საქართველოში ულტრაბგერითი განათლების სფეროში მნიშვნელოვანი ისტორიული ნაბიჯი გადაიდგა. ISUOG (International Society of Ultrasound in Obstetrics and Gynecology) — მსოფლიოში წამყვანი საერთაშორისო პროფესიული და საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც 1991 წლიდან აერთიანებს მეანობა-გინეკოლოგიური ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის ექსპერტებს და მაღალი ხარისხის განათლებას, კვლევასა და საერთაშორისო სტანდარტებს ავითარებს მსოფლიოს 140-ზე მეტ ქვეყანაში, პირველად საქართველოში აღიარებს და ამტკიცებს სასწავლო პროგრამას.
ISUOG-ის მიერ ოფიციალურად დამტკიცდა კურსი „პრენატალური ულტრაბგერა კლინიკურ პრაქტიკაში“, რომლის ავტორი და ხელმძღვანელია ფიქრია რეხვიაშვილი — ექიმი რადიოლოგი, მედიცინის დოქტორი, ულტრასაუნდ აკადემიის ასოციაციის პრეზიდენტი. ეს აღიარება ადასტურებს, რომ კურსი სრულად შეესაბამება საერთაშორისო საგანმანათლებლო და პროფესიულ სტანდარტებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან მიღწევას როგორც ულტრასაუნდ აკადემიის ასოციაციისთვის, ისე საქართველოს სამედიცინო საზოგადოებისთვის.
თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ხელს შეუწყობს საერთაშორისო გამოცდილების, თანამედროვე ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ქართველი სპეციალისტებისთვის.
აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით, 31 ოქტომბერს გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ISUOG-ის წარმომადგენლები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ამბასადორები, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის სფეროს საერთაშორისო ექსპერტები და საქართველოს სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები.
ეს არის შესაძლებლობა, საქართველო კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს მსოფლიო სამედიცინო საგანმანათლებლო სივრცეში და გაიზიაროს უახლესი მიღწევები ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის სფეროში. ულტრასაუნდ აკადემიის ასოციაცია პირველია საქართველოში საერთაშორისო აღიარებით.

ღონისძიება: საერთაშორისო კონფერენცია: „პრენატალური ულტრაბგერა კლინიკურ პრაქტიკაში“
თარიღი: 31 ოქტომბერი
მისამართი: საქართველო, თბილისი, სასტუმრო „ბილტმორი“

