პანკრეასის კიბო თანამედროვე ონკოლოგიის ერთ-ერთ ყველაზე რთულად სამკურნალო დაავადებად რჩება. დაავადების მიმდინარეობისას მთავარი პრობლემა მხოლოდ სიმსივნე არ არის, კიბოს უჯრედები გარშემო იქმნიან მკვრივ დამცავ გარემოს, რომელიც ხელს უშლის როგორც ქიმიოთერაპიის, ისე იმუნური სისტემის ეფექტურ მოქმედებას. სწორედ ამ “დამცავი ფარის” შესუსტებაზეა ორიენტირებული ახალი კვლევა, რომელიც მეცნიერებმა 2026 წლის მაისში გამოაქვეყნეს და რომელმაც ონკოლოგიურ საზოგადოებაში D ვიტამინის მნიშვნელობას დიდი ყურადღება მიაპყრო.
კვლევა მეტასტაზური პანკრეასის კიბოს მქონე პაციენტებში ჩატარდა და D ვიტამინის სინთეზურ ანალოგს პარიკალციტოლს ეფუძნებოდა. ეს პრეპარატი სხვა დაავადებების სამკურნალოდ უკვე კარგახანა დამტკიცებულია. მაგრამ მეცნიერებაში ყველთსაა ადგილი ექსპერიმენტებისთის. მეცნიერებმა გადაწყვიტეს შეემოწმებინათ, შეძლებდა თუ არა ის სიმსივნის მიკროგარემოს “გადაპროგრამებას”. კვლევის ფარგლებში პაციენტები სტანდარტულ ქიმიოთერაპიას იღებდნენ, ნაწილს კი დამატებით პარიკალციტოლიც დაენიშნა. მიღებული შედეგების მიხედვით, კომბინირებული მკურნალობა უსაფრთხო აღმოჩნდა და მნიშვნელოვნად შეამცირა იმ ფიბრობლასტების აქტივობა, რომლებიც სიმსივნის დამცავ სტრუქტურას ქმნიან.
მეცნიერების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ პარიკალციტოლის მიმღებ პაციენტებში ქიმიოთერაპიაზე პასუხი უკეთესი იყო. ნაწილობრივმა სიმსივნურმა პასუხმა 42%-ს მიაღწია, მაშინ როცა პლაცებოს ჯგუფში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 9% იყო. საინტერესოა, რომ პაციენტთა კოჰორტაში ერთი წლის შემდგომ არალეტალური შედეგი ხშირად იმ პაციენტებში აღინიშნებოდა, რომლებიც D ვიტამინის ანალოგს იღებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ კვლევა მცირე მასშტაბის იყო და მისი მთავარი მიზანი უსაფრთხოების შეფასება გახლდათ, შედეგებმა მეცნიერებს ოპტიმიზმის საფუძველი მისცა.
კვლევის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი ვიტამინ D-ის რეცეპტორებთან იყო დაკავშირებული. აღმოჩნდა, რომ პაციენტებს, რომელთა სიმსივნურ ქსოვილში ამ რეცეპტორების რაოდენობა მაღალი იყო, მკურნალობაზე უკეთესი პასუხი და უფრო ხანგრძლივი სიცოცხლის ხანგრძლივობა ჰქონდათ. ეს მიანიშნებს, რომ მომავალში შესაძლოა ექიმებმა კონკრეტული ბიომარკერების მიხედვით განსაზღვრონ, ვინ მიიღებს ყველაზე დიდ სარგებელს მსგავსი თერაპიისგან.
იდეა, რომ D ვიტამინის ანალოგები პანკრეასის კიბოს წინააღმდეგ შეიძლება ეფექტური იყოს, ახალი არ არის. ჯერ კიდევ წინა ათწლეულში ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ვიტამინ D-ის გარკვეულ სინთეზურ ფორმებს შეუძლიათ შეანელონ კიბოს უჯრედების ზრდა, შეამცირონ ანთება და დაარღვიონ სიმსივნური გარემო, რომელიც მას აგრესიულობასა და მედიკამენტებისადმი მდგრადობაში ეხმარება. თუმცა დღევანდელი კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს ერთ-ერთი პირველი შემთხვევაა, როდესაც ასეთი მიდგომა რეალურ პაციენტებში გამოცადეს და დადებითი შედეგებიც მიიღეს.
მიუხედავად იმედისმომცემი შედეგებისა, მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს ჯერ საბოლოო გარღვევა არ არის. საჭირო იქნება უფრო ფართომასშტაბიანი კლინიკური კვლევები, რათა დადასტურდეს, შეუძლია თუ არა პარიკალციტოლს რეალურად გააუმჯობესოს პანკრეასის კიბოს მქონე პაციენტების გადარჩენა. თუმცა უკვე დღეს ეს კვლევა აჩვენებს, რომ სიმსივნესთან ბრძოლაში მხოლოდ კიბოს უჯრედების პირდაპირი განადგურება არ არის საკმარისი, ზოგჯერ აუცილებელია იმ გარემოს შეცვლაც, რომელიც კიბოს გადარჩენასა და პროგრესირებაში ეხმარება.

