცირდება დროთა განმავლობაში
- ლიმფედემა – ქვედა კიდურების ლიმფედემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გართულებაა, რაც უარყოფითად აისახება პაციენტთა სიცოცხლის ხარისხზე
- დაღლილობა – პაციენტთა 33% უჩივის დაღლილობას მკურნალობის დასრულებიდან 2 წლის შემდეგაც
- ფსიქო-სოციალური პრობლემები – ხშირია შფოთვა, დეპრესია და სტრესი.ემოციური დარღვევები: დისფორია, აგრესია და დაბნეულობა. საწყის ეტაპზე პაციენტთა 20-25%-ს აღენიშნებოდა მძიმე შფოთვა, რომელიც 3 თვის შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა 10-15%-ში 2 წლის შემდეგაც მძიმე დონეზე შენარჩუნდა. უარყოფითი ემოციური მდგომარეობები 5 წლის შემდეგაც ვლინდება.ფსიქო-სოციალური პრობლემები მეტად გავრცელებულია პაციენტებში , სადაც დამატებით არსებობს შემდეგი პრობლემები: დაბალი განათლების დონე, დასაქმების ნაკლებობა, თანმხლები დაავადებები, 50 წელზე უფროსი ასაკი და სოციალური მხარდაჭერის ნაკლებობა.
- რეციდივის შიში: კიბოს დაბრუნების შიში მნიშვნელოვან ფაქტორად ითვლება —პაციენტთა 91%-ს ეშინია რეციდივის. ეს შიში გამძაფრებულია, ვინაიდან ვაგინალური სისხლდენა, გამონადენი თუ ტკივილი ხშირად ინტერპრეტირებულია, როგორც დაავადების დაბრუნების ნიშანი.
- სხეულის აღქმის პრობლემები: დაბალი თვითშეფასება და სხეულის აღქმის გაუარესება ,განსაკუთრებით რეპროდუქციული ასაკის პაციენტებში, ვისთვისაც შვილოსნობა მნიშვნელოვანი იყო , ასევე ხშირია ქალურობის დაკარგვის შეგრძნება ჰისტერექტომიის შემდეგ.
საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობით გამოწვეული ტოქსიურობა და პრობლემა „სამმაგი მორბიდობა“ შესაძლოა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი , დაავადების ზუსტი სტადირებით , რაც განსაზღვრავს მკურნალობის საუკეთესო მეთოდს .
დაავადების დიაგნოსტირების შემდგომ პაციენტის განკურნება მთავარი მიზანია — მაგრამ სიცოცხლის ხარისხის შენარჩუნება წარმატებული მკურნალობის საზომია.
ავტორი: ელიზა ახვლედიანი, მედიცინის დოქტორი (MD) , კლინიკური ონკოლოგი, კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტი

